"გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი" - კვირის პალიტრა

"გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი"

წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, -ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დაპირებები არ სრულდება.

"დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ 550 ავტობუსი შემოვა წლის ბოლომდე. სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ვიყავი, დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, ნამდვილად შემოვა თუ არა. ვხედავთ, რომ მთავრობის ყველა სხდომაზე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. 16 ათასი ტაქსი გადაადგილდება თბილისში, მაშინ, როდესაც 32 ათასი ტაქსი იყო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სარგებლობდა ტაქსით და მოუწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა, ამ დროს მეტროში მძიმე მდგომარეობაა. მოგიწოდებთ საკრებულოს დეპუტატებს, ჩავიდეთ მეტროში და გავჩერდეთ 1 საათის განმავლობაში და ვნახოთ რა მდგომარეობაა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გამოსვლის შემდეგ ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის "კომედი შოუს" მსახიობია".

"ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით სიუჟეტებს პარტიულ ტელევიზიაზე, სადაც ხან თხრილში იჯდა ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი და იქედან მონოლოგს ყვებოდა. სხვათაშორის, გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი მესამე ხარისხის, ეს ხარ შენ მეტი არაფერი. ამას შენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ. საზოგადოებას ტყუილში ამყოფებ. არ გაგივა ეს მასხრობები და ვიღაცამ უნდა გითხრას. ჩვეულებრივი "კომედი შოუს" მსახიობი ხარ",- განაცხადა ზარქუამ.