"მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს"
"მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს"
მართლაც სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა, როგორითაც დღეს თვითონ მოქმედებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.

კითხვაზე, სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ითანამშრომლებენ თუ არა მასთან, ბოკერია პასუხობს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად ჩამოცილებას გულისხობს.

"იგივე პირობებზე ვართ, რაც იქამდე გვაქვს ნათქვამი. ივანიშვილის და პრორუსული ძალების ხელისუფლებიდან
მშვიდობიანად ჩამოცილება არის ეროვნული ამოცანა. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ოღონდ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ ოპოზიციის ცენტრში და სხვებს ჩვენი მხარდაჭერა მოუწიოთ, მათ შორის, სააკაშვილის გუნდს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დევნა არ მოხდება,
გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით თვითონ "ევროპული საქართველოს" შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა.

"ჩემს გადასაწყვეტზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის ხედვა, რომელიც აქვს "ევროპულ საქართველოს" და "თავისუფალ დემოკრატებს", თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი პარტიის შიგნითაც დისკუსიაა ამაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, ივანიშვილის სასამართლოთი და ივანიშვილის პროკურატურით პოლიტიკური ოპონენტები არ უნდა გაასამართლო, ხოლო, სამართლიანი სასამართლოს აშენებას და ტრადიციის შექმნას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის თქმა მსურდა. ეს არგუმენტები ჰქონდათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგალითად, პოლონეთმა. რაღაც მომენტში, ერთ წრეზე ტრიალს წერტილი უნდა დაუსვათ. ამას სჭირდება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ. დაუსჯელობა კი არ არის ამოცანა, დაუსჯელობა ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ხალხის მასობრივად დასჯა, იმ სისტემაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, დიდი პრობლემაა", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ამ საკითხთან მიმართებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მისთვის გასაგებია, ხოლო მისი პირადი პოზიცია განსხვავებულია.

"ხაზს ვუსვამ, ჩვენი პარტიის შიგნითაც ამ თემაზე სერიოზული დისკუსია გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმური კამათია, სააკაშვილის სხვა სულელური განცხადებებისგან განსხვავებით, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ჯერ პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა. ამის გარეშე ნებისმიერი დევნა, მათ შორის, იმ ხალხის რომელზეც, ჩემი აზრით, ყველამ იცის: ფარცხალაძე, გახარია, ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დამთავრდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნით, თუ არ გაქვს სასამართლო, რომელიც მათ უფლებებს იცავს.

ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ყველაზე მძიმე დანაშაულებებს: მკვლელობას ან წამებას. ვერ შეეხება, თუ ვინმეს ქონება წაართვეს, მაგრამ მთავრობა არ შეიძლება მასობრივად დევნიდეს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც იქამდე ხელისუფლებაში იყვნენ, როცა სამართლიანი სასამართლო არ გაქვს. ამიტომ, მიიღო პოლონეთმა თავის დროზე ისეთი მძიმე რეჟიმის პირობებშიც კი, როგორიც კომუნისტური რეჟიმი იყო, ეს გადაწყვეტილება. ივანიშვილის რეჟიმზე ჩემი აზრი ყველამ იცით, მაგრამ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმს მე მათ არ ვადარებ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროპული საქართველო" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და "ფეისბუქზე" სტატუსი ასეთი ფორმულირებით დაწერა: - "გამარჯვება "ქოცებზე" და "ევრო - ქოცებზე" მალე საქართველოში".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა