"რას გვთავაზობს ხაზარაძე, გამოძიება შეჩერდეს თუ "მუქარის წერილის" გამოკვლევა?" - კვირის პალიტრა

"რას გვთავაზობს ხაზარაძე, გამოძიება შეჩერდეს თუ "მუქარის წერილის" გამოკვლევა?"

"მაგათ რა ჰგონიათ, პროკურორი დაუჯდა ექსპერტებს და მოუყვა, რა უნდა დაეწერათ?"

ანაკლიის პორტი კვლავ ერთ-ერთი აქტუალური თემაა საჯარო სივრცეში. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმს საშუალება მიეცა 2019 წლის ბოლომდე მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე სესხები საერთაშორისო ბანკებიდან. მისივე თქმით, ეს იქნება ბოლო ვადა კონსორციუმისთვის, რომ პროექტი განახორციელოს. ოპოზიციონერ ლიდერთა განცხადებით, ეს არ არის კონსორციუმისთვის მიცემული შანსი, პირიქით, ხელისუფლება დროის გაყვანასა და პროექტის ჩაგდებას ცდილობს. თავის მხრივ, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ანაკლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტია და თუ საჭირო იქნება, მთავრობა თავად სრულად ჩაერთვება პროექტში. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დროდადრო მის წამგებიანობაზე ლაპარაკობენ. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ სატელევიზიო გამოსვლაში ასეთი რამ განაცხადა: "ხელისუფლება ხვდება, რომ ანაკლიის პროექტი არ არის მომგებიანი, მაგრამ ვერ ბედავს ამის საჯაროდ თქმას". როგორია ამ საკითხზე მმართველი გუნდის აზრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გვესაუბრება.

- მე არ მსმენია, ვინმე ეკონომიკურად გაუმართლებლობის არგუმენტით პროექტის ჩაშლაზე ლაპარაკობდეს. თუ ეკონომიკური ფაქტორები არსებობს, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლის, მაშინ რეალობა უნდა მივიღოთ, ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და არა იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ შეთქმულებაა. საკითხის ასე დასმა, განხორციელდება თუ არა ანაკლიის პროექტი, არასწორია. ეს იგივეა, ვიმსჯელოთ, ჩამოიშლება თუ არა რუსეთი, აღდგება თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... ეს პროექტი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს კონტრაქტი კონსორციუმსა და ხელისუფლებას შორის. ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება შეასრულა, ათეულობით მილიონი დოლარი აქვს ჩადებული, ახლა ეკონომიკური ჯგუფებისა და კომპანიების ჩართვა კონსორციუმის ამოცანაა.

სახელმწიფო რომ თავის ვალდებულებებს არ ასრულებდეს და რაიმე ტიპის ბარიერებს ქმნიდეს, მაშინ ოპოზიციას საბაბი ექნებოდა ეთქვა, რომ სახელმწიფო განგებ აბრკოლებს პროექტს. სად არის ბარიერი, რაში გამოიხატება?

- 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე საქმის აღძვრა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე ბარიერი არ იყო? - სამწუხაროა, რომ 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიების დაწყების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნა. საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა და შესაძლო დანაშაულზე თვალი დაგვეხუჭა?

- არა, უბრალოდ, გაჩნდა ლოგიკური კითხვა, როდესაც პროკურატურაში უამრავი თაროზე შემოდებული საქმეა, მაინცდამაინც ეს საქმე რატომ გაახსენდა პროკურატურას? - ჯერ ერთი, ყველა საქმეს იძიებენ. გარდა ამისა, კონსორციუმს შეეძლო თუ არა თავისი ვალდებულებების შესრულება, ეს დიდი ხნით ადრე უნდა გამოჩენილიყო, სანამ გამოძიება დაიწყებოდა.

- ანაკლიის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას განსაზღვრავს თუ არა ჯგუფი, ინვესტორი, რომელიც პროექტს განახორციელებს? - რასაკვირველია, პროექტი უნდა განახორციელოს იმ ჯგუფმა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებით, განვითარებით და პრობლემას არ შეუქმნის ჩვენს საგარეო კურსს.

- შედის თუ არა პროექტის ჩავარდნა რუსეთის ინტერესებში? - რუსეთს ჩვენთვის საჭირო ყველა პროექტი აღიზიანებს, მაგრამ ხორციელდება. ჩვენ განსაზღვრულ საკითხებზე რუსეთთანაც გვაქვს მოლაპარაკების ფორმატი. რუსეთი დაინტერესებულია თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარებით კავკასიასა და მთელ მსოფლიოში... ოპოზიცია იმასაც ამბობდა, თითქოს აშშ-მა ჩვენთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე უარი თქვა, არადა, ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურა "ოპეკს" საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი ინვესტიცია აქვს ჩადებული.

