"ხაზარაძე ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?!"- კახა კალაძე "პროგრესბანკის" საკითხზე - კვირის პალიტრა

"ხაზარაძე ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?!"- კახა კალაძე "პროგრესბანკის" საკითხზე

ბატონი ხაზარაძე გამოდის და ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?! თუ... გაუგებარია, მეცინება ხოლმე. ადამიანს, უბრალოდ, რომ ვუსმენ. დგას და ცდილობს რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა "პროგრესბანკსა" და "ფულის გათეთრებასთან"  დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ასევე, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.

კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას დიდ ტყუილს უწოდებს

"მე ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა.ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდა გამოეყენებინა თავისი ვერშესრულებული ვალდებულებების გადასაფარად და იმ კონკრეტულ ქეისთან მიმართებაში, რასაც პროკურატურა ედავება, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, „პროგრესბანკს“ არანაირი შეხება არ ჰქონია „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით. ვინც ბანკთან მიმართებით ერკვევა და გარკვეული შეხება აქვს, მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბანკს,რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები, ის კომპანიები, ვინც სესხს ვერ ემსახურება ან პირიქით. არ არსებობს ასეთი რამ. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ჩემთვის გაუგებარი იყო. რაც შეეხება ტრანზაქციებს, საუბარი იყო ერთ-ერთ ჰოლდინგზე, BMG ჯგუფზე, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და აუცილებლად მიდიან სასამართლოში იმიტომ, რომ იყო ცრუ, არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ოფშორებში გადარიცხვებს ამას, ყველა ბანკი, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აკეთებს გადარიცხვა-გადმორიცხვებს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ყველაფერი არ არის კანონდარღვევა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხაზარაძე ცრუობს და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ არსებობს.

"იტყუება, არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ყოფილა. 2014 წლიდან (ბანკი) გასხვისებული მქონდა. „პროგრესბანკის“ და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები იყვნენ ვინც ჩართულები იყვნენ ამ გადაფორმების და შესწავლის პროცესში. არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა. ან თუ არის რამე ჩატარებული და ასეთი დოკუმენტი არსებობს, წარმოადგინოს. ახლა ისე, იმ დოკუმენტივით ნუ იზამს, რომ იძახდა, ვიღაცამ გადმომცა დოკუმენტიო. წარმოადგინოს ეს დოკუმენტი და რა თქმა უნდა, ასევე გადასცეს ეროვნულ ბანკს, გავყვეთ თემას", - განცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"