რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა" ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ - კვირის პალიტრა

რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა" ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ

"მუქარის წერილი" ხაზარაძის ხელში შეიძლება კომპრომატი იყოს და შეიძლება შემოგდებულიც არის - გახარიას ანაბეჭდია, მაგრამ თქვენ ვერ ან არ ადგენთო"

"ლელოს" ადვოკატები პროკურატურას "მუქარის წერილის" დედანს გადასცემენ. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა - ხაზარაძეს სთხოვდნენ, "TV პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, ტელეკომპანია "არტარეას" ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა, ხოლო თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც "ნაცმოძრაობას" გააკრიტიკებდა.

ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას გადასცა. პროკურატურის განცხადებით, მან ფარატინა ფურცელი წარადგინა და ამიტომაც გამოძიება არ დაუწყიათ.

თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის მრავალმხრივი ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნა, ასევე წერილის დედანი, უკვე თბილისშია. შედეგი მოცემულია დასკვნაში, რომელიც ოფიციალურმა ბიურომ შეადგინა. რა ტიპის ანალიზი შეიძლება ჩაეტარებინათ წერილისთვის ლონდონის ბიუროში და რა შეიძლება გვითხრას დასკვნამ, ამის შესახებ ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი გვესაუბრება.

- ჩვენ ქაღალდიდან თითის ანაბეჭდს ვერ ვიღებთ, მაგრამ მე მინახავს, როგორ კეთდება ეს ამერიკაში. თითის ანაბეჭდის გარდა, შესაძლებელია ფურცლიდან დე-ენ-ემის ნიმუშის ამოღებაც. იმისთვის, რომ დოკუმენტზე დე-ენ-ემი გადავიდეს, შეხებაც კი საკმარისია, თუმცა ძნელია თქმა, რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ბიოლოგიური მასალა.

- წერილი ხელნაწერი არ არის. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მასზე ავტორის ანაბეჭდი? - დიახ, პრინტერზე ამობეჭდილი დოკუმენტია. მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილზე 120 ანაბეჭდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 120 კაცის ანაბეჭდია. ეს არის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი 120 ნიმუში. შესაძლოა წერილს ერთმა, ორმა ან სამმა კაცმა რამდენჯერმე მოჰკიდა ხელი. ლონდონის ბიურომ ანაბეჭდების არსებობა დაადასტურა. ახლა ხაზარაძე ითხოვს, შეადარონ ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს, დღევანდელი ბაზა კი სრულყოფილი არ არის. კი ბატონო, ინახება იმ პირთა ანაბეჭდები, ვინც თანამდებობაზე ინიშნებიან, ან ვინც მსჯავრდადებულია, პრობაციონერი, მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები. გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თუ ბაზაში ვერ მოიძებნა, გამოძიება ვალდებულია, გახარიას პირადად აუღოს თითის ანაბეჭდი და დაადასტუროს ან გამორიცხოს მისი არსებობა. ჩვენს საგამოძიებო ორგანოებში ექსპერტიზა "მკვდარზე ვენოკივით" არის. ამიტომ მამუკა სწორად მოიქცა, როდესაც წერილი ლონდონში წაიღო.

- ხომ შესაძლებელია წერილის ავტორი ფურცელს არც შეხებია და ტექსტის დაბეჭდვა და გაგზავნა სხვა პირისთვის დაევალებინა? - დიახ, შესაძლებელია... კიდევ იცით, რა არის შესაძლებელი? თქვენ სუფთა ფურცელი მომცეთ, ანუ დატოვოთ მასზე ანაბეჭდი, მე კი ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოვიყენო და ნებისმიერი ტექსტი დავბეჭდო. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

- რამდენად შესაძლებელია ტექსტის შინაარსით, სტილითა და სიტყვათა წყობით ავტორის ამოცნობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ წერილს არ შეხებია? - ასეთ ვერსიაზე მამუკამაც ილაპარაკა. როგორც ჩანს, ვიღაცამ დაარიგა. სინამდვილეში, ადამიანის ხასიათის, ასაკისა და სქესის დადგენა მხოლოდ ხელნაწერით არის შესაძლებელი.

- როგორ ფიქრობთ, "მუქარის წერილის" დედანი გახსნის საქმეს? - ეს დოკუმენტი ახალს ვერაფერს გვეტყვის. თუ ჩვენი პროკურატურა ჩაატარებს განმეორებით ექსპერტიზას, შეუძლიათ თქვან, რომ არსებითი ვერაფერი ნახეს. არ არის გამორიცხული, ლონდონის ბიუროს კომპეტენტურობაშიც შეიტანონ ეჭვი.

იცით, რისი მომსწრე ვარ? ეფ-ბი-აის ლაბორატორიასაც ვერ ამოუღია ანაბეჭდი და ეს სხვა ლაბორატორიას გაუკეთებია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ანაბეჭდის ხანდაზმულობაზე, შენახვის პირობასა და სხვა წვრილმანებზე.

- ესე იგი, "მუქარის წერილი" მამუკა ხაზარაძეს კომპრომატად ვერ გამოადგება? - რა გითხრათ, შეიძლება კომპრომატი იყოს და შეიძლება შემოგდებულიც არის - გახარიას ანაბეჭდია, მაგრამ თქვენ ვერ ან არ ადგენთო.

- ზემოთ თქვით, შესაძლოა ცარიელ ფურცელზე დატოვოთ ანაბეჭდი, რომელზეც მერე სხვამ დაწეროს ტექსტიო. - დიახ... თუ საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდები, მერე ის უნდა გაარკვიოს, საიდან და როგორ მოხვდა იქ. ასე რომ, ეს ძალიან სადავო თემაა.

ხათუნა ბახტურიძე