რატომ დაბლოკა მერკელმა საქართველისთვის მაპ-ის მიცემა?! - კვირის პალიტრა

რატომ დაბლოკა მერკელმა საქართველისთვის მაპ-ის მიცემა?!

"გამოჩნდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მომავალში შეეცდებიან საქართველოზე ზეწოლას, რათა თბილისმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს"

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა (რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოში გაწევრდება, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ქარტიის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება) მომგებიანია. ბრაიზამ გაიხსენა 2008 წლის ბუქარესტის სამიტიც, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტ ბუშის მცდელობას, საქართველოს მაპ-ი მიეღო, გერმანიის ბუნდესკანცლერი ანგელა მერკელი აღუდგა წინ.

მეთიუ ბრაიზა

- თქვენი გადმოსახედიდან, მანევრირების რა სივრცე აქვს საქართველოს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში პროგრესს მიაღწიოს?

- არა მგონია, ამ მხრივ რაიმე გარღვევის მოლოდინი უნდა გვქონდეს, სანამ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ვიცით, რომ აფხაზები მაინცდამაინც კომფორტულად არ გრძნობენ თავს რუსების ფაქტობრივ ბატონობაში. ცხინვალის მოსახლეობას სხვაგვარი მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ - ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აფხაზეთში შეიქმნას გარკვეული პოლიტიკური დინამიკა, რაც რუსულ ოკუპაციას დაუპირისპირდება, არა მგონია, რუსებმა ზეწოლა შეარბილონ როგორც სოხუმზე, ასევე ცხინვალზეც: რუსები აქ დასარჩენად მოვიდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ ამ საკითხების გამო რუსეთს "მიაწვნენ", ვფიქრობ, ის მოდელი, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა შემოგთავაზათ, მშვენიერი იდეაა, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია არსებული სტატუს-კვოს შეცვლა:

ეს მოდელი არ უბრუნებს საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მაგრამ უზრუნველყოფს დანარჩენი საქართველოს უსაფრთხოებასა და ალიანსში ინტეგრირებას.

შეიძლება ვინმეს ეს უჩვეულოდ მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, მსგავსი პრეცედენტები არსებობს. მაგალითად, კვიპროსში სწორედ მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები: ევროკავშირმა მთელი კუნძული მიიღო თავის რიგებში, მაგრამ შეაჩერა ევროკავშირის სამართლებრივი იურისდიქცია კუნძულის ჩრდილოეთით. სამართლებრივი გადმოსახედიდან, მთელი კვიპროსი, როგორც კუნძული, ევროკავშირშია. საქართველოს შეუძლია კვიპროსის მაგალითი გამოიყენოს ნატოში შესასვლელად: იგივე მოდელი შეიძლება გამოიყენოთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხშიც - ეს რეგიონები ნატოს ნაწილი გახდება, მაგრამ მეხუთე მუხლი მათზე არ გავრცელდება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და ქვეყნის მთავრობა ამ რეგიონებზე კონტროლს არ აღადგენს.

- რასმუსენმა მაგალითად მოიყვანა გერმანიაც, რამაც ბევრი შეაფიქრიანა, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თავის დროზე იძულებული შეიქნა საბჭოეთის კონტროლირებადი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა სუვერენულ სახელმწიფოდ ეღიარებინა. არსებობს თუ არა რისკი, რომ მსგავსი სცენარი განვითარდეს საქართველოსთან დაკავშირებით? - რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მომავალში შეეცდებიან საქართველოზე ზეწოლას, რათა თბილისმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ეს პოლიტიკოსები ან რუსეთთან არიან გარიგებული, ან ისტორიული სამართლიანობის აღდგენა არ ადარდებთ და ურჩევნიათ, ჩუმად იყვნენ და საქართველოს პრობლემების მოგვარებაზე ფიქრით თავი არ აიტკივონ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, თქვენი ქვეყნის ბედი თქვენივე ხელშია - ის, რაც გერმანიაში მოხდა, ორი მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შედეგია. იმავდროულად, საბჭოთა კავშირს ჰქონდა უზარმაზარი გავლენა, რამაც უნიკალური სიტუაცია შექმნა. ამის საპირისპირო მაგალითად ისევ კვიპროსს დავუბრუნდეთ. გამორიცხულია, კვიპროსის თურქულმა ნაწილმა აღიაროს ბერძნული ნაწილი, სანამ არ მოიძებნება ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი, სადაც თურქი კვიპროსელების პოლიტიკური უფლებები სრულად იქნება დაცული. შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოუწიოს საქართველოს რამის დათმობამ ამ საკითხში.

