"რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!" - ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან - კვირის პალიტრა

"რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!" - ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

"თურქეთს ვერ ავიღებთ და ვერ გადავდგამთ სადმე ავსტრალიაში, ამიტომ მისი საზღვრების უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია, არ დავუშვებთ, რომ სადმე წარმოიშვას ცეცხლი, რომელშიც ჩვენც გავეხვევით"

"არ არსებობს ასეთი რამ - ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა!"

როგორ "გამოეპარათ" თურქეთიდან საქართველოში მსოფლიოს საშიშ ტერორისტთა სიაში მყოფი ახმედ ჩატაევი, როგორ აფასებს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, თითქოს თურქეთმა ბათუმი უნდა "წაიღოს", რა ბედი ეწევათ თურქეთის ციხეებში გამომწყვდეულ "დაეშის" მხარდამჭერებს და რატომ მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძOოლაში მოკავშირეებმა თურქეთი მარტო დატოვეს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ქალბატონო ფატმა, მიღწეულია შეთანხმება ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 9 ოქტომბრიდან ატარებს. ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ქვეყნის უარყოფითი შეფასება, მეტიც, საფრანგეთის "ნაციონალური ერთობის" ლიდერმა მარი ლეპენმა პირდაპირ მოუწოდა ნატოს, შეუჩეროს თურქეთს ნატოს წევრობის მანდატი. ასევე მკაცრი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებაც - მან თურქეთის ოპერაციას სირიაში ნატოს შეცდომა უწოდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ომი გახდეს მშვიდობის წყარო სირიაში?..

- ომს არავინ განიხილავს როგორც სასურველ საშუალებას, რადგან იქ იბრძვიან ჩვენი შვილები, ძმები, მამები და საკუთარი სურვილით მათი ომში გაშვება არავის უნდა, მაგრამ თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემებს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ. მე ვარ დიპლომატი და სწორედ ამ გადმოსახედიდან გეტყვით - რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!

წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭებდით უპირატესობას, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ველაპარაკებით მოკავშირეებს, მაგრამ თუ მათ არა აქვთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ. მე თუ მკითხავთ, ლეპენისა და მაკრონის პოზიციების თანხვედრა ბევრ რამეზე მეტყველებს. ნატოს თემაზე საუბრისას მინდა შევახსენო მათ - რამდენიმე წლის წინ საფრანგეთი გამოვიდა ნატოს სამხედრო დანაყოფიდან და უკან თურქეთის ძალისხმევით მიიღეს... ჩვენ ნატოს მივიჩნევთ როგორც სამხედრო-პოლიტიკურ არეალს, რომელიც მოკავშირეებს აერთიანებს. 2012 წელს სირიამ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარდა ამისა, თურქეთი მიზანში ამოიღო ორმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) და "დაეშმა" ("ისლამური ხალიფატი"). ნატოს უნდა დაეცვა თურქეთი, მაგრამ...

თურქეთმა როგორც ნატოს, ისე საერთაშორისო კოალიციის წევრმა, დიდი წვლილი შეიტანა "დაეშთან" ბრძოლაში.

- ამას მგონი, არავინ უარყოფს...

- 2015-2017 წლებში ანკარის ტერაქტებს ასობით ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ჰოდა, იქნებ ბატონმა მაკრონმა აუხსნას ტერაქტებისას დაღუპულთა ოჯახებს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი PKK-ს?!"

თურქეთის ყველა ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება და ამას ნებისმიერი ხერხით მივაღწევთ.

- თურქეთმა 2008 წელს ერაყში ჩაატარა ოპერაცია "მზე", რომელიც მიმართული იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ. მას 2017 წელს "ევფრატის ფარი", 2018 წელს - "ზეთისხილის რტო", ახლა კი "მშვიდობის წყარო" მოჰყვა. თუ გადავხედავთ ყველა ამ ოპერაციის შეფასების დინამიკას, თვალსაჩინოა, რაც დრო გადის, მით უფრო უჭირს თურქეთს დაარწმუნოს მსოფლიო საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ განწყობები შეიცვალა როგორც თურქეთის, ისე ქურთების მიმართ. შესაძლოა თურქეთს აქვს თავისი არგუმენტები, მაგრამ მსოფლიოს აღარ სჯერა ქურთების ტერორისტობის. - პირველ რიგში, ვერ მივიღებ გამონათქვამს "ქურთები". დღეს თურქეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ ოპერაციას სირიის ეროვნულ არმიასთან (სირიის თავისუფალი არმია, რომელიც ასადის შეიარაღებული ოპოზიციაა - ავტ.), სადაც ასევე არიან ქურთები.

