"ჩვენი დევნის ყველაზე ლოგიკური მოტივი შეთქმულების თეორიაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დევნის ყველაზე ლოგიკური მოტივი შეთქმულების თეორიაა"

"პროკურატურამ უცხოელი ექსპერტები შავი პიარისთვის გამოიყენა"

რა ბედი ელის ანაკლიის პროექტს, თუ ხელისუფლებისა და კონსორციუმის თანამშრომლობა ვერ შედგება? ამის შესახებ კითხვა კონსორციუმის ყოფილ წარმომადგენელსა და "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დავუსვით.

- იმედია, მთავრობა და კონსორციუმი დარჩენილ დროს სრულად გამოიყენებენ პროექტის გადასარჩენად. შეუძლებელია მთავრობამ კონსორციუმის გარეშე განახორციელოს პროექტი. როდესაც საუბარი იყო აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნაზე, რომ სახელმწიფოს ტვირთბრუნვის არარსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო რისკები, ითქვა, რომ სახელმწიფო კომერციულ რისკებს საკუთარ თავზე ვერ აიღებდა. ახლა მთელი პროექტის უზრუნველყოფის რისკებს როგორ იტვირთავს?! ჩვენ 600 მილიონი დოლარის ინვესტირებაზე ვსაუბრობთ! ერთადერთი გამოსავალი დღეისათვის არსებული ფორმატის შენარჩუნებაა - ანუ კერძო სტრუქტურისა და სახელმწიფოს პარტნიორობა.

- კონსორციუმი რომ სხვა კერძო კომპანიამ ჩაანაცვლოს? - ესეც შეუძლებელია. თუ დღეს არსებული ფორმატით ვერ შედგება პარტნიორობა, ამას მოჰყვება სამართლებრივი დავა. ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ კერძო სტრუქტურის მონაწილეობა ამ პროექტში? სამწუხაროდ, თუ დღეს არსებული ფორმატი არ შენარჩუნდა, ანაკლიის პროექტი ჩიხში შევა. გვაწუხებს, თორემ მე და მამუკა უკვე წამოვედით აღმასრულებელი რგოლიდან და ახლა დაკავებული ვართ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით. კონსორციუმმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. ყველაფერი მზად არის. ინვესტორებიც მოძიებულია, ბოლო ძალისხმევაა დარჩენილი, ახლა მთავრობასა და კონსორციუმის უკვე მოძიებულ ინვესტორებს შორის არის საჭირო მოლაპარაკება. ეს არ არის მარტივი პროექტი - შეგახსენებთ, რომ პროექტი აფხაზეთთან 4 კილომეტრის მოშორებით ხორციელდება. ჩვენ სრულიად არამეგობრულ გარემოში შევძელით პროექტის ამ კონდიციამდე მიყვანა. ახლა განზე გავდექით და კონსორციუმსა და მთავრობას მშვიდად მუშაობის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენთვის მთავარია პროექტი განხორციელდეს.

- რა საფუძველი აქვს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პროექტის განხორციელება რუსეთისთვის პრინციპულად მიუღებელია? - ლოგიკა გვკარნახობს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს იმის გამო, რომ ეს ალტერნატიული კორიდორია, მოსკოვს კი თავად სურს აბრეშუმის გზის მარშრუტი რუსეთზე გადიოდეს. გარდა ამისა, რუსეთს სულაც არ აძლევს ხელს, აფხაზებმა 4 კილომეტრში დაინახონ ის უზარმაზარი პერსპექტივა, რაც ანაკლიის პროექტის სახით საქართველოს ექნება. ებრძვის თუ არა რუსეთი ამ პროექტს? რა თქმა უნდა, ებრძვის. ჩვენ ვხედავთ, რომ პროექტის განხორციელებას მუდმივად ექმნება წინააღმდეგობები.

- თქვენი იურისტები "მუქარის წერილის" დედანს პროკურატურას გადასცემენ. რა მოლოდინი გაქვთ გამოძიებისგან? - ჩვენ გასარკვევი აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი ნათელია, წერილში ჩამოთვლილი ყველა რეპრესიული ღონისძიება ჩვენს წინააღმდეგ უკვე გატარებულია. ჩვენ პროკურატურას გადავცემთ ინფორმაციას. ახლა ჯერი მათზეა.

- მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილის მიხედვით, აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო "ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა". თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ მრჩევლები შეცდომაში შეიყვანა პროკურატურამ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა "მტკიცებულებები" მიაწოდეს მათ? - პროკურატურის თაღლითობას რომ აქვს ადგილი, ამაზე თავად ექსპერტების მომზადებული დასკვნა მეტყველებს. ესე იგი, ექსპერტები თავადვე ამბობენ, რომ ქართულ სამართალს არ იცნობენ, ამ მხრივ დისტანცირებას ახდენენ ამ მოვლენის შეფასებისგან. რაც მთავარია, ამბობენ, რომ მათი დასკვნა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მასალას. ჩვენ არ ვიცით, რა მასალა და როგორი კონფიგურაციით მიაწოდა პროკურატურამ. მასალის შერჩევითად მიწოდება ხომ თვალსაჩინოა? ფაქტია, პროკურატურამ უცხოელი ექსპერტები შავი პიარისთვის გამოიყენა. როგორ მიიღებ ექსპერტებისგან ობიექტურ დასკვნას, თუ მათ სრულ ინფორმაციას არ მიაწვდი? ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ეს ექსპერტები ანაზღაურებას იღებენ პროკურატურიდან. ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროკურატურამ დასკვნა ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. თქვენ იცით, რომ დასკვნა სექტემბრის დასაწყისში უკვე მომზადებული იყო?! ამის მერე დაცვის მხარემ უამრავი მასალა მიაწოდა, დამატებითი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვები და ა.შ. მათ რა ქნეს? 2 სექტემბრის დოკუმენტს 10 ოქტომბერი გადააწერეს და იმავე შინაარსის დასკვნა გამოაქვეყნეს. რასთან გვაქვს საქმე, თავად განსაჯეთ. აშკარაა, რომ ჩვენ პოლიტიკური დევნის ობიექტები ვართ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს დევნას გადააყოლეს სახელმწიფო. ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული

წელიწადნახევრიანი დევნის განმავლობაში ქვეყანაში კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული კომპანიების აქციების ვარდნა დაიწყო. ყველა უცხოელმა ინვესტორმა იცის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბიზნესმენს სრულიად უსაფუძვლოდ დაუწყონ დევნა. მგონია, რაღაც უცნაურ ფენომენთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვიღაცას ეგონა, როგორც რუსეთში 90-იან წლებში ხდებოდა, ჩვენც ასეთი დანაშაულებრივი მეთოდით ვმოქმედებდით. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, მაგრამ ახლა უკან აღარ იხევენ. არც ვიცი, ამ ადამიანებს აქვთ თუ არა გააზრებული, თავიანთი სიჯიუტის გამო როგორ მტრობენ ქვეყანას. რა შემთხვევაში ასამართლებენ ადამიანებს ფულის გათეთრების ბრალდებით ამერიკასა და ევროპაში? როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკებს, იარაღით უკანონო ვაჭრობას, კორუფციას. ჩვენს შემთხვევაში ბანკიდან ფულის სესხებაა და შემდეგ ამ ნასესხები ფულით მეორე სესხის დაფარვა. ხომ ყველაფერი თვალსაჩინოა? სრულიად უსაფუძვლოდ ფულის გათეთრების ბრალდებას ავტოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურად არასასურველი პირების დევნისთვის იყენებენ.

ერთი საინტერესო დეტალი: პროკურატურამ სასამართლო განხილვაზე ჩვენი ადვოკატების მიერ მოპოვებული ჰოლანდიელი კრედიტორების ჩვენების ამოღება მოითხოვა. ისინი ადასტურებდნენ, რომ ჩვენ მათგან ფული ვისესხეთ ბანკის საჭიროებისთვის და შემდეგ ისევ დავუბრუნეთ. თუ პროკურატურას სიმართლის დადგენა სურს, რატომ ამბობს უარს მათ ჩვენებზე?

