"მერი ფეისბუკლაივებით ნუკი გველაპარაკება, მოვიდეს და ვილაპარაკოთ" - კვირის პალიტრა

"მერი ფეისბუკლაივებით ნუკი გველაპარაკება, მოვიდეს და ვილაპარაკოთ"

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მოქმედ მერს, კახა კალაძეს დებატებში იწვევს. "ჩაშლილ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა ვესაუბრო, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათანამიმდევრულმა ძალისხმევამ, ტაქსების რეგულირებამ სატრანსპორტო კოლაფსი მოგვიტანა; ვერც ფეხით გაივლი კაცი, ვერც ავტობუსით და მეტროთი და ვეღარც მანქანით... - ამბობს "კვირის პალიტრასთან" და დასძენს: "მოსწონს ახლა კალაძეს მთელი ქალაქი რომ აგინებს? მინდა ავუხსნა, რომ კომპეტენტური და თანამიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი".

- სახლის შენება სახურავიდან არ იწყება, ამათ კი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება და რეფორმა სახურავის შენებით - ტაქსებით დაიწყეს. ამ ნაბიჯებს რომ სატრანსპორტო კოლაფსი მოჰყვებოდა, ვერ გათვალეს. ბევრი ტაქსი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის შედეგი; მიზეზს უნდა ებრძოდე და არა შედეგს.

ამათ დაიწყეს შედეგთან ბრძოლა და მივიღეთ ის, რომ თეთრად გადაღებვის გამო ტაქსების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, გაძვირდა და მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ვინც ადრე ტაქსებს გადაჰყავდა, სხვა ტრანსპორტზე განაწილდა და ამიტომ არის ასეთი ჭყლეტა.

უპირველესად მეტროს შესაძლებლობებია გასაზრდელი, რათა მეტრომ იმაზე მეტი მგზავრი გადაიყვანოს, ვიდრე დღეს გადაჰყავს. შემდეგ უფრო მეტი ტევადი ტრანსპორტია შემოსაყვანი - ავტობუსები და ტრამვაი. ადრე თუ გვიან ქალაქს მოუწევს ტრამვაის ხაზების გაყვანა იქ, სადაც არის სატრანსპორტო შავი ლაქები და უბეები, მაგალითად, დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბემდე"; ვაკე ტრამვაით უნდა შეუერთდეს თავისუფლების მოედანს, ასევე ტრამვაი უნდა მოძრაობდეს ორთაჭალისა და დირსი ჭალის მიმართულებით.

სატრანსპორტო სქემა სხვაგვარად არის გადანაწილებული.

დღევანდელი ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსების სქემები არის ქურდებისა და ძველი ბიჭების დაგეგმილი. ისინი ფლობდნენ 90-იანებში ამ ხაზებს და მას შემდეგ მარშრუტები არ შეცვლილა. კარგი, კალაძეს არ ესმის მაგდენი, მაგრამ ხომ არიან მის გარემოცვაში ტრანსპორტის საკითხების სპეციალისტები.

ყველაზე დიდი მოცემულობა, რომელსაც ვერ გადაგეგმავ, არის მეტრო. გვირაბებს უნდა დააშენდეს დანარჩენი სატრანსპორტო სქემა, რომ ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ხაზები ერთმანეთის შემავსებელი იყოს, დღეს კი ისინი ერთმანეთთან კონკურენციაშია.

აბა, გაიხსენეთ, ერთსა და იმავე მიმართულებაზე რამდენიმე სამარშრუტო ტაქსისა და ავტობუსის ხაზი მოძრაობს. ისინი ცდილობენ, ერთმანეთს წაართვან მგზავრები და ეს ქმნის პრობლემას. სხვაგვარად, ურთიერთშემავსებლად რომ დაგეგმო ეს ხაზები, ქალაქი ამოისუნთქავს. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ავტომატურად მოაკლდება ხალხი ტაქსებს. ამის მერე დაუწესონ მათ რეგულაციები.

მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ტაქსი იყოს კომფორტული, მძღოლმა გზები იცოდეს და ა.შ. მაგრამ ეს ბოლოს არის გასაკეთებელი. ჯერ საძირკველი ამოთხარე, კედლები ამოიყვანე და ბოლოს გადახურე.

- ხომ ჩამოჰყავთ ავტობუსები, მეტროს შემადგენლობის გაზრდასაც გეგმავენ, ამბობენ, ვაგონები შევარემონტეთ და ახალი 40 ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, ოქტომბერში მგზავრთა ნაკადის მატება კი ყოველწლიური მოვლენააო. - ჯერ ერთი, ის 40 ვაგონი უკეთეს შემთხვევაში 2021 წელს ჩამოვა. რაც შეეხება ავტობუსებს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ყიდულობენ მათ ასე ნაწილ-ნაწილ - 100 ავტობუსი ერთხელ, 100 - მეორედ, მერე - 60, მერე... ქალაქს სჭირდება დაახლოებით 1000 ავტობუსის ჩანაცვლება. როცა შეუკვეთს, ჩამოიყვანს და ბევრი შემადგენლობა ივლის მეტროში, ბევრი ახალი ავტობუსი იქნება, ხალხი ისედაც მიაწყდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ტაქსიზე მოთხოვნაც მოიკლებს. მერე დაიწყონ ტაქსების რეგულირება! ეს ელემენტარულია. მაგრამ კალაძეს არც თვითონ ესმის და არც სხვისი უნდა გაიგოს, თორემ ეს ყველაფერი მეწერა სატრანსპორტო გეგმაში, ორი წლის წინ არჩევნები რომ დამთავრდა, გავუგზავნე, წაიკითხე-მეთქი, მაგრამ წაკითხვაც არ უნდა. არა ვარ ტრანსპორტის სპეციალისტი, მაგრამ ჭკვიან ხალხს ვკითხე და ის გეგმაც მათი მოსმენის შედეგად ჩამოვაყალიბე, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

- ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, ჩვენც ექსპერტებს მოვუსმინეთ და გვირჩიეს, რომ ცვლილებები ყველა მიმართულებით ერთდროულად უნდა განხორციელდეს. ასე ცოტა ხნით დისკომფორტს შევქმნით, სამაგიეროდ, სიტუაცია ყველგან ერთდროულად გამოსწორდებაო. - ეს ზღაპარია. ზუსტად თავისივე ლოგიკის წინააღმდეგ იქცევიან - ერთდროულად კი არა, ტაქსებით დაიწყეს; არც ავტობუსების შემოყვანით და არც მეტროს შემადგენლობის გაზრდით დაუწყიათ. პიარისთვის რომ დააყენებენ რამდენიმე ავტობუსს, იმით თავს იტყუებენ. ერთბაშად ნიშნავს ერთბაშად "ბოგდანების" ჩანაცვლებას, ერთბაშად შემოგყავს მეტროს შემადგენლობებიც; აუცილებლად გასაყვანია "მარშრუტკებიც", მაგრამ უნდათ "ფორდები" "გაზელებით" ჩაანაცვლონ.

"გაზელი" რუსული სამარშრუტო ტაქსებია, ყველაზე უხარისხო დედამიწის ზურგზე და იმის ჩამოყვანა უნდათ, "გაზელი" "გაზელია", გინდა თბილისში ააწყვე, გინდა ქუთაისში და გინდა სტავროპოლში.

- ტრამვაი ძვირი სიამოვნებაა, თორემ არა მგონია, მხოლოდ თქვენ გაგხსენებოდათ... - აღიარებულია, რომ ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტია მეტრო და ტრამვაი. მეტრო ძალიან ძვირია. თბილისში საბჭოთა დროს დაგეგმილი მესამე ხაზის ამოქმედება ვეღარ მოესწრო, რომ მეტროს ვაკეში, დიდ დიღომსა და ელიაზე ემოძრავა, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა, თორემ დღეს ქალაქში ასეთი სატრანსპორტო პრობლემები არ იქნებოდა. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მეტროს ახალი ხაზები გავიყვანოთ. შეგვიძლია მხოლოდ "მარჯანიშვილის" მეორე ხაზის დამთავრება, რომელიც 95%-ით შესრულებული და დაკონსერვებულია, ასევე აუცილებლად ასამოქმედებელია "ახმეტელის" მეორე ამოსასვლელი - ისიც 95%-ით შესრულებული და დასამთავრებელია. მეტს ვერ გავიყვანთ სიძვირის გამო. 1 კმ მეტროს გვირაბის და მისი ინფრასტრუქტურის გაყვანა დაახლოებით 100-120 მილიონი დოლარი ჯდება. მეტროს უკეთესი ალტერნატივაა ტრამვაი. ტრამვაის 1 კმ ხაზის გაყვანა 10-12 მილიონი დოლარი ჯდება, ანუ ათჯერ იაფი. კი აქვს დანახარჯი, მაგრამ სულ 7 კილომეტრია, დიდი დიღმიდან "დიდუბემდე" რომ მოიყვანო ტრამვაის ხაზი. ეს დიდ შვებას მისცემდა ქალაქს...

