ვინ გაიზიარებს ზარდიაშვილის ბედს?! - კვირის პალიტრა

ვინ გაიზიარებს ზარდიაშვილის ბედს?!

"ოცნება" საზოგადოებისთვის ნეგატიურ და დაბალი რეიტინგის მქონე წევრებს იშორებს"

"ქართულ ოცნებაში" დაძაბულობამ ისევ იჩინა თავი. სრულიად მოულოდნელად პარტიის ერთ-ერთმა "ხმაურიანმა სახემ", ვანო ზარდიაშვილმა, პარლამენტარის მანდატი დატოვა. როგორც კულუარებში ამბობენ, შესაძლოა, "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ კიდევ რამდენიმე "ნეგატიური" სახე გადამალოს.

რა ხდება მმართველ პარტიაში და ვინ გაიზიარებს ვანო ზარდიაშვილის ბედს, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გვესაუბრა.

- გახარიას გაპრემიერების შემდგომ პარტიაში არსებულ ჯგუფებში დაპირისპირება მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახერხებდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნებას, დღეს კი ეს შეუძლებელია, მით უფრო, რომ ახლოვდება არჩევნები. "ოცნება" არასდროს ყოფილა მონოლითური პარტია, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი ყოველთვის არსებობდა და დღეს დაპირისპირება გამწვავდა. სიაში ყველა თავის ადგილს ეძებს.

- ამჟამად ე.წ. გახარიას ჯგუფი ვის უპირისპირდება? - კახა კალაძე გამოკვეთილი ლიდერია. მას როგორც მოსახლეობაში, ისე პარტიაში მაღალი რეიტინგი აქვს და ეს გახარიას აღიზიანებს.

- პარტიის სხვა ლიდერები, მაგალითად, თალაკვაძე და კობახიძე, ვის გუნდში მოიაზრებიან მას შემდეგ, რაც კობახიძის გუნდი დაიშალა? - თალაკვაძე ცდილობს ღირსეულად გამოიყურებოდეს შექმნილ ვითარებაში. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. დაძაბულობა გარედანაც ჩანს. აგერ, უცებ ისეთი დეპუტატები მიდიან, რომ ამის პროგნოზი თითქმის შეუძლებელი იყო.

- რა მოხდა ზარდიაშვილთან დაკავშირებით? - ვანო ზარდიაშვილი არასდროს მალავდა თავის კავშირებს სასამართლოს კლანთან. მისი ყველა ქმედება გუნდში იყო შეთანხმებული. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მე ამას საარჩევნო პროცესს ვუკავშირებ - "ოცნება" საზოგადოებისთვის ნეგატიურ და დაბალი რეიტინგის მქონე წევრებს იშორებს. ვფიქრობ, გაუგებრობაა ზარდიაშვილსა და "ოცნების" ხელმძღვანელობას შორისაც.

- ხელმძღვანელობაში ივანიშვილს გულისხმობთ თუ გახარიას? - არა მგონია, ეს ბიძინა ივანიშვილის დონემდე ადიოდეს. გაუგებრობების საკითხი უფრო დაბალ დონეს გულისხმობს.

- თქვენი აზრით, ზარდიაშვილის შემდეგ ვის "გადამალავს" ოცნება? - რა მნიშვნელობა აქვს, 2-3 წევრით ნაკლები დარჩება თუ მეტი. ისინი იბრძვიან საკუთარი ძალაუფლებისთვის, რომ ივანიშვილის კარზე გავლენა მოიპოვონ, ამასობაში კი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები ქვეყანაზე აისახება. დღეს ხელისუფლებას სინამდვილეში "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" მართავენ. "ოცნებამ" სრულიად შეითვისა "ნაცმოძრაობის" მმართველობითი სისტემები, სრულად გადმოიბარა სააკაშვილის და ადეიშვილის მოსამართლები.

- თქვენი ინფორმაციით, ივანიშვილის კარზე გავლენით გახარია უფრო სარგებლობს თუ კალაძე? - ვერ გეტყვით. თუმცა გახარიამ იმდენად შეილახა რეპუტაცია 20 ივნისის მოვლენებით, რომ ის კალაძესთან ნამდვილად წაგებულია.

- ივანიშვილმა გახარია სწორედ 20 ივნისის მოვლენების მერე დააწინაურა. - გახარია 20 ივნისის შემდეგ რომ გადამდგარიყო, დალოდებოდა გამოძიებას და თუ პრემიერობა სურდა, მერე დაძრულიყო ეს პროცესი, უფრო მოგებული დარჩებოდა. ახლა ის არის პრემიერი, რომელმაც იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ივანიშვილს მისი გათავისუფლება, ამიტომ ის გაცილებით მოწყვლადია. კალაძე კი ძალიან საქმიანად გამოიყურება და ცდილობს ქალაქისთვის რაღაც ღირებული გააკეთოს.

- მაშინ რატომ დანიშნა ივანიშვილმა პრემიერად გახარია? - სწორედ იმიტომ, რომ თუკი წინასაარჩევნოდ დაინახავს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ექნება გადასადგმელი, არც გახარიას მოხსნის მოერიდება. პირიქით, მისი გაშვება უფრო ადვილი იქნება.