შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას? - რა განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე? - კვირის პალიტრა

შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას? - რა განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე?

15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება.

მისივე თქმით, "შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას".

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულების ვადა დგება დღეს 15 ოქტომბერს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც ყველასთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება როგორც საკუთარი კაპიტალის მოძებნის ნაწილში, ასევე, წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან 400 მილიონ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება. ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება, უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულება არის წარადგინონ საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები, 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში, საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან კონსორციუმის მხრიდან რეკომენდაციის წარმოდგენის ვადა იწურება 2019 წლის 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ხვალ, გაცნობოთ ამ ვალდებულებების ვადების შესრულების თაობაზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილი შეეხო კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ ინვესტორებს და უპასუხა კითხვას, ოფიციალურად რამდენი ინვესტორია წარმოდგენილი.

"ამ ეტაპზე კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად წარმოდგენილია მხოლოდ ორი ინვესტორი. ერთი არის Meridian Capital Limited, ყაზახურ-ჰონგკონგური წარმოშობის კომპანია და მეორე - ჰოლანდიური კომპანია "ვანორდი", რომელიც ასევე არის წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან, როგორც შესაძლო ინვესტორი. სხვა დოკუმენტაცია ან ინვესტორი დღეისთვის წარმოდგენილი ოფიციალური სახით კონსორციუმში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას კიდევ სხვადასხვა საინვესტიციო ფონდთან.

ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ინვესტორები. მოგეხსენებათ, გვყავდა კონსორციუმის შემადგენლობაში მანამდე "კონტი ჯგუფი", რომელიც მნიშვნელოვანი, 42%-იანი წილის მქონე ინვესტორი იყო. შესაბამისად, "კონტი ჯგუფის" ჩანაცვლებაზეც მიმდინარეობს საუბარი. თუმცა, ამას გარდა, როგორც მოგახსენეთ, 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება ხდებოდეს სხვა ინვესტორის შემოყვანითაც, მათ შორის. ამდენად, ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ინვესტორი უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, რისთვისაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულების დადგენილი ვადა, რათა შევისწავლოთ ინვესტორების ვინაობა, მათი რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და მათ შორის, შევისწავლოთ ისიც, თუ "კონტის" ჩანაცვლების შემთხვევაში, თავისი გამოცდილებით თუ ფინანსური მდგომარეობით რამდენად შეესაბამებიან სატენდერო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადა. "ვანორდის" შემთხვევაში ვადა იწურება 21 ოქტომბერს, "მერიდიან კაპიტალის" შემთხვევაში - 29 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, დადგენილი ვადების ფარგლებში საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას", - აღნიშნა მინისტრმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, შემოთავაზებული წინადადებით 120 მილიონი დოლარის, საკუთარი კაპიტალის შევსების შესაძლებლობა ჩანს თუ არა.

"ჯერჯერობით, არ ჩანს. დღეს უნდა მივიღოთ ინფორმაცია, მანამდე მივიღეთ კონსორციუმიდან მომართვა მხოლოდ ამ ინვესტორების დასტურის თაობაზე ანუ, რამდენად იყო თუ არ იყო ეს ინვესტორები მისაღები სახელმწიფოსთვის. თუმცა, ის ვალდებულება, რაც დღეს აქვს შესასრულებელი, გულისხმობს უკვე კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ხელმოწერილ სავალდებულო შეთანხმებებს პროექტში ინვესტიციების ჩადების თაობაზე, რაც დღეს ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე არის ვადა და დაველოდოთ. ჩვენი მხრიდან ინფორმაცია ხვალ იქნება გავრცელებული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"