200-ჯერ გაზრდილი უბედურება
200-ჯერ გაზრდილი უბედურება
2018 წელს 1.294.633.461 ლარის ფსონი დაიდო

საქართველოში აზარტული თამაშებისადმი ინტერესი და შესაბამისად, დადებული ფსონების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. თუ რამდენი კაცი თამაშობს, ზუსტი სტატისტიკის მოპოვება შეუძლებელია, თუმცა ამ სფეროთი დაინტერესება რომ ყოველდღიურად იზრდება, ეს ფსონების მოცულობით ჩანს. 2018 წელს ონლაინკაზინოებში 232,1 მლნ ლარით, დაახლოებით 22%-ით მეტი ფსონი დაიდო, ვიდრე 2017 წელს - კერძოდ, თუ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში 2018 წელს მიღებული ფსონების ჯამმა 1.294.633.461 ლარი შეადგინა,
2017 წელს ეს რიცხვი 1.062.533.252 ლარი იყო.

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

ერთი სიტყვით, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო
10 წელიწადში ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნესსექტორის ბრუნვა 86,6 მლრდ ლარია, ამ მაჩვენებელში კი სათამაშო ბიზნესის წილი დაახლოებით 16%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშებით არაერთმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, დაკარგა ქონება, ჯანმრთელობა... უამრავმა ლუდომანმა გამოსავალი იმ ქვეყანაში გადასახლებით იპოვა, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია...

პარლამენტის წევრი, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებაში სათამაშო ბიზნესს მფარველობენ.
- ფსონების მოცულობის მიხედვით გამოთვლილ სტატისტიკაში ასახული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ, მით უფრო, რომ ტენდენცია მზარდია. ეს არის ქვეყანა, სადაც სამმილიონნახევრიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც არც სამსახური და შესაბამისად, არც შემოსავალი აქვს, ონლაინკაზინოებში გასართობად კი არა, მოგების იმედით თამაშობს. ეს კატასტროფაა! არ ვიცი, კიდევ რა სიტყვებით შეიძლება გადმოვცე ეს უმძიმესი სიტუაცია, თუმცა ხელისუფლება დუმს.

- ჩვენ ვნახეთ არაერთი თაროზე შემოდებული კანონპროექტი და ინიციატივა, ანუ გამოსავალი არ არსებობს?
- დიახ, ჯერჯერობით ასეთი რეალობაა. ახალგაზრდები ეწირებიან მავანთა ჯიბის გასქელებას, მათ ხან თოკიდან ხსნიან და ხანაც სახურავიდან ხტებიან, ხელისუფლება კი მხოლოდ ფასადური განცხადებებით ეხმიანება ამ უმძიმეს ვითარებას.
გამოსავალი ისევ და ისევ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, თუმცა... ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოვხსნათ, რათა ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. ამიტომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მოვახდინეთ. ონლაინთამაშების ბიზნესი უზარმაზარ მასშტაბს აღწევს. წარმოიდგინეთ, ახლაც იგივე კანონმდებლობა მოქმედებს, რაც მაშინ, როდესაც ამ ბიზნესს 60-მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა. ახლა ეს ბრუნვა 14 მილიარდამდე ავიდა და ეს ენის მოჩლექით საუბრის შედეგია. ამასობაში ეს ბიზნესი, თავისი მიზიდულობისა და ჩართულობიდან გამომდინარე, საგანგაშო მასშტაბს იღებს. ყოველდღიურად უარესს უნდა ველოდოთ - ამ სფეროს კიდევ უფრო ზრდასაც და ადამიანურ დანაკარგსაც.

- თითქმის ყველგან სათამაშო სექტორის რეკლამაა - ტრანსპორტში, ქუჩაში, სკოლებთან; ინტერნეტში ფილმის ნახვა შეუძლებელია ონლაინკაზინოს რეკლამის გარეშე, თუმცა რეგულაცია არა და არ ხდება...
- დიახ, ყველანაირი ფაქტორი არსებობს, რომ მეტი და მეტი ადამიანი მიიზიდონ. ფსონების მოცულობა გვიჩვენებს,­ რომ თითქმის ყველას ჰქონია შეხება თამაშთან... მოთამაშეთა რაოდენობის ზრდის­ პარალელურად, ფულის გათეთრების შესაძლებლობები გაიზარდა. ამის საშუალებას პირდაპირ კანონმდებლობა იძლევა. კანონით, ფულის გათეთრება დანაშაულად ითვლება, იმავდროულად კი სისტემა ადამიანებს შავი ფულის გათეთრების საშუალებას აძლევს. ყველაზე კარგად ფული ონლაინკაზინოებისა და კაზინოების საშუალებით "ირეცხება".