- მაგრამ ოპერაცია მიმდინარეობს სირიის დემოკრატიული ძალების, ქურთების თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ, ოპერაციას ეწირება ქურთი მშვიდობიანი მოსახლეობა.

- დიახ, ასეა, მაგრამ პრობლემა ქურთები კი არა, ტერორისტული ორგანიზაცია "ქურთისტანის მუშათა პარტიაა" (PKK) თავისი სირიაში არსებული დაჯგუფებით. როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ერაყსა და სირიასთან დაკავშირებით თურქეთმა გააფრთხილა მოკავშირეები და განაცხადა, რომ საჭირო იყო უსაფრთხოების ერთობლივად უზრუნველყოფა.

2014 წელს მოსულში თურქეთის საკონსულოზე მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ დაიწყო კოალიციის ჩამოყალიბება. თურქეთიც ამ კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. როცა დავინახეთ, რომ "დაეშმა" ერაყიდან სირიაში გადმოინაცვლა და თურქეთის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიები დაიკავა (სხვათა შორის, ის ტერიტორიები, სადაც ახლა ოპერაცია "მშვიდობის წყარო" მიმდინარეობს), მივმართეთ კოალიციის წევრებს, რომ საზღვრის გასწვრივ ჩაგვეტარებინა ოპერაცია და გაგვეწმინდა "დაეშისგან". მაშინ აშშ-მა განაცხადა, რომ თავის ჯარისკაცებს ვერ გაგზავნიდა, ევროპული ქვეყნებიც თავს იკავებდნენ სამხედრო-სახმელეთო ოპერაციებისგან, ფიქრობდნენ, რომ ჩართვის შემთხვევაში ახლა მათი ქვეყნები გახდებოდნენ "დაეშის" სამიზნე. მაგრამ "დაეში" არ შედგებოდა მხოლოდ უცხოელი მეომრებისგან, მის დიდ ნაწილს სირიელები და ერაყელები წარმოადგენდნენ. "დაეშისგან" "გადაშავებული" ტერიტორიების რუკა ჯერ კიდევ 2015 წელს გადავეცით ამერიკელებს.

- ანუ მას შემდეგ, რაც თურქეთმა მოკავშირეებს დახმარება სთხოვა, კოალიციამ თურქეთი მარტო დატოვა "დაეშის" პირისპირ? - დიახ, შეატოვა "დაეშს". 2015 წელს აშშ-მა "დაეშის" წინააღმდეგ ბრძოლაში PKK-სთან შეთანხმებას მიაღწია. დანარჩენი ქვეყნებიც დაქირავებულ ძალად PKK-ს იყენებდნენ. ეს დაიწყო კობანში, სადაც ჩვენ ვერ შევედით, რადგან PKK -მ და YPG-ს რაზმებმა არ შეგვიშვეს. ჩვენ მარტო ვერ შევიდოდით იმ ადგილას, სადაც ქურთი რადიკალები იყვნენ.

