რა საფრთხეს შეიცავს ყოფილი პირველი პირებისთვის დაცვის მოხსნა?!
რა საფრთხეს შეიცავს ყოფილი პირველი პირებისთვის დაცვის მოხსნა?!
"ეს არის ქვეყანა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე დაცვით დადის, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის ასევე ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი დაცვის გარეშე"

ახალი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან და დაცვა ეხსნებათ. მარგველაშვილისთვის ეს თარიღი 2019 წლის 16 დეკემბერია, ვინაიდან მას უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 16 დეკემბერს, ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის
ინაუგურაციაზე ფიცის დადების მომენტიდან შეუწყდა. ამასთან, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით დასაცავ პირებს შესაძლოა არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

გიორგი მარგველაშვილის გარდა, 2020 წლის ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ დაიცავს ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. სწორედ 2020 წლის
ივლისში შესრულდება ერთი წელი, რაც ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეუნარჩუნებს თუ მოუხსნის მას სახელმწიფო დაცვას, ესეც მის მიმართ არსებული საფრთხეების შეფასების შემდგომ გადაწყდება. რა საფრთხეებს შეიცავს ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის და აკნინებს თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი­ გვესაუბრება:

- თუ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად არ მივუდგებით, შეიძლება ქვეყანა არ დაინგრეს, მით უმეტეს, რომ დაცვის სამსახურს ხელფასს გადასახადის გადამხდელები ვუხდით. თუმცა, თუ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუციურ დემოკრატიასა და პოლიტიკურ პროცესებს საფრთხე შეექმნება, კანონპროექტი არაგონივრული, არასერიოზული და რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის საზიანოა. ვინმეს უფიქრია, ასეთი გადაწყვეტილების შემდგომ რამდენად ეფექტიანად­ იმუშავებს ესა თუ ის მაღალი თანამდებო­ბის პირი? იმიტომ, რომ მომავალში მის დაცულობას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს და უღირს კი გარისკვა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება?.. ხომ არ იქნება ის ადამიანთა­ რომელიმე ჯგუფთან ლოიალური, თუ არ ეცოდინება, რომ სამართლებრივი, სოციალური და ტექნიკური უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება?..

- რა არის ამის პოლიტიკური კონტექსტი?
- პოლიტიკური კონტექსტი არც აქვს, უბრალოდ, არც უმსჯელიათ. სამართლებრივად მაინც რჩება შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირს ვადის გასვლის შემდგომ რამდენიმე წლით მაინც გაუგრძელდეს დაცვა, თუმცა არც ეს არის კარგი გამოსავალი, რადგან ის თანამდებობის პირი რომელიმე­ ქვედა რგოლის წარმომადგენელზე ან ინსტიტუტზე ხდება დამოკიდებული... უმჯობესი იქნებოდა, უფრო ხანგრძლივად ჰყოლოდათ დაცვა. "ხანგრძლივი" რას გულისხმობს, ამაზე არა მაქვს პასუხი, რადგან ამაზეც უნდა ემსჯელათ და ოპტიმალური ვარიანტი ეპოვათ.

- არსებობს თუ არა მათზე რაიმე ფორმით ზეწოლის საფრთხე, თუნდაც უცხოურმა მედიამ ან სულაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შესთავაზონ თანამშრომლობა?
- ჩანს, საქართველოს პარლამენტს არც უმსჯელია ამ საფრთხეებზე. ეტყობა, ჩვენი პარლამენტარები და ე.წ. ახალი თაობის პოლიტიკოსები, დაცვაში ერთ ფიზიკურ პირს და ავტომანქანას გულისხმობენ სპეციალური სახელმწიფო ნომრით.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო მეტია და კიდევ უფრო მეტი ამა თუ იმ თანამდებობის პირის ინფორმაციული დაცულობა. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებისგან არაერთი საფრთხე ელოდება, თუნდაც რუსეთისგან, მისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად უკან არაფერზე დაიხევს, მით უფრო, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში, ალბათ, მონაწილეობდნენ უამრავ მნიშვნელოვან კონფიდენციალურ შეხვედრასა და მოლაპარაკებაში.

