რა ქონებას ფლობს პარლამენტარი, რომლის ძმისშვილის ქორწილშიც "ქართული ოცნების" ელიტამ გვარიანად მოილხინა - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს პარლამენტარი, რომლის ძმისშვილის ქორწილშიც "ქართული ოცნების" ელიტამ გვარიანად მოილხინა

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ა.შ.

ერთ-ერთია პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომლის ძმისშვილის ქორწილმა, რომელიც ერევანში გაიმართა და სადაც ქართველი მაღალჩინოსნებიც იყვნენ მიწვეულნი, საზოგადოების ყურადღება მიიქცია, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შესრულებული "თბილისო" ინტერნეტჰიტად იქცა.

ენზელ მკოიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 24 ივნისს შეავსო. მის საკუთრებაშია 200 კვ. მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ახალქალაქში, რომლის საფასურიც 88 000 აშშ დოლარია. ის ფლობს 44 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს, რომლის საფასური 25 000 ლარია და სახელმწიფოს მხრიდან გადაცემულ 610 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს ახალქალაქში. მკოიანის საკუთრებაშია Mercedes Benz G500, რომელიც 2003 წელს 15 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაში მითითებულია 2000 წელს შეძენილი ავეჯი, რომელშიც 12 000 ლარი აქვს გადახდილი. მკოიანის მეუღლის საკუთრებაშია 38,3 კვ.მ ფართობის ბინა ახალქალაქში, რომელშიც 2014 წელს 11 400 ლარია გადახდილი.

რაც შეეხება მის საბანკო ანაგრიშებს, საანგარიშო პერიოდში ენზელ მკოიანს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 8259,8 ლარი, საკრედიტოზე 4000 ევრო, "თიბისი" ბანკის ანაბარზე 640 ევრო და 6705,61. მის მეუღლეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 366,9 ლარი.

რაც შეეხება დეპუტატისა და მისი მეუღლის საქმიანობას, პარლამენტის წევრობისთვის მკოიანმა 2018 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 45 288 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ ახალქალაქის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე გასულ წელს 1741,25 ლარი მიიღო, ხოლო მისმა ვაჟმა შპს "მეეკი"-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, 4800 ლარი.

თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)