- მე მაშინ ყურადღებით ვადევნებდი თვალს კობანთან მიმდინარე მოვლენებს და ვითარება ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე თქვენ აღწერთ. კერძოდ, 2014 წლის სექტემბერში, როდესაც "დაეშმა" ამ პატარა ქურთულ ქალაქზე შეტევები დაიწყო, იმ დროისთვის კობანში მხოლოდ მისი დამცველები იყვნენ, მაშინ როცა თურქეთის მხრიდან საზღვარზე ასობით ქურთი მოხალისე საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იწვოდა ქალაქი და თავისი მოძმეების დახმარებას ვერ ახერხებდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თურქეთი საზღვარზე არ უშვებდა. მეტიც, ერთი აქტივისტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად სცადა საზღვრის გადალახვა, თურქმა მესაზღვრეებმა იქვე დახვრიტეს. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად, თურქეთმა საზღვარზე ქურთული "პეშმერგას" (ერაყელი ქურთების სამხედრო შენაერთი) 300-კაციანი რაზმი გაატარა კობანელების დასახმარებლად. კობანმა, რომელსაც ქურთებმა "მეორე სტალინგრადი" უწოდეს, ძირფესვიანად შეცვალა განწყობა თურქეთის მიმართ. ერთი მხრივ, კობანის მცველები, რომლებიც "დაეშის" ელიტური ნაწილებისგან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდნენ ქალაქს და მეორე მხრივ, ამხელა სახელმწიფო - თურქეთი, რომელიც მათი დახმარებისთვის არაფერს აკეთებდა. - გეტყვით, მიზეზი რა იყო: გლობალურმა მედიამ იმოქმედა კოალიციის სურვილების შესაბამისად - ანუ თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში არ არის მხოლოდ კობანი, იქ არის თელაბიათი და სხვა მცირე ქალაქები, სადაც არაბები ცხოვრობენ. მათ თურქეთის მხარესაც აქვთ კავშირები, ჰყავთ ნათესავები. როდესაც "დაეში" თელაბიათში შევიდა და დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა, არავინ ამოიღო ხმა თურქეთის გარდა. თურქეთმა არც მაშინ მისცა თავის მოქალაქეებს უფლება, მეორე მხარეს დასახმარებლად გადასულიყვნენ, რადგან "დაეშის" წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო საზღვრისპირეთში მცხოვრები თურქული, არაბული, ქურთული ან თურქმენული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეების საქმე. "დაეშთან" ბრძოლა კოალიციის საქმეა, სადაც წარმოდგენილი ვართ სამხედრო ძალით, ანუ იბრძვის ჯარი და არა მოქალაქე. თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას იმ მიზნით, რომ ვინმეს დრო მოაგებინოს, მაგალითად, სხვა ქვეყნებს.

იმ დროს საზღვრები გავხსენით, კობანიდან და სხვა ქალაქებიდან დევნილები შევიფარეთ, მათ შორის 350 ათასი ქურთი. მაშინ თურქეთი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მუდმივად ითხოვდა, მოდი, ერთად ვებრძოლოთ "დაეშსა" და ასადის რეჟიმსო, რადგან მხოლოდ თურქეთი ვერაფერს გახდებოდა. დასავლეთის ქვეყნებმა კი თურქეთის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს - გაჩნდა მებრძოლი ქურთი ქალების ფოტოები, რომლებიც რომანტიკული ელფერით შეიფუთა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფასადი! შეიძლება თურქეთმა მედიაბრძოლა წააგო, მაგრამ ჩვენ არ შევედით უფრო დიდ ბრძოლაში. ქალთა თავისუფლება არ მოდის იარაღით ხელში, ქალთა თავისუფლება მოდის უპირველესად განათლებით, მშვიდობით! ამას ვამბობ როგორც ქალი დიპლომატი...

დასავლეთის ქვეყნებმა არ მოინდომეს ომში ფეხის დასველება, თუმცა იცოდნენ, რომ თურქეთი მარტო ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ მონახეს PKK, რომელსაც იარაღიც გააჩნდა, სამხედრო დაჯგუფების სახეც ჰქონდა და "დაეშთან" ბრძოლაში მისი გამოყენება დაიწყეს. თუმცა კარგად იცოდნენ, რომ PKK -ს, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურს, "დაეშთან" ბრძოლის გარდა, სხვა გეგმებიც ჰქონდა - ტერიტორიების მითვისებას ცდილობდა. თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არაბი სუნიტები და ქრისტიანი ასირიელები განდევნეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სირიის 1/3-ს აკონტროლებდნენ. რადგან კოალიციის წევრმა ქვეყნებმა მისცეს იარაღი, მედია და პოლიტიკური მხარდაჭერა, ამით შეგულიანებულმა PKK-მ თავი თურქეთზე ძლიერად ჩათვალა. სირიის მხრიდან დაბომბა თურქეთის ტერიტორია, გახსნა ცეცხლი და შემოგზავნა შაჰიდები.

- ქურთები "დაეშის" წინააღმდეგ არ იბრძოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლის ჟინი კლავდათ. ელოდნენ, რომ ამ ბრძოლის სანაცვლოდ მათთვის საოცნებო ავტონომიას მიიღებდნენ, რაც, სავარაუდოდ, კოალიციასთან შეთანხმების შემდგომ გაუჩნდათ. თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთის საზღვართან ქურთული ავტონომიის არსებობა თურქეთისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის კიდევ უფრო წაახალისებს სეპარატიზმს და მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროდ იქცევა. მოკავშირეების ასეთი გადაწყვეტილების შემდგომ როგორია თურქეთის პოზიცია?

