"შანსი გვაქვს, ორპოლუსიან არჩევნებზე უარი ვთქვათ" - კვირის პალიტრა

"შანსი გვაქვს, ორპოლუსიან არჩევნებზე უარი ვთქვათ"

რა შედეგს მივიღებდით, 2016 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით რომ გამართულიყო

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პირველ ან მეორე ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის დაკომპლექტება კოალიციის შექმნით მოუწევს. ახლა მთავარი ინტრიგაა, ვინ ვისთან ითანამშრომლებს და ვინ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია და ამის საშუალებას, ფაქტობრივად, არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები იძლევა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის პროგნოზს, რომ მომავალ წელს 45%-ს აიღებს, რაც დაახლოებით 68 მანდატია, "შენების მოძრაობის" წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ფანტასტიკის სფეროს უწოდებს.

- 2016 წლის არჩევნების შედეგების პირდაპირ გადმოტანა 2020 წელს რთული იქნება, რადგან მაშინ ბლოკების შექმნა შეიძლებოდა, ახლა კი აკრძალულია. უბლოკობამ შეიძლება არჩევნებში სერიოზული კორექტივები შეიტანოს.

- 2020 წლის არჩევნებისთვის ხაზარაძე რამდენად შეიძლება მესამე ძალად ვიხილოთ? - თეორიულად არცთუ პატარა შანსი აქვს, ოღონდ როგორი წილით, ვერ გეტყვით. ამის თქმა არჩევნებამდე 3-4 თვით ადრეც გამიჭირდება.

- 2016 წელს პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, პარლამენტში 10 პარტია შევიდოდა. ამ პარტიებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში? - 2020 წელს ასეთი სურათი აღარ იქნება. მაგალითად, მაშინ "ოცნება" არ იყო ბლოკი, თუმცა მის სიაში შედიოდნენ სოციალ-დემოკრატები,"კონსერვატორები და სხვები, "ნაცმოძრაობა" კი გაყოფილი არ იყო, თანაც ახლა "ნაციონალებთან" წვრილ-წვრილ პარტიებს არაფორმალური ბლოკი აქვთ შექმნილი. ამ სიაშია "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელიც მანამდე მარტო იყო.

თუ ბლოკები აიკრძალა, ეს პარტიები რას გადაწყვეტენ, არ ვიცი, ამიტომ პროგნოზის გაკეთება მიჭირს.""თავისუფალი დემოკრატები" ახლა "ევროპულ საქართველოსთან" არიან. იმდენი კითხვის ნიშანია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძნელი სათქმელია, ვის რამდენი მანდატი ექნება.

- მრავალფეროვანი პარლამენტი გვეყოლება? - სავსებით შესაძლებელია 10-ზე მეტი სუბიექტიც არ იყოს. ერთი შეხედვით ადვილია 0,67%-ის ხმების მიღება, მაგრამ თუ 2-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მაშინ დაახლოებით 14 ათასი ხმა იქნება საჭირო ერთი მანდატისთვის, თუ მილიონ-ნახევარმა - 12 ათასი. ასე რომ, ამდენი ხმის მიღება ძალიან ძნელია, მით უფრო, თუ არჩევნებში ბევრი პარტია ჩაერთვება. ცოტ-ცოტა ხმები გადანაწილდება და შეიძლება რომელიმეს ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეს. ვფიქრობ, ბარიერს დაახლოებით 10 პარტია გადალახავს.

- ამომრჩევლის აქტივობას რამდენს ვარაუდობთ? - ოფიციალურად დაახლოებით 3 მილიონ-ნახევარი ამომრჩეველია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ აქედან მილიონი საზღვარგარეთ არის. ვფიქრობ, არჩევნებზე სადღაც მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი მივა და 13-14 ათასამდე ხმა იქნება საჭირო ერთი მანდატის მოსაპოვებლად.

