ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში, ფავორიტად ქცეული რუსეთი და საფრთხეები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში, ფავორიტად ქცეული რუსეთი და საფრთხეები საქართველოსთვის

"იწყება ყველა იმ შეთანხმების მოშლა, რაც საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის შედგა"

თურქეთის ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში დასრულებულია. შეთანხმებას, რომელიც სოჭში, 22 ოქტომბერს, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგა, თურქულმა მედიამ ისტორიული შეთანხმება უწოდა. ერდოღანისა და პუტინის შეთანხმების შედეგები ასეთია: ქურთებს გაასახლებენ სამხრეთით, მათ ადგილას ჩაასახლებენ სირიელ ლტოლვილებს; სირია-თურქეთის საზღვრის პატრულირება მოხდება ერთობლივად რუსეთის სამხედრო პოლიციასთან ერთად; კრემლის მონაწილეობით უნდა დაიწყოს დიალოგი სირიის ხელისუფლებასთან, რომელმაც თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 8 წლის წინ გაწყვიტა. პუტინის განცხადებით უნდა დაიწყოს დიდი დიალოგი ქურთებთან.

"სირია რუსეთს ჩაბარდა. ქურთების საკითხით ახლა კრემლი დაკავდება. ტრამპს ისღა დარჩენოდა ტვიტერში დაეწერა კარგი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდანო" - ასე ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში მომხდარ ამბებს სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე.

- როგორი შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ახლო აღმოსავლეთში, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც სირიაში ბოლო დროს განვითარებული ამბების შედეგად დადგა?

- დღეს არსებული რეალობა ასეთია, სამეული-რუსეთი, თურქეთი და ირანი განაგებს სირიის ბედს (რა თქმა უნდა, ასადის მეტ-ნაკლებად ჩართულობით). ამ სამეულში რუსეთი ფავორიტია. მოგვწონს ჩვენ თუ არა ეს ასეა. სულ ახლახანს ვიხილეთ პუტინის პომპეზური ვიზიტები საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში, რასაც შედეგად მოჰყვა საკმაოდ მასშტაბური პაკეტები ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.

- სამხრეთ აფრიკაშიც გაგზავანა ორი ბირთვული ბომბდამშენი სასწავლო მისიით, ამ რეგიონთან სამხედრო კავშირების განმტკიცების მიზნით. მოსკოვი ზედმეტ ხარჯებს ხომ არ იღებს თავის თავზე, რაც შესაძლოა მერე ძვირად დაუჯდეს? - კრემლში ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის შეცდომებს არ გაიმეორებენ და ზედმეტ, გაუმართლებელ ხარჯებს არ აიღებენ თავის თავზე. ყოველ შემთხვევაში, სირიაში მოქმედებებით ფინასური წაგება არ უნახავს, იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი კონტიგენტი ჰყავდა გაგზავნილი, საავიაციო და საზღვაო ფლოტის სახით. სხვათა შორის, სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჯარი თავის ტერიტორიაზე, პოლიგონზე სწავლებებზე ხარჯავს საბრძოლო მასალებს თუ სხვა ქვეყანაში, თუნდაც საომარ მოქმედებებში. საბჭოთა კავშირს სხვა ქვეყნებში განხორციელებული სამხედრო მოქმედებებისა და სწავლებების დროს გაწეული ხარჯები ნამდვილად დააწვა ტვირთად, თუმცა დღეს მოსკოვს სხვა რეალობა აქვს. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ნავთობის ფასი 30 დოლარზე იყო ჩამოსული, სირიის მოვლენებში რუსეთის ჩართვის შემდეგ ნავთობის ფასმა 65-დან 70-მდე დაიწყო რყევა, რაც რუსეთისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. სხვათა შორის, არც ახლა სირიისთვის რუსეთის ჩართულობა ღვთის საჩუქარი იქნება. დიდი ალბათობით, ძალიან მალე სირიაში რუსული ენერგოკომპანიები გააქტიურდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვმა თურქეთთან სარაკეტო სისტემების მიყიდვაზე გააფორმა ორმილიარდ-ნახევარ დოლარიანი კონტრაქტი. დაახლოებით ასეთივე ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საუდის არაბეთთან... რუსეთი ერთის მხრივ ხარჯავს, მაგრამ მეორეს მხრივ აფორმებს დიდ კონტრაქტებს, სამხედრო თანაშრომლობის კუთხით.

