ალეკო ელისაშვილი: "ვრჩები ჩემს აზრზე - ბესელია პატიმრებით ვაჭრობდა"
ალეკო ელისაშვილი: "ვრჩები ჩემს აზრზე - ბესელია პატიმრებით ვაჭრობდა"
ფოტო:ალეკო ელისაშვილი
უზენაესმა სასამართლომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერ ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას სამართლებრივ დავაზე გადაწყვეტილება მიიღო - ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ძალაშია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწ­ყვეტილება, რომლითაც მას 1000 ლარის გადახდა და ცილისმწამებლური ინფო­რმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა­ მეორე ინსტანციაშიც. სამართლებრივი დავა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეკა ბესელიამ 2015 წლის 22 დეკემბერს ტელეეთერით გამოთქმული ბრალდების პასუხად დაიწყო - მაშინ ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეკა
ბესელია და პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ, ფულს იღებდნენ. "კვირის პალიტრა" ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

- არ მაინტერესებს, ივანიშვილის ყურმოჭრილმა სასამართლომ რა გადაწყვიტა. განჩინებას ვნახავ და სტრასბურგში გავასაჩივრებ. ვრჩები ჩემს აზრზე - ბესელია პატიმრებით ვაჭრობდა.

- რატომ ვერ შეძელით ამის დამტკიცება სასამართლოს სამივე ინსტანციაში?
- საკასაციო სასამართლომ ეს საქმე არც განიხილა, მთავარი იყო სააპელაციოს გადაწყვეტილება, იქ კი მოსამართლე ნატა ნაზღაიძე იყო, მისი ძმა საკრებულოში არაერთხელ გამიკრიტიკებია. სხდომათა დარბაზში რომ შევედი, ვიღაც ისე მიყურებდა, როგორც ლენინი ბურჟუაზიას, და რომ წავიკითხე, ნატა ნაზღაიძე აღმოჩნდა. უკვე გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანდა.

- სასამართლოს გადაწყვეტილებით დაგევალათ ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა...
- არაფრის უარყოფას არ ვაპირებ.

- შეწყალების სკანდალში ქვეყნის პრეზიდენტიც გაეხვია. თქვენი აზრით, ვინ დაუშვა მთავარი შეცდომა?
- სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გააუქმა შეწყალების კომისია და ახალი არ დააკომპლექტა. როდესაც ასეთ სარეკო­მენდაციო ორგანოს აუქმებ, ჰაერში გამოკიდებული რჩება ის კრიტერიუმები, რითაც ხელმძღვანელობდა კომისია. ზურაბიშვილმა შეწყალების პროცესი ინსტიტუციურად დაანგრია. მთავარია, პრეზიდენტის მაგიდამდე როგორ მიდის საქმეები. როგორც უპატრონო ეკლესიას დაეპატრონება ეშმაკი, ისე შეწყალების საქმეს კორუმპირებული პირები დაეპატრონენ...

ზურაბიშვილმა ამაში ფული აიღო თუ არა, არ ვიცი, მისი მთავარი დანაშაულია, რომ გააუქმა შეწყალების კომისია და ახალი არ დააკომპლექტა. აღმაშფოთებელია, რომ ამბობს, კრიტერიუმებია დასახვეწიო. დახვეწილიც არის და გადახვეწილიც. იმ ადამიანების შრომას წყალში ნუ ყრის, რომლებმაც თავი დავდეთ კრიტერიუმების გაჯანსაღებაზე.

პროკურატურაში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც კარგად იძიებენ საქმეს, უბრალოდ, მერე პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული ბოლომდე მიიყვანენ თუ არა - ანუ ივანიშვილი გადაწყვეტს თუ არა სალომე ზურაბიშვილის დასჯას.
საინტერესოა ზურაბიშვილის ის განცხადებაც, როცა თქვა, გინდა მომკალით, მაინც არ ვიტყვი, ხელი რატომ მოვაწერეო. სხვათა შორის, ჩუგოშვილმა და წულუკიანმა განაცხადეს, მაგას დედოფალი ხომ არ ჰგონია თავი, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, რაც ჩაიდინა, უნდა განგვიმარტოსო.

ორი კითხვა მაქვს: შეწყალების კომისია რომ გააუქმა, რატომ აღარ დააკომპლექტა? და მეორე - რატომ მოაწერა ხელი პედოფილის, ყაჩაღებისა და ნარკორეალიზატორების გათავისუფლებას? "ოცნებაში" ცალსახა პოზიცია არ არის ზურაბიშვილის დასაცავად. ისე უტევენ, როგორც ჩანს, ზურაბიშვილის თავზე ღრუბლები შეიყარა.