- ჩვენ მაშინაც და ახლაც ვეუბნებით მათ - შევთანხმდეთ ევროატლანტიკურ ფასეულობებზე. გარდა ამისა, ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილე თანხმდება სირიის ტერიტორიული ერთიანობის პრინციპით ქვეყნის დემოკრატიულ მოწყობაზე, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის საზღვართან სირიის მხარეს მუდმივად კონფლიქტური სიტუაციების ინსცენირებაა. პრობლემას ავტონომიის შექმნაში კი არა, კონფლიქტის მუდმივი წყაროს არსებობაში ვხედავთ. ჩვენ ჩრდილოეთ ერაყში ქურთების ავტონომიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხელშეკრულებაც გავაფორმეთ მათ მიერ მოპოვებული ნავთობით ვაჭრობაზე.

- გეთანხმებით, თუმცა მე მახსოვს ერდოღანის ცნობილი სიტყვები: "ერთ საღამოსაც ჩვენ მოვალთ!" ამით მან ერაყელი ქურთები გააფრთხილა, უარი ეთქვათ დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებაზე. - სხვათა შორის, მაშინ რეფერენდუმს ისრაელის გარდა, არც ერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. თურქეთის პრეზიდენტმა ეს სიტყვები წარმოთქვა ერაყის ჩრდილოეთით, ქანდილში მყოფ PKK-სთან მიმართებაში. არც ერთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. "ცივი ომიდან" მოყოლებული, რეგიონში ქურთების მიმართ პოლიტიკა ასეთი იყო - ისინი უნდა ყოფილიყვნენ იზოლირებული, ეცხოვრათ სიღარიბეში, ამის გამო იყვნენ ჩაგრულები და ხდებოდა მათი რადიკალიზაცია.

- მაგრამ თურქეთიც ბოლო დრომდე ხომ ასეთ პოლიტიკას ატარებდა. თურქეთის კონსტიტუციით, თურქეთში მცხოვრები ყველა ადამიანი არის თურქი. ქურთები, რომლებიც ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და საკუთარი სახელმწიფოს შექმნისთვის რამდენიმე ასეული წელია იბრძვიან, ძნელია დააჯერო, რომ ისინიც თურქები არიან. ამასთან, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არ იყო ხელმისაწვდომი განათლება, სკოლებში ქურთული ენა აიკრძალა. ამიტომაც პოვა რადიკალიზმმა დასაყრდენი. - გეთანხმებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ არ ვამბობთ "ქურთული ტერორიზმი", ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაციად PKK-ს განვიხილავთ. ის არ წარმოადგენს ქურთებს. ქურთებს შესაძლებელია სხვადასხვა მოთხოვნები ჰქონდეთ, მაგრამ ტერორიზმი არ ტოვებს ადგილს ლეგიტიმური პოლიტიკისათვის.

და კიდევ, ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ, რომ თურქეთი "დაეშის" წინააღმდეგ კარში მცველად არ დადგება! ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის თურქეთის საფრთხეების გასანეიტრალებლად.

- ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" მიმდინარეობისას გაჩნდა კითხვა, რომელიც ბევრ ქვეყანას აწუხებს. ე.წ. თავდაცვის ზონის ტერიტორიაზე არის ციხეები, სადაც ქურთებს "დაეშის" მხარდამჭერები ჰყავთ გამოკეტილი. ერთ-ერთ ასეთ ციხეში 12 000 "დაეშის" მებრძოლია, აქედან 4000 უცხოეთის მოქალაქე. რა მოხდება, თუ ქურთები მიატოვებენ ციხეებს და იქ მყოფ პატიმართა დიდი ნაწილი თურქეთის საზღვარს მოაწყდება, შეძლებს თუ არა თურქეთი მათ შეჩერებას? ყველამ ვიცით, რომ სირიის კონფლიქტის დროს თურქეთის საზღვარი არაერთ მებრძოლს გადმოუკვეთია, მათ შორის ცნობილ ტერორისტებსაც.

