"მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას ვინატრე, ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა - მეთქი" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას ვინატრე, ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა - მეთქი"

ხმაურიანად მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა პარლამენტში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა გენერალური პროკურორისა და ამჟამად უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თადუმაძის იურისტის დიპლომის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ყალბია. ამ საკითხზ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორც ყოველთვის, ჩვენთან პოლიტიკაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საბოლოოდ მასხარაობად და კინკლაობად გადაიქცევა ჩვენი "დიადი" პოლიტიკოსების წყალობით. ამჯერადაც ასე მოხდა - სანახაობად გადაიქცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაც.

საქმე ის არის, რომ ამ ორ პოლიტიკურ პარტიას - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მსჯელობა ნებისმიერ, მათ შორის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც, ურთიერთანგარიშსწორებით მიმდინარეობს. ნაცვლად იმისა, გულდასმით მოუსმინონ კანდიდატებს, დაუსვან საგნობრივი კითხვები, პასუხებიც მიიღონ და საბოლოოდ შეარჩიონ საუკეთესოები, სამარცხვინო პროცესი მივიღეთ. ვნახოთ, როგორ ჩაივლის კენჭისყრა, ვის და როგორ მისცემენ ხმას. თუმცა ამ ყველაფრის მეორე მხარეა ის, რომ მოსამართლეობის კანდიდატები ნამდვილად არ ბრწყინავენ. მათი ნაწილის მოსმენის შემდგომ გულწრფელად ვინატრე, ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა და ამათ ხელში ჩავარდნა-მეთქი.

მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ჰოდა, ამ მოსამართლეების შემყურე ვხვდები, რომ უარესი და უარესი არ ილევა. ცხადად ჩანს გაუნათლებლობის პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, დედაენა არ იციან. ადრე, ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს, უზენაეს სასამართლოში იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც რომის სამართალს ლათინურად აბარებდნენ, ახლა კი ვნახეთ, რა დიპლომები აქვს ხალხს.

მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებისა და ანგარიშსწორებისა, უპირველესად გაუნათლებლობის პრობლემა გვიდგას და არა მარტო სასამართლო სისტემაში. ეს მთელი ერისა და ქვეყნის პრობლემაა. რას ვიზამთ - ხელისუფლებაში ის თაობა მოვიდა, ვისაც უმძიმეს 90-იან წლებში მართლაც ორღობის უნივერსიტეტებში უწევდა დიპლომის აღება, ვის რა გზით, ეს სხვა საკითხია.

ვიმეორებ, ეს პრობლემა ყველა სფეროშია. რა, პოლიტიკაში არ არიან არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები, ან რომელიმე სხვა სისტემაში?

ერთია, რომ პრობლემაა, ვთქვათ, ადამიანის, რომელიც გენერალური პროკურორია და ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა უნდა, დიპლომის ხარისხი, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ადამიანის შეურაცხყოფა, სრულიად უსაგნო კითხვების დასმა და მისი ამგვარად დამცირება. რა თქმა უნდა, კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ზრდილობიანად. არ ესმით ერთი რამ - როცა ადამიანს შეურაცხყოფ, ამით უპირველესად საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას.

...

ისე, მთლად უიმედოდ შეიძლება არც არის საქმე. ამ ცოტა ხნის წინ გავიცანი ახალგაზრდა იურისტები, მათ შორის მოსამართლეებიც, ადვოკატებიც, ძალიან წესიერი და კარგი ხალხია, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ამინდს ქმნიან ისინი, ვინც კარგა ხანია ამ სისტემაში არიან და პროცესებს წარმართავენ ისე, როგორც თავის დროზე ავტოკრატიულ საზოგადოებაში ხდებოდა - ვიღაცა მიდიოდა რომელიმე სისტემაში, მოკალათდებოდა და მერე აღარავის უშვებდა შიგნით. ზუსტად ასეთივე სისტემა შექმნეს აქაც. ეს ადამიანები, იგივე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები და ა.შ., თავდაცვის მექანიზმით მოქმედებენ. ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, მიშა, ბიძინა თუ კიდევ ვინმე, მუდამ შეეცდებიან საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებასა და საჭირო დროს საჭირო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. ისინი ფიქრობენ არა მართლმსაჯულებაზე, არამედ თავიანთ ადგილზე მართლმსაჯულებაში. ეს არის მთელი ჩვენი მორალი. ხელისუფლებასაც აწყობს იოლად მოპოვებული წარმატება, რაშიც ეს ადამიანები ეხმარებიან.

ჩვენ რომ მართლაც დემოკრატიული საზოგადოება ვიყოთ, ამ თაობას სასამართლო სისტემიდან გავისტუმრებდით...

... თქვენ ასეთ შეურაცხყოფას, რასაც ეს კანდიდატები ამ მოსმენისას ითმენენ პარლამენტში, გაუძლებდით? მე ვერა, აუცილებლად ავდგებოდი და წავიდოდი, ამ ყველაფერზე უარს ვიტყოდი. ისინი კი ითმენენ და იცით, რატომ? - გახდებიან მოსამართლეები, ამ ყველაფერს გადაყლაპავენ, ცხელ შხაპს მიიღებენ და დაივიწყებენ, სამაგიეროდ, იქნებიან უვადო მოსამართლეები, დიდი ხელფასითა და სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული კეთილდღეობით. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. ამ კანდიდატებს შორის შესაძლოა არის რამდენიმე კვალიფიციური იურისტიც, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ რუხი ფერით არის მოცული მოსამართლეთა მთელი კოჰორტა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად