"დავითგარეჯა გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ინტერესი" - კვირის პალიტრა

"დავითგარეჯა გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ინტერესი"

11 ოქტომბერს დავითგარეჯა მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნა, თუმცა მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, სასულიერო პირები უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში უმრევლოდ არ ავლენ. შეგახსენებთ, რომ ამას წინ უსწრებდა გიორგი გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში. რა სტრატეგიით უნდა იმოქმედოს საქართველომ და როგორ უნდა გადაწყვიტოს დავითგარეჯის პრობლემა, ამ საკითხებზე"გიორგი მარგველაშვილის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.

- დავითგარეჯის საკითხის მოსაგვარებლად ბოლო წლებში პირველი სწორი ნაბიჯი გადაიდგა - ვგულისხმობ ჩვენი პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას.

- თქვენი აზრით, რამე გარიგება დაიდო მათ შორის? - ეს იმ კატეგორიის საკითხია, რომელზეც გარიგება არ ხდება. მოლაპარაკება მიმდინარეობს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, რაც სწორია.

- წლების განმავლობაში რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხის გადაჭრა? - აზერბაიჯანელები არ უარყოფენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ, იმავდროულად, ამბობენ, რომ ეს არის ალბანური კულტურის კვალი, რაც თანამედროვე აზერბაიჯანის იდენტობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორი ანალიზით და ცივი გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ლაპარაკია იმ მონაკვეთზე, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობით დაგვრჩა როგორც სადავო ტერიტორია. არსებული კარტოგრაფიული მონაცემები ხშირად ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამიტომ სპეციალისტებს უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა და არ დავუშვათ პოლიტიკური ესკალაცია.

სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დაძაბვით ბევრი "კეთილისმსურველია" დაინტერესებული, ხშირია პროვოკაციული თემების შემოგდება. თუ გადავხედავთ, როგორი ტექსტები იბეჭდებოდა რუსულენოვან პრესაში აზერბაიჯანსა და შემდეგ რუსეთში, დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს ერთი კაცის თუ არა, ერთ ოთახში მაინც არის დაწერილი. რუსეთი შეეცდება განხეთქილების შემოტანას.

- ანუ რუსეთმა შეიძლება საქართველოშიც მოაწყოს პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ? - რა თქმა უნდა. სწორედ ამის მცდელობა იყო დავითგარეჯის საკითხში პატრიოტული მოტივებით თამაში და თემის წამოწევა, რომ ჩვენს მიწას გვართმევენ, მეორე მხრივ, იმავეს გაღვივება აზერბაიჯანში, რომ საქართველო ისტორიულ მემკვიდრეობას ართმევს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ასევე აზერბაიჯანში ბევრი ქართველი, პროვოკაციის ალბათობა დიდია. მადლობა ღმერთს, ორივე მხარეს ეყო პოლიტიკური გონება, რომ ამისთვის სწორად შეეხედა.

- ვითარების დაძაბვას წინ უსწრებდა სალოემე ზურაბიშილის ვიზიტი აზერბაიჯანში და მისი განცხადება საზღვრის პრობლემის შესახებ. - არის თემები, რომლებიც დეტალურად შესასწავლია, ოღონდ საჯაროდ. როგორც კი ჩვენს ურთიერთობას ვაჭრობაში გადავიყვანთ, ჩვენ რა ბერკეტი გამოვიყენოთ ან მათ რა, მაშIინვე ორივე მხარე წაგებული აღმოჩნდება. საკითხი შეიძლება გადავჭრათ მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ ორივე დარჩეს მოგებული.

- ფაქტია, აზერბაიჯანმა დავითგარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. - არ დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანისთვის ეს სასაზღვრო ტერიტორიაა. საქართველოსა და აზერბაიჯანს უვიზო რეჟიმი აქვთ, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნების ნაწილთან, ვისთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს. შესაბამისად, დავითგარეჯიდან თავისუფლად შეიძლება აზერბაიჯანში გადასვლა.

- არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაში უმრევლოდ შესვლაზე უარს ამბობს. - დავითგარეჯა არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლების თუ პარტიის ინტერესი. ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ - ხელისუფლებამ, მისმა მოწინააღმდეგეებმა თუ სასულიერო პირებმა - და ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ვართ. რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე. საქართველო აზერბაიჯანში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ამიტომ ეს კავშირები გამოვიყენოთ და მგრძნობიარე საკითხი მშვიდად გადავწყვიტოთ. ილია II-საც უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს. ჩვენ ბევრი რესურსი გვაქვს. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ და არავის მივცეთ ვითარების არევის საშუალება. აზერბაიჯანი ვერ იქნება წარმატებული სახელმწიფო საქართველოს გარეშე და საქართველო ვერ იქნება წარმატებული აზერბაიჯანის მხარდაჭერის გარეშე.