- უსაფრთხოების ზონა ნიშნავს უსაფრთხოების ზონას, სადაც ვერ უნდა მოხვდნენ ტერორისტები და მით უმეტეს, ვერ გადმოლახონ თურქეთის საზღვარი.

- მაგრამ ხომ იყო არაერთი შემთხვევა? - ძალიან ბევრი სირიიდან თურქეთში გადმოსული დააკავეს და გადასცეს თავიანთ ქვეყნებს. ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ევროპის ქვეყნებს 2000-3000 ტერორისტზე მივაწოდეთ ინფორმაცია ან გადავეცით. ევროპის ქვეყნები კი არ გვაწვდიან ინფორმაციას, პირიქით, ჩვენ ვაწვდით. თქვენ ციხეები ახსენეთ და, იცით, ვინ არიან იქ მყოფი პატიმრები?

- ვიცი, რომ 4000 უცხოეთის მოქალაქეა. - ეს თქვენ იცით, ჩვენთვის არავის უთქვამს! ევროპელები ცდილობენ ისინი ქურთებს დაუტოვონ, რა, ახალი გუანტანამოა?! ვთქვათ არიან "დაეშის" მხარდამჭერები, მაგრამ ვინმემ იცის, კონკრეტულად რა გაუკეთებიათ "დაეშისთვის"? ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ არაფერი უცნობებიათ. ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს ადამიანების დატყვევებას და ვიღაცისთვის შანტაჟის საშუალების მიცემას, თუ არ დამეხმარები, ამათ გავათავისუფლებო. ეს შანტაჟის ენაა. PKK ბოლო ერთი წელია გაიძახის, ამ ადამიანებს ვეღარ ვუვლიო. კანადელი ჟურნალისტები ჰყავდათ ჩაყვანილი, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტებიც. მათ ბანაკებში ნახეს ბავშვები, რომლებიც ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ისინი ინგლისიდან არიან, დედ-მამა აღარ ჰყავთ. ეს ბავშვები იქ უნდა დარჩნენ? ახლა ისინი 5 წლის არიან, 10 წლის შემდეგ 15-ის იქნებიან და რა გარანტია გვაქვს, მათ PKK თურქეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს? ის ტერორისტული ორგანიზაციაა და არა აქვს რესურსი მოუაროს ციხეებს, უზრუნველყოს პატიმრების უსაფრთხოება. მაგალითად, "ალ-ქაიდას" გადასცემდით ქალებსა და ბავშვებს? "ალ-ქაიდაც" ხომ "დაეშს" ებრძვის და მაშინ ჩავაბაროთ ისინი "ალ-ქაიდას". შეიძლება იდეოლოგია სხვა აქვთ, მაგრამ ბრძოლის მეთოდები იდენტურია.

- გასაგებია, მაგრამ თუ ქურთები თურქეთს ჩააბარებენ ციხეებს, თურქეთი შეძლებს მათ მოვლას? - უპირველესად, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება. თუ დადგინდება, რომ ვთქვათ, კონკრეტული ადამიანი ფრანგია, საფრანგეთმა უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა და შემდეგ მისივე კანონებით გასამართლება.

- ანუ ყველას დააბრუნებთ სამშობლოში? არადა, სწორედ ეს აშინებს ყველა ქვეყანას, არ მოხვდნენ ტერორისტები მათ ტერიტორიაზე. - როდესაც ქვეყანას დაუგროვდა ნაგავი, უფლება აქვს თავისი ნაგავი სხვა ქვეყანაში წაიღოს და დაყაროს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ყველა ქვეყანა თავის დაყრილ ნაგავს უვლის, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

- 23 ნოემბერს ორი წელი სრულდება თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციიდან, რომელსაც ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოჰყვა. მე მაქვს კითხვა - ვთქვათ ჩვენი საზღვარი ბოლომდე კარგად დაცული არ არის და ჩატაევი თანმხლებ პირებთან ერთად შემოგვეპარა, მაგრამ როგორ გამოგეპარათ ის თქვენ? მეტიც, როგორც გაირკვა, ჩატაევი საქართველოში ჩამოსვლამდე 6 თვე იზმითში ცხოვრობდა. თურქეთის სპეცსამსახურების პროფესიონალიზმში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ, ამიტომ მექმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთმა ჩატაევი უბრალოდ გამოატარა. - ჯერ ერთი, არა მაქვს ინფორმაცია, რომ ჩატაევი იზმითში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, მას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჰქონდა დოკუმენტები მიღებული. მეორე - თურქეთი ერთდროულად ებრძვის რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციას: გულენისტებს (FETO), PKK-ს და PYD-ს. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე? რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?

