როგორ აპირებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის დაბრუნებას და რა კავშირშია ფიქრია ჩიხრაძე ტელეკომპანიასთან - კვირის პალიტრა

როგორ აპირებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის დაბრუნებას და რა კავშირშია ფიქრია ჩიხრაძე ტელეკომპანიასთან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. "დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. სარჩელი ხანდაზმულია", - ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დვალისა და აქიმიძის სარჩელის შეტანას. "კვირის პალიტრამ" სცადა გაერკვია, რა გამოსავალი იპოვეს "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად და რის საფუძველზე მიიჩნევს პაატა სალია, რომ მათი სარჩელი ხანდაზმულია.

"ხალვაშს არაფერი შეუცვლია. უბრალოდ, გველაპარაკებოდა, თორემ მის უკან სხვა იდგა"

ჯარჯი აქიმიძე: - როგორც ქიბარ ხალვაში აიძულეს დაეთმო "რუსთავი 2", ზუსტად იგივე იძულებითი ღონისძიებები გატარდა ჩვენ მიმართ, მხოლოდ უფრო მკაცრად. თუ უზენაესმა სასამართლომ მრავალრიცხოვანი ფორმულირებით და მტკიცებულებით გაამართლა ხალვაში და მიაკუთვნა "რუსთავი 2", ჩვენც მასავით ვართ დაზარალებული და ჩვენც გვეკუთვნის "რუსთავი 2".

2004 წელს დაგვიბარეს ადეიშვილმა და მერაბიშვილმა რესტორანში და გვითხრეს, რომ ქვეყანაში თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად სჭირდებოდათ "რუსთავი 2" და ჩვენი 60%, ანუ საკონტროლო პაკეტი უნდა დაგვეთმო. არ დავთანხმდით, მაგრამ ერთი თვის ზეწოლის შედეგად იძულებული გავხდით, დავთანხმებოდით.

- თქვენ რომ დაზარალებული იყავით და "რუსთავი 2"-ის წილი გეკუთვნოდათ, ამას ხალვაშიც ამბობდა. მან კონკრეტული წინადადებითაც მოგმართათ. რატომ ვერ მორიგდით? - ხალვაშმა 40% ანუ სიმბოლური თანამშრომლობა შემოგვთავაზა. არადა, თავის დროზე გვპირდებოდა აქტიურ საკონტროლო პაკეტს, მენეჯმენტის მართვას.

- დაპირება რატომ შეცვალა? - ხალვაშს არაფერი შეუცვლია. უბრალოდ, გველაპარაკებოდა, თორემ მის უკან სხვა იდგა.

- ივანიშვილს გულისხმობთ? - რა თქმა უნდა.

- "რუსთავი 2"-ზე პრეტენზია ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილსაც. თქვენთვის ტელეკომპანიის წართმევაში მისი როლი როგორი იყო? - როგორც ხალვაში ჩვენებაში წერს, მან მილიონ ორასი ათასი, რომელიც ჩვენ გადაგვიხადეს "რუსთავი 2"-ის 60%-ისთვის, კაბინეტში მიუტანა ირაკლი ოქრუაშვილს. თუმცა ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ფული ვისგან ავიღეთ. როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრდა და ტელევიზია წაიღეს, ოქრუაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილთან ერთად შეგვხვდა თავის კაბინეტში და მადლობა გადაგვიხადა სახელმწიფოებრივად აზროვნებისთვის.

- როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობთ, ხომ არ გახსენდებათ ვინმე, ვისაც "რუსთავი 2"-დან წილი კიდევ ეკუთვნის? - ვის გულისხმობთ?

- ფიქრია ჩიხრაძეს.

- თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მიბრძანდეს სასამართლოში.

- ის სასამართლოში წასვლას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ თავის დროზე მასაც უსამართლოდ მოექეცით. როდესაც ჯერ კიდევ რუსთავში მაუწყებლობდით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ მოგიწიათ, ის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარათ და მეთორმეტე მეტრული სიხშირე გადამცემი აპარატიანად დაგითმოთ. თქვენ თანამშრომლობაზე შეთანხმდით, მაგრამ შემდეგ ფიქრია ჩიხრაძე თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეთ. - 1996 წელს იყო 9-თვიანი დავა, რომელმაც გაიარა სამივე სასამართლო ინსტანცია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა.

- ჩიხრაძემ თქვა, რომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას დახმარებით მოიგეთ. - სააკაშვილი მაშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა ამ კომიტეტის დასკვნა, დაგვემალა და დასკვნას ნინო ბურჯანაძემ მოაწერა ხელი. რაც შეეხება ჟვანიას, ის ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნა, ჩვენი ურთიერთობა შეწყდა.

- ამჯერადაც გაქვთ სასამართლოს სამართლიანობის იმედი? - დიახ, და დარწმუნებული ვარ, საქმეს მოვიგებთ. თუ არადა, სტრასბურგს მივმართავთ.

"აქიმიძემ და დვალმა არ ისურვეს იმის მიღება, რაც ხალვაშმა შესთავაზა"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია:

- ბატონო პაატა, ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ათწლიანი ხანდაზმულობის პერიოდში შეიტანეთ. თუ თქვენს შემთხვევაში არ იყო ვადები დარღვეული, ახლა რის საფუძველზე ამბობთ, რომ დვალისა და აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულია? - ქიბარ ხალვაშმა ათწლიანი ხანდაზმულობის პერიოდში მიმართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, მაგრამ ჯერ კიდევ 2007 წელს მან პროკურატურასაც მიმართა ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ და ამ შეფასებიდან გამომდინარე დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი დაგვიანებულია და სარჩელის წარდგენა 2014 წლამდე უნდა მოეხერხებინათ.

- აღიარებთ თუ არა, რომ აქიმიძე და დვალი ისეთივე დაზარალებული არიან, როგორიც ხალვაში? - ეს პროკურატურის გადასაწყვეტია.

- ჯერ კიდევ ზაფხულში ამბობდით, რომ ისინიც დაზარალებული არიან და მათთვის შეთავაზებებიც გქონდათ. ახლა რა შეიცვალა? - ეს იყო ხალვაშის კეთილი ნება და სხვა არაფერი, ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.

- ხალვაშის კეთილი ნების შეცვლაზე რამ იქონია გავლენა? - აქიმიძემ და დვალმა არ ისურვეს იმის მიღება, რაც ხალვაშმა შესთავაზა.

- თქვენ, ალბათ, კარგად იცით "რუსთავი 2"-ის მთელი პრეისტორია. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რისი თქმა შეგიძლიათ, სამართლიანობა აღდგა? - მე ხალვაშის წარმომადგენელი ვიყავი "რუსთავი-2"-ისთვის დავაში, რომელიც ჩვენ მოვიგეთ - ის ცნეს მესაკუთრედ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო დარღვევების გარეშე ჩატარდა.

- ესე იგი, ამ საქმეში პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავთ? - ეს ხალვაშის კერძო ინტერესი იყო. პოლიტიკოსებს შეუძლიათ ათასი კუდი გამოაბან ნებისმიერ საქმეს. ეს იყო სამართლებრივი დავა, რომელიც ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა.

ხათუნა ბახტურიძე