- ასეთი რეალობის ფონზე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს კარტბლანში მისცა, როდესაც სირიიდან ჯარები გაიყვანა? - ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. იძულებული გახდა თავი აერიდებინა ერთის მხრივ, რუსეთთან და მეორეს მხრივ "ნატოს" წევრ თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებას. "თეთრმა სახლმა" ერდოღანი საბრძოლო მოქმედებების მხოლოდ 5 დღით შეჩერებაზე დაიყოლია. ფაქტია, სხვა ვერაფერზე შეთანხმდნენ და ვაშინგტონმა გაცლა არჩია. სხვათაშორის, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკელებსა და თურქებს შორის გარკვეული ინციდენტიც მოხდა. თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკული ბაზების მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მერე კი თავი იმართლეს, არ ვიცოდით, რომ ამერიკის ჯარის ბაზა იყოო, მაგრამ ეს რა დასაჯერებელია? ერდოღანის პოზიციიდან გამომდინარე და სამეულის - რუსეთი, თურქეთი და ირანის მიერ სირიაში ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ ამერიკას ან ჯარის კონტიგენტი უნდა გაეზარდა ან ის ათასკაციანი ჯგუფიც გაეყვანა. კონტიგენტის გაზდა დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, გარდა ამისა იქმნებოდა "ნატოს" ქვეყნებს შორის დაპირისპირების საფრთხეც. ამიტომ არჩია გაცლა. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკება მთელი 6 საათი მიმდინარეობდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმებას იოლად ვერ მიაღწიეს. აშკარაა, რომ სირიაში და ასევე რეგიონში არსებული ვითარების ხანგრძლივი განხილვის შედეგად მიიღო ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში

- ე.ი. რუსეთს ეკისრება არცთუ ისე მარტივი მისია, იყოს მთავარი მომლაპარაკებელი თურქებს, ქურთებს, სირიისა და ირანის ხელისუფლებებს შორის. რა შედეგის დადება შეუძლია რუსეთს ამ მიმართულებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხალხებს შორის, საკმაოდ რთულია შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით თურქებსა და ქურთებს შორის, რომელთა ისტორიული მტრობა ასწლეულებს ითვლის?

- რუსეთი სწორედ ამ თემით დაიწყებს თამაშს. პუტინი შეეცდება ამერიკელებისგან მიტოვებული ქურთების ნდობა მოიპოვოს. მთავარ ამოცანად ჩაითვლება, ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება. მერე დაიწყება რაიმე სახის ფორმატით ქურთულ-თურქული საკითხის განხილვა, რომელიც დროში გაწელილი პროცესი იქნება მანამდე, ვიდრე რეგიონში რაიმე ახალი მოხდება.

- ამერიკელების მიერ ქურთების "მიტოვება" რამდენად არის მაგალითი ჩვენთვის? - ის, რომ საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, ამას ვაშინგტონი მკვეთრად აფიქსირებს. ახლა მთავარია ჩვენ ვაწარმოოთ გონივრული პოლიტიკა. საბედნიეროდ, აქ არ არის ის სიტუაცია, რაც სირიაშია. იქ რუსეთმა ფავორიტის სტატუსი საომარი მოქმედებების პერიოდში შეიძინა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ზოგადად, მთელ მსოფლიოშია დაძაბული ვითარება, რადგან ამერიკა და რუსეთი გამოდიან ფუნდამენტალური შეთანხმებებიდან, რაზეც ეყრდნობოდა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა. მოსკოვი და ვაშინგტონი გამოვიდნენ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების შეთანხმებიდან, ასევე ანტირაკეტების სისტემების შეთანხმებიდან. იწყება ყველა იმ შეთანხმების მოშლა, რაც საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის შედგა. მძიმე, სარისკო პერიოდი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მხარეები ახალი შეთანხმებების გაფორმებას არ დაიწყებენ. ახლა ყოვლად დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციის მიერ ერთმანეთის დისკრედიტირებისთვის მნიშვნელოვანი თემების, განსაკუთრებით საოკუპაციო თემით სპეკულირება.

- რას გულისხმობთ, ის რაც დღეს საოკუპაციო ხაზთან ხდება პოლიტიკური სპეკულაციის შედეგია?

- დიახ. აბა, რას ნიშნავს მცოცავი ოკუპაცია?! ეს არის ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობისთვის მოგონილი ტერმინი. რა, საზღვარს მოაცოცებენ?! არა, ბატონო, უკვე ოკუპიებულ ტერიტორიას საზღვარს ავლებენ იმ რუკების თანახმად რაც ე.წ. სეპარატისტებს აქვთ. ეს არის დროში მიზანმიმართულად გაწელილი ღონისძიება. რეალურად, ამ საზღვრის შემოვლებას სულ ერთი თვე უნდა. რუსები აკეთებენ? ჩაასობენ ბოძებს, რამდენიმე თვის შემდეგ შემოავლებენ მავთულხლართებს. გავა თვეები, მერე კიდევ ჩაასობენ ბოძებს და ა.შ. მიზანმიმართულად მოქმედებენ ასე იმისთვის, რომ შიდა პროცესებზე გავლენა მოახდინონ, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპირონ. ჩვენ არც რუკებზე საუბარი და აჟიოტაჟი გვაწყობს. რა, დავუჯდეთ ოსებს, ჩვენი რუკებით და საზღვრის დემარკაციაზე დავიწყოთ საუბარი?! ძალიან ფრთხილი პოლიტიკაა გასატარებელი, არ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს უპირისპირდებოდეს.. ეს ის საკითხია, რაშიც ერსა და ბერს ერთად დგომა გვმართებს. მით უფრო ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც ახლაა მსოფლიოში შექმნილი.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)