სასაცილო თუ სატირალი "ტიარა"?! - კვირის პალიტრა

სასაცილო თუ სატირალი "ტიარა"?!

მაპ-ი არა, მაგრამ მაპ-ზე უკეთესი...

რატომ მალავენ ქართული ოფიციალური სტრუქტურები  ნატოს სამიტში მონაწილე ქართველთა დელეგაციის შემადგენლობას

ნატოს ნებისმიერი სამიტის შემდეგ ცენტრალური ტელევიზიები გვიმტკიცებენ, რომ მაპ-ი არა, მაგრამ მაპ-ზე უკეთესი მოგვცესო. ლისაბონის სამიტის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ტელევიზიები არ ტყუოდნენ - პორტუგალიის დედაქალაქში გამართულ ალიანსის სამიტზე მაპ-ი არა, მაგრამ საქართველოს დელეგაციას მაპ-ზე უკეთესი კი მისცეს. უფრო ზუსტად მისცემდნენ, საქმეში ინტრიგანი ნიკოლა სარკოზი რომ არ ჩარეულიყო.

ყოველ შემთხვევაში, პორტუგალიური გაზეთის ჩორრეიო და მანჰა-ს მტკიცებით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა სასტუმრო “"ტიარაში"” 80 მეძავი მიიყვანეს, ადმინისტრაციას ცოლებად გააცნეს და აპარტამენტებში აიყვანეს. ადმინისტრაცია არ დაინტერესებულა, ამ ქართველებს ყველას პორტუგალიელი ცოლები როგორ ჰყავთო.

ქართველებთან ერთად, თუ პორტუგალიურ გაზეთს დავუჯერებთ, სომხებიც იყვნენ. ხმაურმა საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ერთი სართულით ზემოთ ისვენებდა, შეაწუხა. საქმეში პოლიცია ჩაერია. თუმცა საქმე იმით ჩაიფარცხა, რომ პოლიციამ მომხდარი ინციდენტად დააფიქსირა. გაზეთი არაფერს წერს იმის შესახებ, გააგრძელეს თუ არა ქართველებმა და სომხებმა სამიტის "მეორე სერია".

პირველ რიგში, აღვნიშნავთ იმას, რომ ზემოხსენებული გაზეთი 200-250-ათასიანი ტირაჟით გამოდის და ყვითელ პრესას მიეკუთვნება. თუმცა, როგორც წესი, უცხოური ტაბლოიდები რაიმეს კი არ იგონებენ, წერენ იმას, რასაც სერიოზული გამოცემა არ დაბეჭდავს.

მეძავთა რაოდენობა აშკარად გაბერილია. ამას გაზეთის მთავარი რედაქტორიც ადასტურებს. თუმცა მისი მტკიცებით, ქართველებმა სასტუმროში 70-მდე მეძავი ნებისმიერ შემთხვევაში შეიყვანეს. გაზეთს კი ამ ფაქტის შესახებ იმ პოლიციელებმა აცნობეს, რომლებიც სასტუმროში წესრიგს იცავდნენ.

უცნაურია ქართული მხარის რეაქცია.

თუ გაზეთი ტყუის, მაშინ, მინიმუმ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაავრცელოს ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქართველები ადგილობრივი ინტიმსერვისით არ დაინტერესებულან, მაქსიმუმ კი ქართულმა მხარემ გაზეთს სასამართლოში უნდა უჩივლოს.

ამ თემაზე ოფიციალური გამოხმაურება სირცხვილი არ არის. მაგალითად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შერცხვენია და იმის დასადასტურებლად, რომ ლისაბონის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანსა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სეირან ოჰანესიანს ქალებში არ უსეირნიათ, უზარმაზარი განცხადება გაავრცელა. ისე, ამ განცხადების მარგალიტი ისაა, რომ ხაზგასმით მითითებულია, სომხურ დელეგაციას არავინ შეუწუხებიაო.

რა, ქართველებმა შეაწუხეს?

უცნაურია ისიც, რომ ქართული ოფიციალური სტრუქტურები მალავენ ნატოს სამიტში მონაწილე ქართველთა დელეგაციის შემადგენლობას. ჯერ ერთი, ლისაბონმოვლილები თავიანთ ცოლებს მაინც ვერ დაემალებიან. მეორეც, არსებობს ტელევიზორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი დელეგაციის გაბადრული სახეები მრავალჯერ ვიხილეთ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო მინისტრები თემურ იაკობაშვილი და გია ბარამიძე, უშიშროების საბჭოს ახალდანიშნული მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და სხვები.

ეს “სხვები” ცოტანი არ არიან. ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი უცხოურ სამიტებზე, მინიმუმ, ოცკაციანი დელეგაციით დაბრძანდება. გარდა ამისა, თითოეული მინისტრი სამიტზე თავის ერთ მოადგილესა და აპარატის 1-2 თანამშრომელს წაიყვანდა. ამას დაუმატეთ მრავალრიცხოვანი პროტოკოლის სამსახური, ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი თავისი აპარატითურთ, დაცვის სამსახური და ა.შ.

მოკლედ, 70 მეძავი არარეალური ციფრი სულაც არ არის. ახლა კი მოვიმარჯვოთ კალკულატორები და ვისაუბროთ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

პორტუგალიური გაზეთი ხაზგასმით წერს, ქართველებმა მეძავები ხელშეკრულების საფუძველზე "აყარესო". ამ ქვეყანაში პროსტიტუცია ლეგალური საქმეა და თუ ელიტური ბორდელის კლიენტი ხარ, ყველაფერი ოფიციალურად ხდება. მოქმედებს სეილიც და საბითუმოს პრინციპიც - 10-ს ყიდულობ, მე-11 უფასოა.

პორტუგალიაში სექსმომსახურება საათი 120-200 ევრო ღირს. ჩვენ არ ვიცით, ნატოს სამიტით გადაღლილი ქართველი დელეგატები რამდენევროიან ქალებში წავიდნენ, ამიტომაც საშუალო მაჩვენებელი გამოვიყვანოთ:

გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, ანუ ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლების გართობა 9-10 ათასი ევრო დაგვიჯდა.  სასტუმროს, კვებისა და მიმოსვლის ხარჯები ნატომ დაფარა. ალიანსი, სამწუხაროდ, ფულს ქალებში სეირნობისთვის არ იძლევა.

ჩორრეიო და მანჰა არაფერს წერს იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ისტორიაში დელეგაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ეს ამბავი, პორტუგალიური გაზეთის ცნობით, 19 ნოემბერს მოხდა. როდესაც პრეზიდენტიც, მინისტრებიც და სხვა“"დიპლომატიური გამარჯვების" ავტორები ლისაბონში, სასტუმრო "ტიარაში" იმყოფებოდნენ.

გიორგი კვიტაშვილი