თანამედროვე ტრამვაი არის ეკოლოგიურად ჯანსაღი, მგზავრთნაკადის გადამყვანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმას არ ჰგავს, "ნახალოვკაში" რომ დადიოდა და ზანზარი გაჰქონდა მთელ ოქტომბრის ქუჩას. ახლა რელსებს კაუჩუკს უდებენ და დასისინებს. ამის გაყვანა რომელიმე მერს აუცილებლად მოუწევს და რაც უფრო ფეხს ავითრევთ, უფრო დავაზარალებთ ქალაქსაც და საკუთარ თავსაც.

- როგორ გგონიათ, თქვენი სტრატეგიით რომ იმოქმედონ, რა პერიოდში ამოისუნთქავს ქალაქი? - მე მერობის შემთხვევაში ვაპირებდი, პირველ წელს მეტროზე დამეხარჯა თანხები, მეორე წელი კი მიწისზედა ტრანსპორტისთვის დამეთმო, კალაძემ კი ორი წელი გაატარა იმაში, რომ პრობლემა გაეღრმავებინა.

- ბევრმა შეიძლება თქვენი ეს აქტიურობა არჩევნებში წაგებით გამოწვეულ გულისტკივილად და ნიშნის მოგებით ლაპარაკად ჩაგითვალოთ. - მერიის, საკრებულოსა და "ოცნების" ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, ამიტომ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ, როგორც არათანამიმდევრული, უგუნური და არაკვალიფიციური პოლიტიკით დაზარალებული.

სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება თუ უნდა მერიასა და საკრებულოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა დადიოდნენ.

მათი სისულელის ძალიან მკაფიო მაგალითს გეტყვით - მეტროს რეაბილიტირებულ ვაგონებს დაბურული შუშები აქვს. არც ერთ ჩინოვნიკს არ გასჩენია კითხვა - რად უნდა მეტროს ვაგონებს დაბურული შუშები. ჰგონიათ, რადგან შავ ჯიპზე, რითიც დადიან, დაბურული მინები კარგია, მეტროშიც გაამართლებდა. მე შეყვარებული ვარ ჩემს ქალაქზე - კარგსაც ვიტყვი, რაც გაკეთდება, სულ რომ მოსისხლე მტერმა გააკეთოს, და ცუდსაც.

- ბასლაინებიც არ მოგწონთ? - ბასლაინის ეშხი რა არის? ის, რომ მთელი მარშრუტის გაყოლებაზე ბასლაინზე დაუბრკოლებლად დადიოდეს ავტობუსი, მაგრამ დღეს რომ 100-მეტრიან მონაკვეთს აკეთებ ერთგან, მერე 5 კმ აღარ არის ეს ზოლი, მერე კი ისევ ჩნდება - ეს თვალთმაქცობაა, პეკინის ქუჩაზე ველობილიკის არ იყოს.

- საიდანღაც ხომ უნდა დაიწყონ... - ჰო, მაგრამ 10 წელიწადში 100 მეტრს რომ გააკეთებ?.. ბასლაინის დახაზვის იდეა კარგია, განხორციელება - ცუდი. კარგი ის გაკეთდა, რომ ნარმანიას მერობის დროს თუ 10-სანტიმეტრიან ხეებს რგავდნენ, დღეს 5-10-წლოვან ხეებს რგავენ. მეტი არაფერი მახსენდება, იმიტომ, რომ ძირითადად კალაძისა და მისი მმართველობის პრობლემა ზერელობა და პიარზე ორიენტირებულობაა. მთავარია, გამოჩნდეს, რომ კალაძე არის ვარსკვლავბიჭუნა, სულ რაღაცას აკეთებს... სინამდვილეში სიღრმისეულად არაფერი კეთდება.

თუ ტრანსპორტის პოლიტიკას იწყებდი, ხომ შეიძლებოდა გზების რეაბილიტაციის პარალელურად არ გემოქმედა?! პასუხისმგებლობით მოეკიდე და კონტრაქტორი თუ დროში ვერ ეტევა, ან თითი დაუქნიე, ან კონტრაქტი გაუწყვიტე, მაგრამ აეროპორტის გზაზე - შეამოწმეთ, თუ გინდათ - ვინც ცუდად დააგო გზა, მას კიდევ 40-მილიონიანი ტენდერი მისცეს.

თუ ეს, უთავბოლობის გარდა, კორუფციაც არ არის, მაშ, რა ხდება?! მინდა პირისპირ დავუჯდე მერს და ეს ყველაფერი ვუთხრა. ფეისბუკლაივებით ნუკი გველაპარაკება, მოვიდეს და ვილაპარაკოთ.

- როგორ ფიქრობთ, შეგხვდებათ? - არ ვიცი, ვნახოთ. მე იმ არჩევნებზე 70 ათასმა თბილისელმა დამიჭირა მხარი და სანამ ჩემზე რამის თქმას გადაწყვეტს, ეს უნდა ახსოვდეს.

P.S. მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.