"გვჯერა, რომ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი მისია" - თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა
"გვჯერა, რომ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი მისია" - თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა
22 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "აბრეშუმის გზის ფორუმი" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი. ფორუმის სხვა ღონისძიებები "ბილტმორსა" და "რედისონში" გაიმართება.
აბრეშუმის გზის ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მონაწილეობს.

გახსნით პანელს "მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას ნოურიელ რუბინი გაუწევს. ამ
პანელში მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია
პანელს "მომგებიანი ვაჭრობა" მოდერაციას კი BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბრეშუმის გზის
არეალში და იყო მნიშვნელოვანი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის მიმართულებით.

"გვჯერა, რომ ჩვენ, ქართველებს, ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი უნიკალური მისია - ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი დიდი ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით.

"საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ ამიტომ და ამის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურის პროექტები, როგორიცაა ბაქო -თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისთვის," - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ერთის მხრივ ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა თარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. საქართველო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის განვითარებას.

დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია პრობლემურ საკითხებზეც ვიმსჯელოთ და პირველ რიგში გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტური და ეფექტიანი განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივის განხორციელებაში და ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობებისა და ახალი მიღწევების თვალსაზრისით," - განაცხადა გახარიამ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?