გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი: "ხელისუფლებისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე"

გადაიქცა თუ არა ანაკლიის პროექტი პოლიტიკური თამაშების პოლიგონად? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკულმა კომპანია "კონტი ჯგუფმა" უარყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაცია, თითქოს "კონტი" კონსორციუმს აღარ ტოვებდა. რამდენიმე დღის წინ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჯერ სოციალურ ქსელში, შემდგომ კი მედიასივრცეში ისაუბრა იმის შესახებ, რომ "კონტი ჯგუფი", რომელიც კონსორციუმის აქციების 42%-ს ფლობს, კონსორციუმს აღარ ტოვებს. თავის მხრივ, "კონტი ჯგუფმა" იმავე დღეს გაავრცელა ოფიციალური რელიზი, რომლის თანახმადაც,"ადასტურებდა საკუთარ განზრახვას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვების შესახებ. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვას და დატოვებს კონსორციუმს პროექტის კონსტრუქციული მხარდაჭერით. "კონტის" ყოველთვის სჯეროდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს ანაკლიის პორტის პროექტს", - ნათქვამია რელიზში. კომპანიის წარმომადგენელ კოლინ ვიბლის თქმით, ლევან ახვლედიანის განცხადება, თითქოს "კონტიმ" კონსორციუმის დატოვება გადაიფიქრა,"დაბნეულობის ბრალია. რა მიზანს ემსახურებოდა კონსორციუმის განცხადება და როგორია ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული დღევანდელი რეალობა, ამის შესახებ ლევან ახვლედიანი გვესაუბრება:

"ხელისუფლებამ საბოტაჟი მოგვიწყო"

- ჩვენ "კონტი ჯგუფიდან" სხვაგვარად ინტერპრეტირებული ინფორმაცია მივიღეთ და გაუგებრობაც ამან განაპირობა. რეალობა ასეთია - ზაფხულში მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ოქტომბრის ბოლომდე "კონტი" აქციებს გაასხვისებდა და კონსორციუმს დატოვებდა, მაგრამ ტრანზაქცია არ განხორციელებულა,

"კონტის" აქციები არ გასხვისებულა. შესაბამისად, ისინი დღემდე აქციონერები არიან. არც უახლოეს მომავალში იგეგმება აქციების გამოსყიდვის ტრანზაქცია, არც საუბარია ამაზე. სამწუხაროა, რომ მათ ისევ აქვთ კონსორციუმის დატოვების სურვილი. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ინვესტორებთან, მათ შორის ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან მოლაპარაკებას. ვნახოთ, რა იქნება.

- ცოტა ხნის წინ კონსორციუმი და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ ინვესტორებთან ერთობლივად იმუშავებდით. დღეს თქვენი მთავარი პრობლემა რა არის?

- არსებობს კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ბანკებისა და ოპერატორების (და არა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა" და ინვესტორების) მოთხოვნები. არის საკითხები, რომლებიც მთავრობისთვისაც ცნობილია. ახლა საჭიროა მისი მხარდაჭერა, კონსორციუმთან პარტნიორობა, რათა ერთობლივად დავძრათ საქმე. თუ ასე არ მოხდა, პასუხისმგებლობის მხოლოდ კონსორციუმზე დაკისრება მართებული არ იქნება. ჩვენ მარტო ამ საკითხებს ვერ გადავჭრით. თუ ვინმეს სირაქლემის როლში ყოფნა უნდა, სხვა ამბავია. მთავრობას არაერთხელ მოვუწოდე, ჩვენ მზად ვართ მასთან ერთად გადავჭრათ პრობლემები.

- უფრო კონკრეტულად, რა ტიპის მხარდაჭერას ითხოვთ ხელისუფლებისგან? - მან უნდა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" მათ მონაწილეობას მიესალმებიან, რადგან ბევრი კითხვის ნიშანია ჩვენსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაზე.

ამ დაპირისპირების გამო ძალიან გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება, რომ ათობით მილიონი დოლარი ჩადონ ჩვენს პროექტში.

ამასთან, არის საკითხები, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და ოპერატორებმა დააყენეს. მათი გადაჭრა მნიშვნელოვანია, რათა ამდენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩვენ 75 მილიონი დოლარი, ხელისუფლებას კი 60 მილიონი ლარი აქვს ინვესტირებული. ამ ინვესტიციების დაკარგვაზეც არ არის საქმე, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

- ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ პროექტის მომგებიანობას ეჭვქვეშ აყენებენ მმართველი გუნდის წევრები, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ. თქვენ თუ შეგინიშნავთ მსგავსი განწყობა მმართველი გუნდის წევრებისთვის პირად საუბრებში? - მმართველ გუნდში ასეთები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვადასტურებ, რომ მათ შორის ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე პირებიც არიან. როგორ შეიძლება დასავლეთისა და ნახევარი მსოფლიოს პოზიციას საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესები დაუპირისპირო?!