- ნატოს ამჟამინდელი ადმინისტრაცია აშკარად არ ჩქარობს ამ სცენარის განხილვას, მეტიც, მიგვანიშნებენ, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის. რით აიხსნება ეს? - როდესაც ოფიციალური სახელმწიფო პირი ვიყავი, მეც შეზღუდული ვიყავი იმ მხრივ, თუ რამდენად შემეძლო გავცდენოდი ჩემს განცხადებებში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კურსს. ანალოგიურად ნატოს ჩინოვნიკებიც ვერ გააკეთებენ მსგავს განცხადებებს, სანამ წევრი ქვეყნები არ გადაწყვეტენ, რომ ეს სცენარი მათი პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. ნატოში სიფრთხილე მართებთ, რათა წევრი ქვეყნები არ გააღიზიანონ. თუ პრეზიდენტი ტრამპი, კანცლერი მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი დაიწყებენ ამ წინადადებაზე საუბარს, მაშინ ნახავთ, რომ გენერალური მდივანი და ნატოს სხვა ოფიციალური პირებიც ბევრად ღიად ისაუბრებენ. ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ - ალიანსის პოლიტიკა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული, წევრი ქვეყნები კი ჯერჯერობით არ უჭერენ მხარს ამ იდეას, მაგრამ იმედია, დაუჭერენ.

- თუ საქართველო იტყვის, ჩვენ მზად ვართ მსგავსი სცენარის განსახილველადო, ეს რამეს შეცვლის? იქნებ ნატო იძულებული გახდეს და ამაზე ილაპარაკოს? - ჯერ მოგიწევთ წევრი ქვეყნების დარწმუნება ამ მოდელის მართებულობაში, უპირველეს ყოვლისა კი შეერთებული შტატების. საქართველომ ფარდის მიღმა უნდა განიხილოს ეს იდეა, ჯერ ვაშინგტონში, რათა გაარკვიოს, დაჰყაბულდება თუ არა ამერიკა ამ იდეის ფლაგმანობას.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მოწმე ვიყავი, თუ როგორ ცდილობდა პრეზიდენტი ბუში მიეღწია იმისთვის, რომ ნატოს საქართველოსთვის მაპ-ი მიეცა, მაგრამ ამას კანცლერი მერკელი შეეწინააღმდეგა. არ არის გამორიცხული, მსგავსი სცენარის მომსწრე ისევ გავხდეთ. გერმანელები ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყოველთვის ყველაზე მეტად ერიდებიან რუსეთთან კონფრონტაციას. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერიც, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან.

2008 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში შევიმუშავეთ გეგმა, რათა საქართველოს თავი დაეძვრინა იმ მახისგან, რომლის დაგებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობდა: ან დათანხმებოდა რუსეთისთვის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩაბარებას, ან რუსეთთან ომში ჩაბმულიყო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ ზომები, რომლებიც მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნასაც, მაგრამ საბოლოოდ გერმანელებმა, რომლებიც "საქართველოს მეგობართა ჯგუფს" ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელთაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა და გეგმიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.

- ირონიულად არ გეჩვენებათ, რომ დღეს შტაინმაიერის სახელი ასოცირდება უკრაინის კონფლიქტების მოგვარების ფორმულასთან, რომელიც ასევე ხაზგასმით პრორუსულად ითვლება? - ეს უკიდურესად ირონიული და, იმავდროულად, თითქმის ტრაგიკულად პროგნოზირებადი რამეა. ჩემთვის გამაგიჟებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: როდესაც კონფლიქტი არსებობს, კერძოდ, სამხედრო კონფლიქტი, ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, თან ისე, რომ არავის დანაშაულზე არ ლაპარაკობენ. რაც შეეხება საქართველოს, 2008 წელს დამნაშავე ერთი მხარე იყო: სანამ ცოცხალი ვარ, სულ დავიჯერებ, რომ რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, მაგრამ საქართველოს პასუხი ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მისივე ინტერესები დააზიანა.

- საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ახლახან ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა რუსეთი, თუ საქართველო მართლა გახდებოდა ნატოს წევრი. მან განაცხადა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებდა. გჯერათ ამის? - დიახ, ვფიქრობ, რუსეთი ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა, პირიქით: თუ ცხადი იქნება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება გარდაუვალია, რუსეთი ვერაფერს მოიმოქმედებს და სწორედ ამიტომ დაგვიჯდა ბუქარესტის სამიტი ასე ძვირად: იმის მაგივრად, გვეთქვა: "საქართველოს ვაძლევთ მაპ-ს", არჩევანი ბუნდოვანებაზე შევაჩერეთ, რაც წითელი ნაჭრის ტოლფასი იყო პრეზიდენტ პუტინისთვის: "იმოქმედე ახლა, თორემ შემდეგ გვიან იქნება" და ასეც მოიქცა. მაგრამ თუ აშკარა გახდება, რომ საქართველო ნატოში წევრდება, რუსეთისგან სამხედრო საფრთხეც აღარ იქნება.

- 2008 წლის ომის შემდგომ პირველად საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ეს ურთიერთობების მოსაგვარებელ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა. თქვენ რას იტყოდით? - საქართველოსთვის უკეთესია რუსეთთან ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს, ეს შეხვედრა კი არანაირ გარღვევას არ წარმოადგენს უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ურთიერთობის კუთხით ორ ქვეყანას შორის, სანამ რუსეთს ქართული ტერიტორიები აქვს მიტაცებული. შეუძლებელია ასეთ პირობებში ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობდეს.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის "Talking NATO for Georgia" ფარგლებში