- იმ პირთა დიდი ნაწილი განაგრძობს საქმიანობას, ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში, ურთიერთობს უცხოურ მედიასთან...
- დიახ, და ფლობენ ძალიან დიდ სახელმწიფო ინფორმაციას­ და მათი დაცვა აუცილებელია. გარდა ამისა, საერთაშორისო არენაზე ისინი მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ქვეყანასაც წარადგენენ.
ამ გადაწყვეტილებით ისინი სახელმწიფო საიდუმლოებას საფრთხეს უქმნიან.

- ქვეყნის საზიანოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში ვინ იქნება პასუხისმგებელი?
- მხოლოდ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენ მათი სახელმწიფოებრივი აზროვნების იმედად უნდა ვიყოთ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ყოფილ პირველ პირს ტერაქტი მოუწყვეს, ამას შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ან შეიძლება სულაც არ იყოს სახელმწიფოს მეთაური. გიორგი სანაიას მკვლელობა გავიხსენოთ - ვიცით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურის მკვლელობას რა პროცესებიც მოჰყვა - პოლიტიკური, კრიმინალური და თუნდაც საზოგადოებრივი კუთხით. ის ფლობდა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რასაც შეეწირა კიდეც. მას შემდეგ პანკისის ხეობაში საფრთხეები ისევ არსებობს და საკმაოდ მწვავეც.

- გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება თავს კომიკურ სიტუაციაში იყენებს და ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს.
- უხეშად თუ ვიტყვით, შესაძლოა მარგველაშვილს არც სჭირდებოდეს დაცვა, მაგრამ უმძიმესი სურათი გვაქვს - ეს არის ქვეყანა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე დაცვით დადის, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის ასევე ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი დაცვის გარეშე. არ ვიცი, ბედუკაძე ახლაც დადის თუ არა დაცვით, მაგრამ ხომ დადიოდა?.. ეს კომიკური კი არა, ტრაგიკომიკურია.

- ანუ ყველაფერს პირადი ურთიერთობა განსაზღვრავს?
- დიახ - კარგად მოიქცევი, გეყოლება დაცვა, გექნება პენსია, არ მოიქცევი და არა...

- რამდენად აკნინებს ასეთი მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუციებს?
- რა თქმა უნდა, მთავრობის ბოლოდროინდელი ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინებას ემსახურება და საფუძველშივე ანგრევს. გადავხედოთ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, "ქართული ოცნება" და მისი გავლენიანი წევრები ყველა უწყებას პოლიტიკური მოტივაციით ესხმოდნენ თავს, რომ დაექვემდებარებინათ და ეს დღესაც გრძელდება. ეროვნულ ბანკზე თავდასხმა ერთი მოწვევის პარლამენტზე არ გამოუვიდათ და მეორე მოწვევის პარლამენტში განაგრძეს. კონსტიტუციის მანამდე მოქმედი რედაქციით არ გამოუვიდათ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ზრახვები და კონსტიტუცია შეცვალეს. არ ვიცი, რამდენად შორს წავა მათი მონდომება, მეტი და მეტი გააფუჭონ, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე. ფაქტია, პარლამენტი ინსტიტუციურად ნდობაშერყეულია. რასაც "ზემოდან" ეტყვიან, იმას აფორმებენ. მაგალითად ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მოვიყვან - მთავარმა პროკურატურამ სულ სხვა რამ მოითხოვა, ის, რაც კონსტიტუციაში წერია, უმრავლესობის წევრებმა კი კოლეგები შეცდომაში შეიყვანეს და სრულიად სხვა რამეზე აყრევინეს კენჭი - იმუნიტეტის მოხსნასა და პატიმრობას კი არ ვუჭერთ მხარს, პროკურატურამ პროცედურები რომ დაიწყოს, იმას ვითხოვთო. ყველაფერი ფიქციად აქციეს. ისღა დარჩენიათ, კონსტიტუციაში ჩაწერონ დიქტატორული წყობის ფორმა და გააფორმონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები