"მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა" - რას ამბობს გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა" - რას ამბობს გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე

პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის შესახებ პირველად გაიგო და შოკირებულია.

"მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური "ეჩალიჩებოდნენ", პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

"ინტერპრესნიუსი"