- ექსპერტთა ნაწილი ამბობს, ანაკლიის პროექტით აშშ რეალურად რომ იყოს დაინტერესებული, ღრმაწყლოვანი პორტი აშენებული იქნებოდაო. ხელისუფლება ირწმუნება, რომ თქვენ ვერ შეძელით ინვესტორების დაინტერესება...

- ჩვენ ახლაც გვყავს ორი ინვესტორი. ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას მხარი დაეჭირა, ხელი შეგვიშალა. შეიძლება ითქვას, საბოტაჟი მოგვიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში ვიმუშავეთ და შევძელით ორი ახალი ინვესტორის მოძიება - ყაზახურ-ჰონკონგური და ამერიკული საინვესტიციო ჯგუფების. ორივე ელემენტარულს ითხოვდა - ხელისუფლებისგან მიეღოთ კეთილგანწყობა.

პირველ ინვესტორს მთავრობამ გაცნობით შეხვედრაზე პირდაპირ დაუფიქსირა, რომ არ მიესალმება პროექტში მათ ჩართვას, რადგან არ წარმოადგენენ დასავლურ ჯგუფს და არ არიან ამერიკელები. მეორე შემთხვევაში მთავრობას სწორედ ამერიკული ფონდი წარვუდგინეთ. ფონდმა მოითხოვა წერილობითი განცხადება, სადაც დადასტურებული იქნება მთავრობის კეთილგანწყობა. დაგვპირდნენ, მაგრამ წერილი ადრესატამდე დღემდე არ მისულა.

ხელისუფლების საბოტაჟი ამით არ ამოწურულა - მაგალითად, ჩვენი პარტნიორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნა... ასევე ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემული ნებართვა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა.

- რას გულისხმობთ? - ამ ნებართვის შემდგომ ინვესტორებს დაებადათ საფუძვლიანი კითხვები ანაკლიის პროექტისთვის ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი კულუარებში ჩვენი პროექტით დაინტერესებულ პირებთან ანაკლიის არარენტაბელურობაზე ლაპარაკობდა. ამდენი ხელის შემშლელი გარემოების მიუხედავად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით ინვესტორების მოზიდვა. თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, არც ერთი მაღალი რეპუტაციის ინვესტორი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ახლოს აღარ გაეკარება.

"ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პორტის აშენება"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - მე არ ვფიქრობ, რომ ლევან ახვლედიანმა და კოლინ ვიბლიმ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "კონტი ჯგუფმა" კი გააკეთა განცხადება კონსორციუმის დატოვების შესახებ, მაგრამ დღემდე რჩება დამფუძნებლად, თუნდაც იმიტომ, რომ მისი აქტივების მყიდველი არ გამოჩნდა. ისე, "კონტი" დარჩება თუ წავა კონსორციუმიდან, სტატუს-კვო იგივე რჩება.

- რას გულისხმობთ? - ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებს კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. წარმოიდგინეთ "კონტი ჯგუფის" მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღე ეუბნები, რომ მისი მთავარი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყველა უფრთხილდება თავის რეპუტაციას. ვფიქრობ, "კონტის" კონსორციუმის დატოვების სურვილი სწორედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საწინააღმდეგო კამპანიამ გადააწყვეტინა. ხელისუფლება კი ამბობს, ამ ორ ამბავს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვსო, მაგრამ მიამიტები უნდა ვიყოთ, ეს რომ დავიჯეროთ.

- ექსპერტთა ნაწილმა "კონტი ჯგუფის" სურვილი იმით ახსნა, რომ ვაშინგტონისთვის ანაკლიის პროექტი არც ისეთი მნიშვნელოვანია. - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ ახლახან ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე. რაც შეეხება"კონსორციუმის დატოვების სურვილს, "კონტი" ამერიკის პოლიტიკას ხომ არ განსაზღვრავს, კერძო სტრუქტურაა, რომელსაც რისკების შეფასების საკუთარი ალგორითმი აქვს. ჩემთვის ცალსახაა, კონსორციუმის დატოვება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება დაინახეს და არ უღირთ პოლიტიკურად მაღალი რისკის ზონაში ასეთი ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება.

