"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო­ კოცნა" - კვირის პალიტრა

"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო­ კოცნა"

რატომ გაეხვია "ოცნების" დეპუტატი სკანდალში

"საზოგადოება მაბულინგებს, როგორ ვბედავ და ვიცავ ჯიშკარიანს. ჩემზე ქალთა უფლებადამცველები ღიად ძალადობენ. მათ მოგვიანებით გავცემ პასუხს. უფრო მაძლიერებს ეს მუქარები. სიმართლეს ბოლომდე გავიტან", - ამბობს ძალადობაში ბრალდებული ისნის რაიონის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი დასაცავი პირი არათუ მოძალადე, პირიქით, ძალადობის მსხვერპლია.

ილია ჯიშკარიანს საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. "ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა.…უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი. ვუთხარი, ბატონო ილია, ვიღებ-მეთქი და ამ დროს ძირს დამაგდო, დამიწყო ცემა, ტელეფონი დამიმტვრია. როგორ გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს. ისეთ ისტერიკაში ვიყავი, თავად გამოვიძახე სასწრაფო", - ამბობს საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე.

სამართალდამცველებმა ჯიშკარიანის ოფისში იმავე დღეს ჩაატარეს ჩხრეკა. ამოღებულია ინციდენტის დროს დამტვრეული კომპიუტერი და პრინტერი. რაც შეეხება დეპუტატს, ის კლინიკაში გულის იშემიური დაავადების დიაგნოზით მოათავსეს. პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ ცნო, ხოლო ჯიშკარიანს სექსუალური ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა. პროკურატურამ მას აღკვეთის ღონისძიებად 10.000-ლარიანი გირაო შეუფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აუკრძალა.

თამარ ლუკავა, თამთა თოდაძის ადვოკატი: - პროკურატურამ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოთხოვნა. ფეიქრიშვილი, ჯიშკარიანის ახლობელი, თამთას დედასთან ორჯერ მივიდა და სთხოვა, არ გახმაურებულიყო ეს საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ იყო ზემოქმედების მცდელობა დაზარალებულსა და მის ოჯახზე. ფეიქრიშვილს ისეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც მარტო ჯიშკარიანმა და თოდაძემ იცოდნენ. საიდან, თუ არა ჯიშკარიანისგან? ამასთან, ფეიქრიშვილს არა აქვს თამთას ოჯახთან ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ მსგავსი მოლაპარაკება საკუთარი ინიციატივით ეწარმოებინა. რა თქმა უნდა, არ იტყვის, რომ ეს დაავალეს, რადგან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრება.

- ჯიშკარიანისა და მისი ადვოკატის თქმმით, თამთამ ატეხა დებოში, დალეწა ინვენტარი, მიიყენა თვითდაზიანება, შემდეგ კი იჩივლა. ითქვა ისიც, რომ ნასვამმა თამთამ დეპუტატს ძალადობის ინსცენირება მოუწყო... - თამთამ თუ იძალადა და დალეწა ინვენტარი, ჯიშკარიანმა რატომ არ დარეკა პოლიციაში და ნაცვლად ამისა, რატომ დაურეკა თანამშრომლებს? ის თვითონ ამბობს ჩვენებაში, რომ ერთ-ერთს დაურეკა და უთხრა, რაღაც მოხდა, ტელეფონში ვერ გეტყვი და ახლავე ოფისში მოდიო. მას თანამშრომლები მიჰყავს და ერთად ალაგებენ ოფისს. რომელი უდანაშაულო ადამიანი ალაგებს დანაშაულის ადგილს, მით უმეტეს მაშინ, როცა მას ემუქრებიან? ჯიშკარიანმა თვითონ თქვა, თამთა გასვლისას დამემუქრაო. ჯერ თქვა, თამთა წაიქცა, ნამსხვრევებზე დაეცაო, მერე თქვა, გარბოდა და შეიძლება ქუჩაში წაიქცაო. თამთა ნამსხვრევებზე რომ დაცემულიყო, აუცილებლად ექნებოდა ჭრილობები ფეხის არეში. თამთას ფეხი აქვს დალურჯებული, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგია. ჯიშკარიანი ამბობს, იქნებ ქუჩაში წაიქცაო, იქ არის ვიდეოკამერები და არსად ჩანს, რომ წაიქცა.