- მაგრამ ჩატაევს თურქეთის სპეცსამსახურებიც დაეძებდნენ. ის სტამბოლში კლუბში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, ჩატაევი მსოფლიოს საშიშ ტერორისტთა სიაშიც შეიყვანეს.

- ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი კავშირში იყო რომელიმე ტერაქტთან, მაგრამ შეიძლება მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. კლუბში ტერაქტის ჩამდენი პირი დავადგინეთ - ის ჯერ ავღანეთიდან ჩამოვიდა ირანში და იქიდან არალეგალურად მოხვდა თურქეთში. ამ ადამიანზე ინფორმაცია იყო დსთ-ის რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზაში. ჩვენ ის აქ მხოლოდ ტერაქტის შემდეგ აღმოვაჩინეთ, მანამდე მასზე არაფერი ვიცოდი.

მინდა გითხრათ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თურქეთს მეზობელი მეგობარი ქვეყნებისთვის არასოდეს დაუმალავს ინფორმაცია ამა თუ იმ პირების შესახებ და არასდროს უმოქმედია მათი ინტერესების საზიანოდ, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე მიიღებს და გადასცემს თურქეთს, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამაში მინდა დარწმუნებული იყოთ!

აქვე ბრიუსელის ტერაქტის უცნობ დეტალებს გაგიმხელთ. ტერაქტის მონაწილეებიდან ერთ-ერთი თურქეთმა დააკავა სირიიდან გადმოსვლის დროს. მის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ბელგიურ მხარეს, თუმცა გვითხრეს, რომ ეს ადამიანი მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო(?!), ჩვენ ის სამი კვირა დავტოვეთ თურქეთის ციხეში და მერე გავაძევეთ ქვეყნიდან. როდესაც ის ამსტერდამის აეროპორტში მოხვდა, ჰოლანდიელებს ამის შესახებ ბელგიელი კოლეგებისთვის, სავარაუდოდ, არც უცნობებიათ, საბოლოო შედეგი კი ყველამ ვნახეთ... ასეთი უამრავი შემთხვევა გვქონია.

თურქეთს ვერ ავიღებთ და ვერ გადავდგამთ სადმე ავსტრალიაში, ამიტომ მისი საზღვრების უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. არ დავუშვებთ, რომ სადმე წარმოიშვას ცეცხლი, რომელშიც ჩვენც გავეხვევით.

- თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ თურქეთის მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდა, მარტო გააგრძელებთ ბრძოლას ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ? - დიახ, გავაგრძელებთ! ჩვენ ჰიმნში გვაქვს ასეთი ფრაზა: "სანამ უკანასკნელი ოჯახი იქნება, დროშა მაინც იფრიალებს", რაც ნიშნავს, რომ ერთი კაციც რომ დარჩეს, ბრძოლა მაინც გაგრძელდება!

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, თურქეთი ბათუმის მიერთებას გეგმავსო. აღნიშნულის შესახებ თქვენ მკაცრი განცხადება გააკეთეთ და ზემოხსენებული ინფორმაცია უარყავით. როგორ ფიქრობთ, ვის უნდა აძლევდეს ხელს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მავანი მუდმივად ცდილობს ქართულ-თურქულ ურთიერთობაში შუღლის გაღვივებას. აპელირება ხდება ყარსის ხელშეკრულებაზე, თითქოს ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი და თურქეთი მას ადრე თუ გვიან საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. - ამ საკითხზე თურქეთს აქვს ძალიან ნათელი პოზიცია. არ არსებობს ასეთი რამ - ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა! თურქეთი და საქართველო კარგი მეზობლები არიან, რომლებმაც აღიარეს და მონიშნეს ერთმანეთის საზღვრები, პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. სირიის ოპერაციის დაწყების შემდეგ ამ საკითხზე სოციალურ მედიაში ყალბი მისამართებიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ეს მაშინვე განვაცხადეთ - ისინი, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეწინააღმდეგებიან თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ამის უფლებას მათ არ მივცემთ!