"თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები" - დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა
22-10-2019
"თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები" - დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა
სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სამომავლო გეგმებზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე დავით ნარმანიას "ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.

- ბატონო დავით, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი, როგორც სემეკის თავმჯდომარის გეგმები და პრიორიტეტები?
- პარლამენტის წინაშე უკვე წარვსდექი გეგმით. ესაა ჩემი ხედვები სემეკ-ის, სექტორის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში, მომხმარებელთა
უკეთესი კომუნალური სერვისები უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ პარლამენტში ვისაუბრე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. მეორე მხრივ, სერვისის მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფა იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამ თვალსაზრისით მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი რეგულაცია გვაქვს მისაღები, მათ შორის ინვესტიციების შეფასების წესი ელექტროენერგეტიკის, გაზმომარაგებისა
და წყალმომარაგების სექტორისთვის, რაც ამ სექტორებში ინვესტირების მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტი იქნება. ამ აქტის მიღება ინვესტორებს მეტ გარანტიას მისცემს და წინასწარ ეცოდინებათ მარეგულირებელი კომისია რა ინსტრუმენტებით და კრიტერიუმებით აფასებს ინვესტიციებს. ასევე ჩვენ უნდა მივიღოთ ბაზრის წესები, რაც ევროინტეგრაციის შესაბამისად გულისმობს ბაზრის ღიაობას, ლიბერალიზაციას და შესაბამისად არ იქნება თითო მიმწოდებელი ელექტროენერგიისა თუ გაზმომარაგების სექტორში. ბაზრის გახსნა გულისმობს იმას, რომ მომხმარებელს თვოთონ შეეძლება მიმწოდებლის არჩევა ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, რასაც ჩემი ერთ-ერთი ხედვა გულისმობს ანუ სადავო საკითხებთან დაკავშირებით პროცესის უფრო დაჩქარება. მოქალაქეები ყოველთის ითხოვენ, რომ მათი განაცხადები, საჩივრები დროულად გადაწყდეს, ამიტომ გარკვეულ პროცედურებს დავაჩქარებთ. იქნება უფრო აქტიური კონსულტაციები ცვლილებებთან, რეფორმებთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი.

- "მომსახურების ხარისხის წესები“ ახსენეთ. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ კომპანიები წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 24 საათის და მეტი დროის განმავლობაში არ აწვდიან კომუნალურ მომსახურებას. ამ კუთხით რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- "მომსახურების ხარისხის წესები“ ამ ეტაპზეც მოქმედებს, თუმცა პერიოდულად იხვეწება, მასში შედის ცვლილებები და ახალი რეგულირების ბლოკები ემატება. მაგალითად, ელექტროენერგიის სექტორისთვის უკვე ძალიან კარგად მუშაობს წინასწარი გაფრთხილების მექანიზმი, როცა გამორთვას ან ავარიას აქვს ადგილი. ბუნებრივი გაზის სექტორში კიდევ იხვეწება რაღაცები. ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც გეგმური გამორთვების, ასევე ავარიის შემთხვევაში ეცნობოს მომხმარებელს, სავარაუდოდ, როდის აღუდგებათ სერვისის მიწოდება. იმ შემთხვევეაში, თუ იმ დროში, რომელსაც კომპანია იღებს სერვისის აღსადგენად, ვერ ხერხდება აღდგენა, მაშინ შესაძლებელია ვადის გადაწევა, მაგრამ ამას თავისი პროცედურები ექნება და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დროის გახანგრძლივების მიზეზები ობიექტურია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა გადააცილეს ვადას ან მაჩვენებლები გააუარესეს. ასეთ შემთხვევაში კომპანიებს ვაჯარიმებთ 5000 ლარით და ახალი კანონმდებლობით, 2020 წლიდან იგეგმება ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს კარგი მექანიზმია, რადგან როდესაც ვაფრთხილებთ კომპანიას, რომ შეიძლება დავაჯარიმოთ, ისინი მყისიერად იწყებენ დარღვევის გამოსწორებას.

- ენერგოეფექტიანობა ერთ-ერთი საკითხია თქვენს გეგმაში. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოუწოდა პარლამენტს, სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. რა იგეგმება ამ კუთხით?
- მე ელჩის პათოსს და სულისკვეთებას შევუერთდები. ენერგოეფექტიანობა მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, დავზოგოთ ენერგია და მეორე მხრივ, შევამციროთ გარემოში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა, რაც ენერგიის მოხმარების თანმდევია. ამასთან, ქვეყანაში მუდმივად იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა; ადგილობრივი წყაროები, რომლითაც ჩვენ ენერგიას ვიღებთ, შეზღუდულია. აქედან გამომდინარეც მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა. შესაბამისი კანონი მომზადებულია და პარლამენტში განიხილება, საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება და შემდეგ მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა. პროცესში ჩვენც ვართ ჩართული, განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტი. ასე რომ, პროცესი მიდის და ამას ჩვენ უნდა მივაყოლოთ სხვა თანმდევი მარეგულირებელი აქტები, რათა ენერგოეფექტიანობა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტიანობით არ შემოიფარგლებოდეს, არამედ მასიურად გადავიდეთ ენერგოდამზოგავ გარე განათების მოწყობილობებზე და როდესაც ახალი ქუჩების და მაგისტრალების პროექტები განხორციელდება, სავალდებულო იყოს ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა.

- ახსენეთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ამასთან, საკმაოდ პრობლემატურია ახალი გენერაციის ობიექტების შექმნა, იმ პროტესტის ფონზე რაც მოსახლეობას ჰესების მიმართ აქვს. ამ საკითხს როგორ აფასებთ, რა გამოწვევებს ხედავთ?

- მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაააქტიუროს მუშაობა მეტი ენერგიის მისაღებად. ევროპის ქვეყნებში რამდენი პროცენტითაც იზრდება საშუალოდ ეკონომიკა, იმდენი პროცენტით იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენთან ეკონომიკურ ზრდაზე გაცილებით მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. თუ საშუალოდ ეკონომიკა 4.5-5 %-მდე იზრდება, ბოლო წლების განმავლობაში 7-8 %-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რაც სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული. ერთია მზარდი ტურიზმი და ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, რომელიც ბოლო წლებში ბევრი აშენდა. მეორე მიზეზია, სახელმწიფოს სპეციალური პროგრამების ხელშეწყობით, იგივე "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შექმნილი საწარმოები და მესამე ესაა კრიპტოვალუტის წარმოება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფეხი აქტიურად მოიკიდა და ელექტროენერგიის გენერაციის გაცილებით უფრო მეტ და მძლავრ წყაროებს მოითხოვს. ამიტომ ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი , იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები.

- ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ხშრად გვესმის განსხვავებული პოზიციები.იგივე პანკისში, საკმაოდ მძიმედ განვითარდა მოვლენები. თქვენი აზრით, ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში ჰესების მშენებლობის არაერთი პროექტი გაჩერებულია?
- არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს. თითოეული მეგავატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს. რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცევხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის სწორად უყურებს პროცესებს, უბრალოდ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა. არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდაოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ.

- დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის "ენგურჰესის“ გენერაციით მარაგდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი, რაზეც განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და იმაზეცაა საუბარი, რომ აფხაზეთში ბოლო დროს მოხმარების ზრდა ბიტკოინების წარმოებას უკავშირდება. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?
- რაც უფრო იზრდება აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, მით უფრო მცირდება ის წილი, რომლითაც "ენგურჰესიდან“ დანარჩენი საქართველო მარაგდება და ბუნებრივია, "ენგურჰესის“ იაფი ენერგია სატარიფო კალათას აკლდება. მოგეხსენებათ, დაგეგმილია "ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რაც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა თუ აფხაზეთში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, არ ვიცი, იქ ბიტკოინს აწარმოებენ თუ რამ გაზარდა მოხმარება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ეს დამატებითი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ჩვენი მხარისთვის. ამიტომ ამ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და მოლაპარაკებები იქნება საჭირო.
- საკმაოდ ხშირია ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევები. ახლახანს გურამიშვილზე აფეთქდა საცხოვრებელი კორპუსი. ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით წესების გამკაცრება სიტუაციას გამოასწორებს?
- სამწუხაროა, რომ ყოველ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ხდება ასეთი უბედური შემთხევევბი, რაც ხშირად დაუდევრობითაა გამოწვეული. კომპანიები ბუნებრივი აირის დანადგარებს არსებული წესის თანახმად ამოწმებენ, ძალიან ბევრ ოჯახში მიდიან და თუ დარღვევას გამოავლენენ, ჭრიან, მაგრამ სამწუხაროდ, აბონენტების ნაწილი ამ ჩაჭრილი გაზის დანადგარების კუსტარულად მიერთებას ახორციელებს ანუ საკუთარ თავს და მეზობლებსაც საფრთხეში აგდებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს პასუხისმგებლობა. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქემ ჩაჭრილი დანადგარი კუსტარულად მიაერთა, უკან არ უნდა დავიხიოთ და მაქსიმალურად მაღალი ჯარიმები უნდა იყოს. ინიცირებულია ცვლილებები, რომლებიც ამ პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე მომზადებულია ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, პროცედურები მკაფიო ხდება. გარდამავალ პერიოდში კომპანიებს მოუწევთ შემოწმება, როგორც აქამდე -სეზონის განმავლობაში ერთხელ. თითოეული ჩვენთაგანი თუ უფრო ყურადღებით არ ვიქნებით, რომ გაზის სისტემები უსაფრთხოდ გვქონდეს, ბუნებრივია, ყველა ბინაში ყოველთვის გაზის გამანაწილებელი კოპანია ვერ შევა და ვერ შეამოწმებს - მხოლოდ თბილისში 400 000-ზე მეტი აბონენტია. ჩემი ინფორმაციით, ყოველწლიურად 20-მდე ადამინი იღუპება გაზის დანადგარების გამო გამოწვეული შემთხვევებით. ერთი მხრივ, ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენა. (გაგრძელება)


მარიამ ტიტვინიძე

"ინტერპრესნიუსი“
ჰოპლა
23 ოქტომბერი 2019 14:47
გამოურთეთ ბიძინას 11თეთრიანი ტარიფი ყველა ბიზნესში,მათ შორის ბიტკოინებში და დენი კიდევ 20წელი არ გაძვირდება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
22 ოქტომბერი 2019 14:34
????????????????????????

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?