"არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები?" - რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა" - კვირის პალიტრა

"არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები?" - რა შეიძლება გვითხრას "მუქარის წერილმა"

"ლელოს" ადვოკატები პროკურატურას "მუქარის წერილის" დედანს გადასცემენ. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა - ხაზარაძეს სთხოვდნენ, "TV პირველს" ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, ტელეკომპანია "არტარეას" ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა, ხოლო თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც "ნაცმოძრაობას" გააკრიტიკებდა.

ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას გადასცა. პროკურატურის განცხადებით, მან ფარატინა ფურცელი წარადგინა და ამიტომაც გამოძიება არ დაუწყიათ.

თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის მრავალმხრივი ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნა, ასევე წერილის დედანი, უკვე თბილისშია. შედეგი მოცემულია დასკვნაში, რომელიც ოფიციალურმა ბიურომ შეადგინა. რა ტიპის ანალიზი შეიძლება ჩაეტარებინათ წერილისთვის ლონდონის ბიუროში და რა შეიძლება გვითხრას დასკვნამ, ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: .

- ჩვენ ქაღალდიდან თითის ანაბეჭდს ვერ ვიღებთ, მაგრამ მე მინახავს, როგორ კეთდება ეს ამერიკაში. თითის ანაბეჭდის გარდა, შესაძლებელია ფურცლიდან დე-ენ-ემის ნიმუშის ამოღებაც. იმისთვის, რომ დოკუმენტზე დე-ენ-ემი გადავიდეს, შეხებაც კი საკმარისია, თუმცა ძნელია თქმა, რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ბიოლოგიური მასალა.

- წერილი ხელნაწერი არ არის. ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მასზე ავტორის ანაბეჭდი?

- დიახ, პრინტერზე ამობეჭდილი დოკუმენტია. მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილზე 120 ანაბეჭდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 120 კაცის ანაბეჭდია. ეს არის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი 120 ნიმუში. შესაძლოა წერილს ერთმა, ორმა ან სამმა კაცმა რამდენჯერმე მოჰკიდა ხელი. ლონდონის ბიურომ ანაბეჭდების არსებობა დაადასტურა. ახლა ხაზარაძე ითხოვს, შეადარონ ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს, დღევანდელი ბაზა კი სრულყოფილი არ არის. კი ბატონო, ინახება იმ პირთა ანაბეჭდები, ვინც თანამდებობაზე ინიშნებიან, ან ვინც მსჯავრდადებულია, პრობაციონერი, მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა ბაზაში გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები. გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, თუ ბაზაში ვერ მოიძებნა, გამოძიება ვალდებულია, გახარიას პირადად აუღოს თითის ანაბეჭდი და დაადასტუროს ან გამორიცხოს მისი არსებობა. ჩვენს საგამოძიებო ორგანოებში ექსპერტიზა "მკვდარზე ვენოკივით" არის. ამიტომ მამუკა სწორად მოიქცა, როდესაც წერილი ლონდონში წაიღო

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად