"დღეს რუსეთი თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს" - კვირის პალიტრა

"დღეს რუსეთი თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს"

"რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ უნდა შემუშავდეს შესაბამისი კონტრღონისძიებების მთელი სისტემა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს"

კვლავაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანის კვალდაკვალ, თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" წამოიწყო და ქურთების პოზიციებს შეუტია. მომხდარს აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის უკიდურესი გამწვავება მოჰყვა. "ისტორია დადებითად შეგაფასებთ, თუ სწორად და ჰუმანურად მოიქცევით, მაგრამ თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება, ისტორია შეგაფასებთ, როგორც ეშმაკს. ნუ იქნები მაგარი ბიჭი, ნუ იქნები სულელი!" - ეს არის ამონარიდი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ თურქი კოლეგისადმი მიწერილი წერილიდან, რომლის ტონით კარგად ჩანს დაძაბულობის პიკი, რაც ოდნავ განიმუხტა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თურქეთში ჩასვლის შემდეგ. ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად თურქეთი სირიაში საომარი ოპერაციის შეწყვეტას დასთანხმდა, რათა ქურთთა "თავდაცვის სახალხო რაზმებს" შესაძლებლობა მისცემოდათ, 120 საათის განმავლობაში უსაფრთხო ზონაში გადაენაცვლათ. ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ შექმნილ ვითარებაში მოგებული მხოლოდ მოსკოვი დარჩა და მნიშვნელოვნად იზარალა ვაშინგტონის პოლიტიკამ. ეს რუსეთს, სავარაუდოდ, უფრო გაათამამებს, რის ნიშნადაც, შესაძლოა, მივიჩნიოთ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადება - ნატოს სურვილს, განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთო. ყოველივე ამის გათვალისწინებით ბუნებრივად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე რეგიონში შექმნილმა ვითარებამ, მით უფრო, რომ 19 ოქტომბერს რუსეთმა ცხინვალის რეგიონის არასაოკუპაციო ხაზთან - ამჯერად სოფელ ატოცთან - კვლავ განაახლა ბორდერიზაციის პროცესი? სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- "ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა დაცული იყოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: დღეს სახელმწიფო, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ წყნარად, მშვიდად განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე," - განაცხადა ატოცთან დაწყებულ ბორდერიზაციაზე საუბრისას გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ... რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებაზე, ერთი მხრივ, ზალკალიან-ლავროვის შეხვედრისა და, მეორე მხრივ, მედვედევის განცხადების ჭრილში?

- კარგია, რომ ატოცში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ძალიან სწრაფად იმოქმედა ჩვენმა ხელისუფლებამ - გაავრცელა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისაუბრა ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა, რომლის მყისიერი განცხადება, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგო აღმოჩნდა - რუსეთის მოქმედებები არ შერბილდა.

კარგია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიმართვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს. როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ლამის ყველა ყველას უტევს, ჩვენი პარტნიორებიც სხვა მოცემულობაში არიან. მათი ამოცანაა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შეაჩერონ რუსეთი, თან, თუ ატყობთ, ამ საქმეშიც არა აქვთ ერთი პირი...

რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის გადაჭრის მშვიდობიან გზებს ვერ ვხედავ. ჩვენ მკაცრად გვაქვს არჩეული ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთი, ამიტომაც მისგან დესტრუქციულ მოქმედებებს სულ უნდა ველოდეთ.

დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს, შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ჩვენი პრობლემა იცით, კიდევ რა არის? იმ თემაზეც კი ვერ ვთანხმდებით, რაზეც, წესით, ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს. როგორ შეიძლება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაპირისპირების თემად ვაქციოთ და ყველაფერზე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი?! მაგრამ ასე ვიქცევით...

- იმას გულისხმობთ, გახარიას განცხადებაში მისი ოპონენტების ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნები რომ დაინახა?

- არა მხოლოდ ეს. ჩვენში ხომ პოლიტიკურმა ძალებმა დაამკვიდრეს პრინციპი - რაც უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგემ, არაფერი ვარგა და არაფერი გვინდაო.

- ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ახსენეთ. რას ფიქრობთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც რუსეთი სირიაში ლამის პროცესების მოკარნახედ იქცეს? - გავიხსენოთ, ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტად არჩევისასაც ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და გარკვეულწილად ქადაგებდა მონროს პროგრამისკენ დაბრუნებას, რაც გულისხმობს აშშ-ის აქტივობას ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება სულ სხვა გამოწვევებს წარმოაჩენს. გეოპოლიტიკას ასეთი თვისება აქვს - გამოთავისუფლებულ ადგილს იმ წუთში იკავებს სხვა მსხვილი მოთამაშე. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში, განსაკუთრებით კი - პენტაგონში. როდესაც ექსპერტულ დონეზე ისმის განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული, დარწმუნებული იყავით, რომ პენტაგონში ამას ბევრად უკეთ ხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ დაუშვან... არ დაუშვან არა მხოლოდ რუსეთის ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში, არამედ არც ის, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე. სხვათა შორის, ეს არც სხვა მსხვილ მოთამაშეებს მოეწონებათ, მაგალითად, ჩინეთს. არც რუსეთის მოკავშირე ირანის ინტერესია რეგიონში თურქეთის გაძლიერება. მოკლედ, იქ ისე არ ემთხვევა რეგიონის მთავარი მოთამაშეების ინტერესები, რომ რუსეთის წარმატება მხოლოდ ხანმოკლე წარმატებად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე მან მოახერხა და რეგიონის მოთამაშეები, აშშ-ის გარდა, საკუთარ ნება-სურვილს დაუმორჩილა - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კრემლთან დათათბირების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს ისრაელიც არ დგამს. რაც შეეხება ირანს, საერთოდ ექსპერიმენტულ ქვეყნად აქცია რუსეთმა - მოკავშირეები კი ჰქვიათ, თითქოს ერთობლივად მოქმედებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსეთი ირანისთვის შემაკავებელი ფაქტორი ხდება, თუნდაც ისრაელთან ურთიერთობის საქმეში.

ჯერჯერობით ნაადრევია კატეგორიული შეფასებები, რადგან სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის და, ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ დიდხანს არ დამშვიდდება. ვითარება ისეთია, რომ ყველა ერთმანეთის დასუსტებას ცდილობს, ოღონდ გააჩნია, ვის რა რესურსი დარჩა... რუსეთი ამ ეტაპზე კი გახდა ძლიერი რეგიონული მოთამაშე, მაგრამ მას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით აშკარად ნაკლები რესურსები აქვს...

რაც შეეხება თურქეთს... ეცდებიან, თურქეთმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ სახე შეინარჩუნოს. ერდოღანის ინტრიგებმა დაღალა მსხვილი მოთამაშეები - მოკავშირეებიც და მტრებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერდოღანი ახერხებს და ამ ინტრიგებიდან ჯერჯერობით მშრალად გამოდის. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის. საქმე ის არის, რომ ერდოღანს საკუთარ ქვეყანაში აქვს სერიოზული პრობლემები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით....

- შექმნილმა ვითარებამ როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე? როცა ნატოს ორი ქვეყანა ასე უპირისპირდება ერთმანეთს, ეს, ბუნებრივია, საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მიმართ ნიჰილისტურ განწყობას ამძაფრებს. ამასთანავე, წარმატებით გახალისებული რუსეთი შეიძლება უფრო საშიში გახდეს... - დავიწყოთ იმით, რომ თუ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე აგრესიული მოქმედებები გააგრძელა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონიმიკაზე და დაგვაზარალებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, საქართველოს ამ ვითარებაში სიფრთხილე მართებს. ჩვენ არ ვართ ამ პროცესების მონაწილე, ამიტომაც ჩვენს ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან საჭიროა ზომიერი პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ნატოს ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ფატალურიც არ მომხდარა, შესაბამისად, მეეჭვება, ამან განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს დასავლურ მისწრაფებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, ორი - პოლიტიკური და სამხედრო მდგენელი აქვს.

თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლებს და დასავლეთისკენ ჩვენს სწრაფვას, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, კრემლის მიერ ომის წინა პირობის შექმნისა და წამოწყებისა და ტერიტორიების მიტაცებისა, საქართველოს მისწრაფებაზე ამას არ უმოქმედია, მეტიც - ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯებიც გადავდგით. საქართველოს აქვს უნიკალური სავაჭრო რეჟიმი, ერთი მხრივ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და, მეორე მხრივ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის წყალობით. ამას როგორ ვიყენებთ და ვიქეცით თუ არა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ პლატფორმად, რომელიც მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის, სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება ნატოსკენ სწრაფვას, ამ ორგანიზაციასთანაც ძალიან სერიოზული თანამშრომლობა გვაქვს. ამის მაგალითია ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნაც. ამ ყველაფერს ხედავენ მოსკოვიდან და არ მოსწონთ. გვიკვირს ბორდერიზაციის პროცესი, მაგრამ სწორედ ეს არის ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი.

მოსკოვი, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, დღეს რადიკალურად შეცვლილია და ეს მაინცდამაინც აღარ აღელვებს, მაგრამ რაც შეეხება ნატოს, ამას კვლავაც ეწინააღმდეგება და ამის დასტურია მედვედევის განცხადებაც. ჩემი აზრით, პროცესის ფორსირება არ ივარგებს.

ვფიქრობ, ნატოსთან დაახლოება ნელი ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს, ინტენსიური და აქტიური უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და უნდა დაველოდოთ შესაფერის დროს ნატოში გასაწევრებლად. ამ თემაზე ისტერიკა და ნერვიულობა არ ღირს.

აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, მაგალითად, თუნდაც უსაფრთხოების საბჭოსთან, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიაზე, იმ გამოწვევების ანალიზზე იმუშავებენ, რომლებიც გუშინ გვქონდა, დღეს გვაქვს და ხვალ გვექნება; მოახერხებენ ამ ყველაფრის შეფასებას და პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში ხელისუფლებას მოქმედების სხვადასხვა ვერსიას შესთავაზებენ. რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ უნდა შემუშავდეს კონტრღონისძიებების სისტემა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს.

- რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით უფრო გაუგებარი ჩანს ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუგრძელა, თუმცა ორ თვეში მათი შესრულება ძნელი წარმოსადგენია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს პორტის ასაშენებლად, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ პროექტის განხორციელებას, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს... ამ ბრალდების გაგრძელებაა მამუკა ხაზარაძის განცხადება - ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო... - სირიის არ იყოს, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ისეა აბურდული ვითარება, ჭირს სიმართლის გარკვევა. ამ პორტის პროექტს აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ის აუცილებლად და დროულად უნდა აშენდეს... თითქოს ხელისუფლებაც ამ აზრისაა, თუმცა... მთელი ეს აურზაური, ვფიქრობ, დაიწყო ძალიან ტრივიალური მიზეზით. საქმე ის არის, რომ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობისას არ გაითვალისწინეს ბიძინა ივანიშვილის აზრი. ცნობილია, რომ როდესაც ეს საკითხი გავიდა ტენდერზე, ამით დაინტერესებული იყო ძალიან ძლიერი ჩინური კომპანია, რომელიც გაცილებით წელში გამართული იყო ფინანსურად, ვიდრე ის კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ამ ჩინური კომპანიით იყო დაინტერესებული... გასაგებია, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოსვლა, შესაძლოა, აშშ-ს არ სურდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: თუ ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, მაშინ უფრო სერიოზულად რატომ არ მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში? განა რა გახდა იმ ფინანსური რესურსების მოძიება, რაც პროექტის განხორციელებას სჭირდება?!

ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის ბუნებას - რადგან თავიდან არ გაითვალისწინეს მისი მოსაზრებები, როგორც ჩანს, ამ პროექტისადმი ანტაგონისტურად განეწყო.

მახსოვს რამხელა წინააღმდეგობა ხვდებოდა რუსეთის მხრიდან ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას, მაგრამ როგორც კი გამოჩნდა "ბრიტიშ პეტროლიუმი" და ამ პროექტის "პატრონი" გახდა, ვერავინ ვერაფერი გააწყო მის წინააღმდეგ. აღარც მოსკოვს ამოუღია ხმა... ანალოგიური რამ თუ მოხდა ანაკლიის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მომენტალურად გაჩაღდება იქ მუშაობა და ყველაფერი დროულად დასრულდება.

მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის ბრალი არ არის, ეს რომ არ ხდება... აბა, გამოჩნდეს ძლიერი ამერიკელი ან დასავლელი ინვესტორი, რომელიც იტყვის, მორჩა, ამ პროექტის განხორციელებაში ვდებ ფულსო. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს აურზაური შეწყდება. ასეთ პროექტში, როგორც წესი, ბევრი მოთამაშის ინტერესები იკვეთება. აქ გასათვალისწინებელია ფოთის პორტის ინტერესიც, რომლის უკან ძლიერი ამერიკული კომპანია დგას...

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ანაკლიის პროექტი იქცა პოლიტიკური დაპირისპირების თემად, ეს კი იმის ბრალია, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო საგრძნობი ხდება ინტელექტუალური პოლიტიკის დეფიციტი. ცივ გონებასა და ანალიზს სჭარბობს ემოცია და პოლიტიკური კონიუნქტურა, რომლის პრინციპებიც ასეთია: მოწინააღმდეგის გაკეთებული არაფერი მინდა და რაც უფრო რთული ვითარებაა ქვეყანაში, მით უკეთესი ჩემთვის! ასე ქვეყანა არ შენდება, მით უფრო ქვეყანა, რომლის მშენებლობა ჯერაც საწყის სტადიაზეა. ამ ყველაფრის მიზეზი კულტურისა და განათლების დეფიციტია... ჩვენ კულტურა დეკორაციად ვაქციეთ და იმით ვტრაბახობთ, რა იყო გუშინ. გუსტავ მალერმა თქვა კარგი ფრაზა: კულტურა და ტრადიცია ჩირაღდანია, რომელიც მუდმივად უნდა გადაეცემოდეს თაობიდან თაობას და არა ის, რომლის ფერფლთან მუდმივად უნდა იჯდე და იტიროო. ჩვენ ხომ ამ ფერფლთან ჯდომა და ტირილი მოგვწონს, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად განვითარებაზე ვზრუნავდეთ.

- რას ფიქრობთ პოლიტიკურ ავანსცენაზე შექმნილ ვითარებაზე? იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ თანამშრომლობაზე ფიქრობდნენ, პოლიტიკური სპექტრის უფრო მეტად დანაწევრებას ვადევნებთ თვალს... საარჩევნო კოდექსის მომავალი ცვლილებების შედეგად შესაძლოა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გარდაუვალი გახდეს, არადა, პოლიტიკური ძალებისგან მხოლოდ ის ისმის, რომ არავისთან აპირებენ თანამშრომლობას... - საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე ითანამშრომლებენ, როგორც დაგიბარებიათ... ამას პოლიტიკური რეალობა განაპირობებს. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტში გადამწყვეტი უპირატესობით ვერც ერთი პარტია ვერ შევიდა. ასეთ ვითარებაში

თუ კოალიციური მთავრობა არ შეიქმნება, პრეზიდენტი იძულებული იქნება, პარლამენტი დაშალოს. თქვენი აზრით, პარლამენტში შესული პარტიები ამდენ შრომას წყალში ჩაყრიან და ამას დასთანხმდებიან?

ეს არის ხალხის წინ პოზიორობა, ვითომ იმის ჩვენება, აი, ჩვენ ასეთი პრინციპულები და შეუვალები ვართო, რაც მხოლოდ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.

ისინი მხოლოდ ხანმოკლე წარმატებაზე ფიქრობენ და არა - ისტორიის შექმნაზე, არადა, გვჭირდება ადამიანები, ვინც ისტორიის შექმნაზე იქნებიან ორიენტირებული, იმაზე იფიქრებენ, ქვეყანაში 25 წლის შემდეგ რა ვითარება იქნება და როგორი ქვეყანა გვექნება... საქართველოში ასეთი პოლიტიკოსების დიდი დეფიციტია.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისადმი კი აქვს ასეთი დამოკიდებულება და ფიქრობს იმაზე, რა იქნება ქვეყანაში 25 წლის შემდეგ, მაგრამ მისი მოსაზრებები ისეთი სპეციფიკურია, ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ხშირად გაუგებარია...