- მეორე მხარეს აქვს კითხვა, რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა იმავე დღეს და არ ჩაუტარდა თოდაძეს ალკოტესტზე შემოწმება? - იმავე საღამოს ეს ვერ მოესწრებოდა, რადგან გამოიკითხა დაზარალებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ღამის 3 საათზე დაიწყეს და გამთენიისას დაასრულეს. თოდაძე 1-ლ ოქტომბერს წაიყვანეს ექსპერტიზაზე. თამთას თავიდანვე ჰქონდა მოთხოვნა, გაეკეთებინათ ალკოტესტი, რადგან იცნობდა ჯიშკარიანს და იცოდა, რომ ათას რამეს დააბრალებდა, მაგრამ არ გაუკეთეს და ამას არსებითი მნიშვნელობა მაინც არა აქვს.

- რატომ? - სასწრაფო დახმარების ექიმები არ მიუთითებენ თამთას ნასვამობას და უგონო მდგომარეობას. უგონო მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, იმდენ მედიკამენტებს ვერ მისცემდნენ. იქ იყვნენ საპატრულოს თანამშრომლებიც და მოწმეები არიან, რა სახის დაზიანებები ჰქონდა თამთას.

- გენეტიკური მასალის კვლევა თუ ჩატარდა თოდაძისა და ჯიშკარიანის ტანსაცმელზე? - ამოღებულია თამთას კაბა, ჯიშკარიანის ტანსაცმელი კი 6 დღის შემდეგ ამოიღო პროკურატურამ. მეეჭვება, ამ ტანსაცმლიდან რაიმე კვალი ამოვიდეს, ვინაიდან პოლიციამ ჯიშკარიანს მთელი 6 დღე მისცა, რათა ტანსაცმელი გაესუფთავებინა, ისევე, როგორც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს 9 საათის შემდეგ.

მარიამ კუბლაშვილი, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი: - პროკურატურამ თოდაძის ხელზე ნახა ლოკალური დაზიანება, მის ჩვენებას დაეყრდნო და წავიდა რისკზე. ჯიშკარიანს რომ არ ჰქონოდა დეპუტატის სტატუსი და არ ყოფილიყო სახელისუფლებო გუნდიდან, შესაძლოა ბრალი არც წაეყენებინათ. იმხელა აჟიოტაჟი ატყდა, უფრო დაზარალდა ეს ადამიანი.

თოდაძის ჩვენება წინააღმდეგობრივია - ამბობს, ხელზე ლოკალური დაზიანება ტელეფონის წართმევისას მივიღე, ამის მერე დამაგდო ძირს და მცემაო. იატაკზე ფილებია. წარმოიდგინეთ, მამაკაცი ძირს აგდებს, მთელი ძალით ურტყამს წიხლებს და როგორც თოდაძე ჩვენებაში აღწერს, აუტანელ ტკივილს განიცდის და არა აქვს შეშუპებები და სისხლჩაქცევები. ექსპერტიზის დასკვნით, ეს არ დასტურდება! თამთას მხოლოდ მუხლზე აქვს სილურჯე. თამთა ნასვამი იყო, გასვლისას თავისი მაგიდიდან გადაყარა ნივთები, რასაც თავად წერს ჩვენებაში, მერე დაეცა და დაშავდა. ილია ცდილობდა აეყენებინა, გოგონა კი ხელებს ურტყამდა სახეში.