- როგორ გგონიათ, რა შეიძლება იყოს თქვენი დევნის მთავარი მოტივი - ანაკლია, პირადი შურისძიება, თუ კიდევ სხვა რაიმე? - ამაზე ბევრი მიფიქრია. ყველაზე ლოგიკური შეთქმულების თეორიაა. მე და მამუკა ვიყავით ანაკლიის პროექტში, ქვეყნის უდიდესი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში, და მესამე - გაირკვა, რომ 2008 წელს ფული გვასესხა კაცმა, რომლის შვილი "TV პირველის" დამფუძნებელია. ეს სამი მდგენელი გახდა ეჭვიანობის საგანი. მმართველი პარტიისა და ევროპელი დიპლომატების შეხვედრისას ასეთი რამ თქმულა - თითქოს კვირიკაშვილსა და ბანკებს ალტერნატიული ცენტრის შექმნა სურდათ. მართლაც, ამის შემდეგ ძალიან მალე დაითხოვეს კვირიკაშვილი, შემდეგ დაიწყო შეტევა ბანკზე, პრობლემები შეექმნა ანაკლიის პროექტს, ბოლოს მივიღეთ ცნობილი მუქარის წერილი. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ვერც მივხვდი, როგორ უნდა შეგვეცვალა მე და მამუკას "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა. მერე, აქტიურად რომ დაიწყეს ჩვენი პროკურატურაში დაბარება, ყველაფერს მივხვდი.

- რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თქვენ დიდხანს ყოყმანობდით პოლიტიკაში მოსვლაზე და გარკვეულწილად ცდილობდით ივანიშვილთან საქმის დალაგებას. ასეა? - ნამდვილად ბევრი ვიყოყმანეთ. ჩვენ ბიზნესში საქმიანობით ქვეყნისთვის მაქსიმალურს ვაკეთებდით. ისეთი კომპანიები შევქმენით, რომლებითაც უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ, შემოვიტანეთ ინვესტიციები. ეკონომიკის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვქონდა. როდესაც პირადად შევეჩეხეთ უსამართლობას, ბევრ რამეზე აგვეხილა თვალი და გადავწყვიტეთ, სხვა მიმართულებით ჩავმდგარიყავით ქვეყნის სამსახურში. შარშან ზაფხულში არც გვიფიქრია პოლიტიკაში ჩართვა. რაც შეეხება საქმის დალაგებას ივანიშვილთან, ჩვენ ვცადეთ ვითარების ახსნა, რომ უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და მზად ვიყავით იმ დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც ჩვენს უდანაშაულობას დაადასტურებდა. სამწუხაროდ, არანაირი კონსტრუქციული პასუხი არ მიგვიღია, პირიქით, უფრო გაძლიერდა ანგარიშსწორება.

- როგორ გგონიათ, ბანკირის იმიჯისგან გათავისუფლდით? - ეს იმიჯი ჩვენს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის შედეგია.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა დავაარსეთ და პოლიტიკური პარტიის შექმნა დავაანონსეთ, განსაკუთრებულად ცდილობენ პირსისხლიან ბანკირებად წარმოგვაჩინონ. სინამდვილეში ამას კავშირი არა აქვს სიმართლესთან - ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ტიპური ბანკირები, ბანკი ერთ-ერთი ჩვენი პროექტი იყო მრავალ პროექტს შორის. ბევრმა არც იცის, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს, რა დაემართა საბანკო სექტორს კი არა, მთლიანად ეკონომიკას. ყველანი გავკოტრდით. პროკურატურა არც ახსენებს ამ ამბავს, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საბანკო სისტემა არ ჩამოშლილიყო.

- თქვენი პირობაა, რომ წარმოგვიდგენთ პროგრამას, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ უნდა მიიღოს მოქალაქემ ხელფასი. ასეთი დაპირებები ამომრჩეველს ბევრჯერ მოუსმენია, მათ შორის იმ პოლიტიკოსებისგან, ვისაც "ჭარბად ენდობოდა". რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? - ბევრ პოლიტიკოსს იცნობთ, რომლებიც თან დაპირებას გასცემდნენ და თან სამუშაო ადგილებს ქმნიდნენ? ჩვენ ათი ათასი სამუშაო ადგილი გვაქვს უკვე შექმნილი. ეს მოვახერხეთ იმ გაჭირვებაში, რაც ქვეყანამ გამოიარა - ჩვენს თავზე გადაიარა სამოქალაქო ომმა, 1998 წლის კრიზისმა, 2007 წელს რუსული ბაზრის დაკეტვამ, აგვისტოს ომმა, გლობალურმა კრიზისმა... ამ უკანასკნელს მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა ვერ გაუძლეს, უზარმაზარი ინსტიტუტები გაკოტრდა. მე და მამუკამ ჩვენი 50% დავთმეთ, რომ ინსტიტუტი გადაგვერჩინა. პასუხად რა მივიღეთ?! პოლიტიკური დევნა და ფულის გათეთრების ბრალდება.

ხათუნა ბახტურიძე