"იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა" - კვირის პალიტრა

"იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა"

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესაბამის მოწოდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.

"წერილი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ხუთაშაბათს, ეს იყო იურისტების დაწერილი, მის შინაარსს ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში ზუსტად არის აღწერილი, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე იქ არაფერი წერია შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებაში ჩანს რეალური განწყობა, რომ მათ კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ.

"არ ვაპირებთ არაფრის ჩაბარებას დღეს. გუშინ აღვნიშნე და ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით გუშინ იმასთან დაკავშირებით, რომ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომისკენ, მაგრამ დღევანდელი ბრიფინგი ადასტურებს რეალურად, რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ ეს ჩვენი მოწოდება და გადავსულიყავით უფრო კონსტრუქციულ საუბარზე, კიდევ ერთხელ ხდება ძალიან ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის,"- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, "მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე".

გარდა ამისა, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ღია შეხვედრებში დაფიქსირებული პოზიციის განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა დახურულ შეხვედრებზე. სადაც, მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია იყო, რომ ანაკლიის პროექტი არ არის კომერციულად გამართლებული. ახვლედიანმა მაია ცქიტიშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება.

შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ხედავს პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარუდგინა, თუმცა თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ "ანაკლიის კონსორციუმისგან" მიღებული წერილი არ შეიცავს პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებს, რის კონტექსტშიც კონსორციუმს მიმართა, სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროოს.

"ინტერპრესნიუსი"