- "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ არჩევნებზე 45%-ს აიღებენ. - ობიექტურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს ფანტაზიის სფეროა. 45% დაახლოებით 68 მანდატია. უმრავლესობის მოპოვებას კიდევ 8 მანდატი დასჭირდება და ეჭვი მეპარება, ერთი წლის განმავლობაში "ოცნებამ" რაიმე ისეთის გაკეთება შეძლოს, რომ დაიბრუნოს განაწყენებული ამომრჩეველი.

- მაშ, რამდენ პროცენტს აიღებს? - დაახლოებით 30%-ს, ეს კი 45 მანდატს უდრის, უმრავლესობისთვის საკმაოდ ბევრი დააკლდება - 31 ხმა.

- მთავრობის დაკომპლექტებისთვის ვისთან შეიძლება "ოცნებამ" ითანამშრომლოს? - პარლამენტში კოალიცია ისეთ პარტიებს შეუქმნიათ, ვინც დანასისხლად თუ არ იყვნენ გადაკიდებული, არც ბევრი აკლდათ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პარლამენტში რამდენი სუბიექტი შევა და ვინ რამდენი მანდატით. ასევე გადამწყვეტი იქნება, ვის რა მოთხოვნა ექნება კოალიციის შექმნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მეორე შედეგის მქონე პარტია და მას რამდენად ექნება უნარი, რომ მოლაპარაკება გამართოს სუბიექტებთან.

- არის იმის ალბათობა, რომ "ოცნება" მთავრობის დაკომპლექტების მიღმა აღმოჩნდეს? - მსოფლიო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დიდი ფრაქცია დარჩენილა ოპოზიციაში, იმიტომ, რომ სხვებს დაუკომპლექტებიათ მთავრობა. არც იმას გამოვრიცხავ, რაღაც ისეთი მოხდეს, "ოცნებამ" ვერ აიღოს პირველი ადგილი.

2012 წელს""ნაცმოძრაობისთვის" ვინმეს რომ ეთქვა, პირველ ადგილზე ვერ გახვალო, სიცილით დაიხოცებოდნენ. იმასაც არ უშვებდნენ, რომ პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილზეც ვერ გავიდოდნენ.

- მეორე ადგილზე ვინ შეიძლება ვიხილოთ? - ბოლო გამოკითხვებით, მეორე ადგილზე იყო "ნაცმოძრაობა", მაგრამ ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს.

- მაინც არის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა "ნაცმოძრაობამ" ჩამოაყალიბოს? - უმრავლესობის შექმნის ყველაზე მეტი შანსი აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც პირველ და მეორე ადგილებზე გადიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მათი მონაწილეობით უნდა შეიქმნას უმრავლესობა.

- საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, დაახლოებით თუ შეიძლება ანალიზის გაკეთება? - 2018 წელს, ერთი მხრივ, "ნაციონალების" და მეორე მხრივ, "ოცნების" ძალისხმევით არჩევნები მკვეთრად პოლარიზებული იყო. ბევრმა ამომრჩეველმა, რომელთაც ვაშაძე ძალიან არ უნდოდათ, ზურაბიშვილს მისცა ხმა და პირიქით...

საპარლამენტო არჩევნების დროს მომისმენია, ეს კი მომწონს, ბევრ არჩევნებში ამ პარტიას მივეცი ხმა, მაგრამ ჩემი ხმა იკარგება, რადგან ეს პარტია ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას. ამიტომ ახლა ისეთ პარტიას მივცემ ხმას, ჩემი ხმა რომ არ დაიკარგოს, თუმცა ნაკლებად მომწონსო.

2020 წელს ამომრჩეველს ასეთი დილემა აღარ ექნება, ხმის დაკარგვის ალბათობა მკვეთრად შემცირდება. ახლა რაიმეს პროგნოზირება რთულია. ამომრჩევლის ინფორმირება გვჭირდება და ამაში მედიის როლი ძალიან დიდია. შანსი გვაქვს, რომ ორპოლუსიან არჩევნებზე უარი ვთქვათ.