- როგორც ვიცით, რუსეთმა შავ ზღვაზე, კერძოდ ტამანში, პორტის მშენებლობა დააჩქარა. როგორ ფიქრობთ, მოსკოვი ანაკლიის პორტს კონკურენტად განიხილავს? - მოსკოვისთვის ანაკლიის პორტი მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში არ განიხილება. რუსეთმა იცის, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ახალ გეოსტრატეგიულ ინტერესებში შავ ზღვაში რუსეთის დომინანტობა არ შედის და იქ ბალანსის აღდგენას ცდილობენ. თუმცა არა აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა აკვატორიის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ შავიღვისპირეთში"ნატოს წევრი ქვეყნებიც არიან განლაგებული. შესაბამისად,"ნატოს უსაფრთხოებისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სისტემების გაძლიერება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი სტრატეგიულად შეიძლება განხილულ იქნეს მუდმივმოქმედ ბაზად თუ არა, პლაცდარმად მაინც. რუსეთისთვის კი ეს მიუღებელია. არის მეორე საკითხიც - რუსეთის ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია იქით, რომ თავად იყოს მონოპოლისტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამიტომ სამხრეთკავკასიური დერეფნის განვითარება მოსკოვისთვის ხელსაყრელი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, არა მგონია, რუსეთი გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პორტის აშენება. თავის დროზე პრობლემები იყო ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისას. რუსეთი არც ახლა არის ყოვლისშემძლე.

- ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იმიტომ განხორციელდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდა. ახლა განსხვავებული სურათი გვაქვს? - ჩემი აზრით, ხელისუფლების ამოცანა იყო და არის პროექტზე კონტროლის დაწესება. ამისთვის კი კონსორციუმი განზე უნდა გასწიოს. მისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი - ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ცდუნება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი თავად აკონტროლოს და ვაჭრობის საშუალება მიეცეს. ანაკლიის პროექტის აშენება არ აწყობს რუსეთს და აწყობს ამერიკას. ვინც მეტს გადაიხდის, იმის ინტერესს გაატარებს. რა შეიძლება იყოს ფასი? გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები. აი, ასეთ თამაშში ვართ დღეს ჩათრეული.

- თამაში გრძელდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. თქვენ როგორ გენიშნათ ამერიკელი პოლიტიკური მრჩევლისა და აშშ-ის არმიის ვეტერან ლუკ კოფის ინიციატივა, სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების შესახებ? - სამყაროში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ყველა მოთამაშე ცდილობს თავისი აქტივების ინვენტარიზაციას და სადაც სუსტები არიან, იქ გაიძლიერონ პოზიცია. ამ გეოპოლიტიკურ თამაშშიA ამერიკის შეერთებული შტატები არცთუ უსაფუძვლოდ საქართველოს განიხილავს საკუთარ აქტივად და აქ პოზიციის გამყარებას ცდილობს. თუმცა, ლუკ კოფის ეს განცხადება დროული ვერ არის. მოკლე ან საშუალო ვადაში ასეთი ბაზა საქართველოში, მით უფრო ახალქალაქში, გიუმრის ბაზის პირისპირ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. თუმცა საინტერესოა, როგორც განაცხადი და ინტერესის ფიქსაცია, რომ საქართველო ამერიკისთვის პერსპექტივაში დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილია.

- რამდენად იზიარებთ ვერსიას იმის შესახებ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარიგება შედგა და სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ კრემლმა შესაძლოა საქართველოში თავისი ინტერესები დათმოს? - ამერიკა-რუსეთს შორის დიდი გარიგება რომ შედგა, ეს ფაქტია, მაგრამ საქართველოში რუსეთის ინტერესების დათმობას გამოვრიცხავ. რუსეთს საქართველო უპირობოდ მიაჩნია თავისი გავლენის სფეროდ და ამას ნებით არ დათმობს.

- მაშინ რამდენად შესაძლებელია სირიაში მიღწეული წარმატების შედეგად, რუსეთს მადა გაეხსნას და საქართველოში გავლენის გასაძლიერებლად უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას? - ამ ვერსიას ვიზიარებ. მეტიც, რუსეთს მადა უკვე გახსნილი აქვს. უპირობოდ მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე უნდა დაბრუნდეს. ეს კრემლის უცვლელი სტრატეგიაა, ილუზიაც კი არ უნდა გვქონდეს, რომ რამეს შეცვლის, თუ იძულებული არ გახდა. დასავლეთს კი დღეს არა აქვს საკმარისი რესურსი, რუსეთს ასეთი რამ აიძულოს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ცვლილებების კვალდაკვალ გამოკვეთილი სტრატეგია არა გვაქვს. ეს მარტო ამ ხელისუფლების უბედურება არ არის, არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა გეოპოლიტიკური რეალობა გაანალიზებული. სააკაშვილმა აგრესიულ რიტორიკაზე ააგო საგარეო პოლიტიკა და ქვეყანა მაღალი რისკის ზონაში შეიყვანა, დღევანდელმა ხელსუფლებამ კი ზედმეტი სიფრთხილის გამო კაპიტულანტური ნოტები გააჩინა თავის სტრატეგიაში. მართალია, ბოლო დროს რუსეთი ძალიან აგრესიული გახდა, მაგრამ საერთაშორისო"პრესინგზე ჯერ კიდევ რეაგირებს. ეს ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ხელისუფლება კი ამისთვის ძალიან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ თუ რუსეთს მოვეფერებით, კარგად მოგვექცევა.

ხათუნა ბახტურიძე