- ხაზარაძემ ასეთი რამ განაცხადა "მოდი, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. მზად ვართ, კომპანია მზად არის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი". მან ინიციატივები და გამოსავლის გზებიც შესთავაზა ხელისუფლებას. მიიღებს მმართველი გუნდი მის შემოთავაზებას ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტის გადასარჩენად? - ეს საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. თუ საინტერესო წინადადებები არსებობს, რასაკვირველია, ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა განიხილონ. თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად დაიცავს ან შეაჩერებს მოკვლევას 17 მილიონის თაობაზე. ვფიქრობ, სამართლებრივი პროცესი არ უნდა შეჩერდეს. ეს ამბავი არ უნდა დაემსგავსოს გარიგებას.

- რას გულისხმობთ, მამუკა ხაზარაძე არ არის ამ საკითხში კომპეტენტური და ის ხელისუფლებას გარიგებას სთავაზობს? - პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს საკითხი, ეს კი სამართლებრივი საკითხია. რას გვთავაზობს ხაზარაძე, გამოძიება შეჩერდეს თუ "მუქარის წერილის" გამოკვლევა? სამართლებრივი ნორმები უმთავრესია. რაც შეეხება ინვესტორებს, თუ ისინი რეალურად არიან, ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურა უნდა დაინტერესდნენ.

- "მუქარის წერილი" ახსენეთ. ხაზარაძემ თქვა, რომ ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა - წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელთა იდენტიფიცირება პროკურატურის საქმეა. - პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რასაც წამოჭრის ამ წერილის შესწავლა.

- "ლელოს" წევრი, ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად წარმოდგენილია იმ ექსპერტების დასკვნა, რომელთაც ფულს პროკურატურა უხდის. ამასთან, ექსპერტები დასკვნაში წერენ, რომ საქართველოს სამართლებრივ ნორმებს კარგად არ იცნობენ. არც ქართულად შედგენილი 300-ტომიანი საქმეა ნათარგმნი. მაშ, რის საფუძველზე დაიწერა დასკვნა, რამდენად შეიძლება უტყუარ მტკიცებულებად მივიჩნიოთ? - ქართული ენა არ იცის არც ევროკავშირის პრეზიდენტმა, არც ტრამპმა და არც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, თუმცა პოზიტიური დასკვნები აქვთ გაკეთებული ჩვენს ქვეყანაზე. მაგათ რა ჰგონიათ, პროკურორი დაუჯდა ექსპერტებს და მოუყვა, რა უნდა დაეწერათ? ისინიც ადგნენ და მონაყოლი ინგლისურად დაწერეს? ამ ექსპერტთაგან ერთ-ერთი ამერიკის იუსტიციის სისტემაში მაღალჩინოსანი იყო, მეორე კი მთავარი პროკურორი. გამოძიებული აქვს რამდენიმე პრემიერ-მინისტრის და ერთიც ისრაელის პრეზიდენტის არაკეთილსინდისიერი საქმეები. მათ დიდი ავტორიტეტი აქვთ მსოფლიოში და არასდროს წავლენ გარიგებაზე.

ჩვენს საზოგადოებაში ყველაფერი უკიდურესად პოლიტიზებულია, მეტიც, ყველაფერი წვრილმანი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება. ხშირად შეგნებულად ცრუობენ ოპონენტის დასაზიანებლად, ყველაფერს ამბობენ, რაც ენაზე მოადგებათ. მაგალითად, ჩემზე თქვეს, საქართველოს ავიაციას, პორტებსა და სასტუმროებს აკონტროლებსო, არადა, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ კორპუსის სამოთახიან ბინაში. ეს მაგალითი თავის დასაცავად კი არ მოვიყვანე, უბრალოდ, მინდა მკითხველს კიდევ ერთი ინფორმაცია მივცე განსჯისთვის. სად არის სიმართლე ამ პოლიტიკურ ჯახში, ნამდვილად ვერ გაიგებ.

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, ხომ დადგა კითხვის ქვეშ 17 მილიონი დოლარის გაქრობა?! ასევე გასარკვევია, რეალურად შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები.

ხათუნა ბახტურიძე