- გოგონა ამბობს, რომ ხელი ტელეფონის წართმევის დროს დაუზიანდა. რატომ ართმევდა ტელეფონს ილია ჯიშკარიანი? - ეს სიცრუეა. იმ ტელეფონში, ალბათ, მნიშვნელოვანი მიმოწერები ჰქონდა. სავარაუდოდ, თამთამ თვითონ გადააგდო მაგიდიდან, მერე აიღო და თან წაიღო...

- თუ ქალმა ასეთი დებოში მოაწყო, რატომ მიალაგეს დანაშაულის ადგილი ან რატომ არ დარეკა პოლიციაში ჯიშკარიანმა, მით უმეტეს, თუ თოდაძე გასვლისას დაემუქრა? - ილიამ დაურეკა თანამშრომლებს და ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. უთხრა, მირჩიეთ რამე, არ ვიცი, რა გავაკეთოო. თოდაძემ ერთი პრინტერი გატეხა და რა უნდა ექნა დეპუტატს, დაერეკა, ეჩივლა და დაეჭერინებინა? რომ სცოდნოდა, უჩივლებდა, თვითონ დააყენებდა პოლიციას.

- როგორც თქვენ ამბობთ, გოგონა ამხელა კაცს უყვიროდა და პრეტენზიებს უყენებდა. საინტერესოა, რა ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ასეთი რამ გაბედა? - არჩევნების პერიოდში თამთა სხვა ახალგაზრდებთან ერთად გვერდში ედგა ბატონ ილიას, სულ შტაბში იყო და თავდაუზოგავად მუშაობდა. ბატონი ილია მას ხელფასს ვერ გაუზრდიდა, ფიზიკურად ვერ შეძლებდა (თამთას 570 ლარი ჰქონდა ხელფასი). ჯიშკარიანმა ეს თანხა ისე მისცა, რომ მის შორეულ ნათესავს, მეორე სპეციალისტს დააკლო. თამთას მერიაში უნდოდა დასაქმება და ჯერ კიდევ აგვისტოში უსაყვედურა, რომ მოგენდომებინა, სამსახურს გამიკეთებდიო. ეს გოგო სამსახურს ეძებდა და პოლიტიკურ შტაბებშიც ინტენსიურად დადიოდა გასაუბრებაზე. ერთ-ერთ პარტიაში უთქვამთ, შენ ისეთი კადრი ხარ, პოლიტიკურ არენაზე უნდა გამოჩნდე, გარანტიას გაძლევთ, მალე პარლამენტის ტრიბუნაზე იქნებიო. ამას ჰყვება მისი უახლოესი მეგობარი, რომელმაც ილიასთან გაუწია რეკომენდაცია. მან ისიც თქვა, თამთას ბევრჯერ მიუყენებია ბატონი ილიასთვის შეურაცხყოფა და მერე ბოდიში მოუხდიაო. თურმე როცა სვამდა, არაადეკვატური იყო და მერე აღარ ახსოვდა, როგორ იქცეოდა.

- ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი პირიქით, ჯიშკარიანზე ამბობს, საკრებულოში მთვრალი მოდიოდა, უსტვენდა და ჩხუბობდაო. - ალეკო ელისაშვილს სახელისუფლებო რგოლიდან საკრებულოში ვინმე მთვრალი რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, ლაივს ჩართავდა და ამ ფაქტს არ გამოტოვებდა.

- მამუკა ფეიქრიშვილი არ მიუგზავნია ჯიშკარიანს თოდაძის ოჯახში მოსარიგებლად? - ფეიქრიშვილი თამთას მეზობელია. როცა ეზოში პატრული დაინახა, ვითარების გასარკვევად მივიდა თამთას დედასთან. შემდეგ წავიდა ილიასთან და გაიგო ამბის არსი, ძალიან შეწუხდა და თამთას დედას ურჩია, დავა დაემთავრებინათ. ჩვენებაშიც ამბობს, ჩემი ინიციატივით მივედიო.

- მაყურებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ ტელეეთერში ილია ჯიშკარიანი თვალთმაქცობდა, როცა მწოლიარე იძლეოდა ინტერვიუს მაშინ, როცა წინადღეს და პროცესზეც კარგად გამოიყურებოდა, არც დამჯდარა. - დავრდომილი და ნაოპერაციები კი არ არის?! როცა სატელევიზიო გადაცემა მოახლოვდა, წნევამ აუწია და მითხრა, მოდი, ჩაწერა გადავდოთო. მე უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, რადგან ტელევიზიას შევპირდი და მთელი დღე გადიოდა ანონსი, რომ ჯიშკარიანი ეთერში ჩაერთვებოდა. საავადმყოფოს დირექცია წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე ვთხოვე ბატონ ილიას, ძალა მოეკრიბა. არ ვიცი, როგორ მოაგვარა გადაცემის პროდიუსერმა, დარეკა და მოახერხა მისი ჩართვა. ჩვენ არ გვინდოდა, ილიას მწოლიარეს ელაპარაკა.

- ამბობთ, რომ გაქვთ მტკიცებულებები. - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ილია უდანაშაულოა. ეს კაცი მსხვერპლია და სამარცხვინო ბრალდებით რატომ უნდა გასამართლდეს? მინდა წარმოვაჩინო ბევრი ნიუანსი, შეეძლო თუ არა გაეკეთებინა ეს, ანალოგიური რამ თუ გაუკეთებია სხვა დროს... მსხვერპლი დღეს მეც ვარ. საზოგადოება მაბულინგებს, როგორ ვბედავ და ვიცავ მამაკაცს. ჩემი თავგანწირვით ამ საქმეს და სიმართლეს ბოლომდე გავიტან. თურმე ქალმა ადვოკატმა მამაკაცი არ უნდა დაიცვას - ამ მითს დავანგრევ! რას აღარ წერენ ჩემზე და ჩემს პირად ცხოვრებაზე, ეს უკვე მეტისმეტია, ნურავის ეწყინება და მომიწევს ბევრი რამის გამოაშკარავება. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს და ყველა პროვოკატორი უნდა იქნეს მხილებული, რათა მათ არ მიეცეთ საშუალება, ხვალ სხვა გააუბედურონ. გენდერული თანასწორობა გულისხმობს ორივე მხარის თანასწორობას - ქალისაც და მამაკაცისაც.

- თქვენი პროფესიული მოვალეობის მესმის - კლიენტის უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოთ, თუმცა გამოითქვა საყვედური, რომ ამას სხვების დისკრედიტაციის ხარჯზე აკეთებთ და ეხებით ისეთ ფაქტებს, რაც საქმესთან არ არის კავშირში, მაგალითად, თამთას დედის საქმეს... - მაშინ ნუ მაიძულებენ ვილაპარაკო. იძულებული ვარ ვთქვა, რომ თამთა იყო ნასვამი და მოვყვე, რაც ჩაიდინა. როგორ არა აქვს ამ საქმესთან კავშირი ძველ საქმეს, როცა მას მსგავსი რამ აქვს გაკეთებული და მერე თქვა, ბოდიში, არ მინდოდა ჩივილიო? ეს ინციდენტი ბინაში მოხდა და ამ საქმეზე 4 მოწმე არსებობს. ისინი თავად დამიკავშირდნენ. მე დამოუკიდებლად ვატარებ გამოძიებას და ბოდიში, თუ ამ ადამიანის საქმეებით დავინტერესდი. რა შუაშია დისკრედიტაცია? არ უნდათ დედამისის წარსულის გამოაშკარავება, იქნებ მეტიც ვიცი და არ ვლაპარაკობ? რაც ოფიციალურად ვიცი, ამ ქალს ბრალი ჰქონდა წარდგენილი თაღლითობაში, რატომ ისარგებლა შეღავათებით, საპროცესოთი, როცა ციხეში უნდა იჯდეს?! მე ილიასი უფრო მჯერა, ვიდრე სხვადასხვა ისტორიაში მხილებული პირებისა.