"სისტემას აუცილებლად შევცლით - ბიძინა ივანიშვილი თავის პროკურორებთან ერთად წავა დასასვენებლად" - კვირის პალიტრა

"სისტემას აუცილებლად შევცლით - ბიძინა ივანიშვილი თავის პროკურორებთან ერთად წავა დასასვენებლად"

გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსა და პროკურატურაში ხდება აბსოლუტური უკანონობა, მე დავინახე კიდევ ერთი რამ - გაუნათლებლობა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სხდომათა დარბაზში არაფერი ახალი არ თქმულა.

"დავინახე პროკურორების ზოგადი გაუნათლებლობა და უცოდინრობა. დავფიქრდი ამ მდგომარეობაზე - თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს და ასეთ სპეციალისტებს უშვებენ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და საგანმანათლებლო სისტემა - ყველა არა, რა თქმა უნდა. კიდევ უფრო შემეშინდა ჩვენი მომავლის, რამეთუ აქ აღარ გვაქვს საუბარი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ტერმინების ელემენტარული არცოდნა, რომელიც უნდა იცოდეს მე-5, მე-7, მე-9 კლასის მოსწავლემ," - აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც ის ამბობს, ქვეყანა არის გადასარჩენი.

"განათლება, განათლება და განათლება - ზოგადიც და კონკრეტულად ის - რაც სპეციალიზაციას შეეხება. დღეს ვერანაირად ახსენეს ფულის გათეთრება სად მოხდა. ჩვენც გვაინტერესებს, სად ხდება ფულის გათეთრება, ის რასაც ისინი ამტკიცებენ, არის აბსურდი. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ და ამას აუცილებლად შევცლით. ბიძინა ივანიშვილი თავის პროკურორებთან ერთად წავა დასასვენებლად," - განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილს წერეთლის მიმართს სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდა და "ფულის გათეთრების საქმე" არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"