- ეს ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების გარეშე...
- რასაკვირველია... ის, რომ ხელისუფლება არ აპირებს რამის შეცვლას, ნიშნავს, რომ ვიღაცები ხეირობენ. გადაწყვეტილების მიღება და ზემოქმედება შეუძლიათ ძალაუფლების მქონე პირებს, ხელისუფლება ხედავს პრობლემას, მაგრამ არაფერს აკეთებს, რადგან უჩა მამაცაშვილი და მისი კლანის წევრები ამ ბიზნესს აკონტროლებენ და დიდ სარგებელსაც ნახულობენ. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი პრობლემის გაღრმავებას კი არ შეუწყობდა ხელს, მოაგვარებდა.

- როდესაც მმართველ გუნდში ამ საკითხზე საუბრობთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც პრობლემის მოგვარება შეუძლიათ?
- ახლა არც ინტერესდებიან... ადრე ყველა პრემიერ-მინისტრი ამაზე ლაპარაკობდა, მამუკა ბახტაძემ აქეთ შემოგვიტია, როგორ თუ არ გჯერათ ჩემი, აგერ ვნახავთ, მე ამ პრობლემას მოვაგვარებო... ვერც მან მოაგვარა და ვერც მისმა წინამორბედებმა. შესაბამისად, მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე - ან იტყუებიან, ან ვიღაცის ძლიერი ხელი არ აგვარებინებს. "ძლიერი ხელი" და გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი. როგორც ჩანს, ივანიშვილთან ეს საკითხი იბლოკება. სამწუხაროდ, კონკრეტული მტკიცებულება არ გამაჩნია, მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე ვმსჯელობ.

- თქვენ პრემიერ გიორგი გახარიაზეც განაცხადეთ, რომ ის წინააღმდეგია რეგულაციების. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ის, რომ ამ საკითხზე არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. არაერთი ტრაგედიის მომსწრეა, მაგრამ არ იმჩნევს. ერთხელ მაინც დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. არ მჯერა, რომ გახარია ის ადამიანია, ვინც ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავა. სწორედ ეს "ნება" ბლოკავს კანონპროექტს, რომელსაც ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა და დარეგულირება შეუძლია. ჯერჯერობით ვხედავ, რომ მის განხორციელებას ხელს გახარია უშლის.

- რა ეტაპზეა ახლა თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი?
- ორი კანონპროექტი გვაქვს შემუშავებული: ერთი ეხება რეკლამის აკრძალვას და ხელახლა დავარეგისტრირეთ, და მეორე - რეგულაციებს, რომელიც წელიწადზე მეტია თაროზეა შემოდებული და წარმოდგენა არა მაქვს, რა ბედი ეწევა.

- დადებული ფსონების გაზრდილი მოცულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სხვა ქვეყნებიდან გაიზარდა თანხების შემოდინება?
- რასაკვირველია, უცხო ქვეყნებიდანაც შემოდის თანხა, ისეთი კომპანიებიდან, რომლებიც ოფშორში არიან რეგისტრირებული, თუმცა, ფაქტია, საქართველოში "მასპინძლების" გარეშე, ანუ სახელმწიფოს ნებართვისა და კონტროლის გარეშე, ვერ შემოვიდოდნენ. კონკრეტულად ვინ დგას მათ უკან, ვინ მუშაობს მათ მოზიდვასა და შემოყვანაზე, ამის გაშიფვრა რთულია. თუმცა ფსონების მოცულობიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ამ სფეროს მიმართ ინტერესი დიდია. ამასთან, ეს არ არის სუფთა ბიზნესი, მას უამრავი ბნელი მხარე აქვს და ეს ძალაუფლების მქონეთ მანიპულირების საშუალებას აძლევს - ანუ ეს ბიზნესი პირველი პირების კონტროლს მიღმა არ არის, ინტერესი ორმხრივია და საქართველოში ამ სფეროში იმაზე დიდი ფული ტრიალებს, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. ჩემს ერთ-ერთ კანონპროექტში ნახსენები სათამაშო ბიზნესის რეგულაცია ნიშნავს ამ ბიზნესის გათეთრებას, რაც არავის აწყობს... ბიზნესის წარმომადგენლებსაც აწყობთ, რომ ჰქონდეთ "შავი", დაურეგულირებელი ბიზნესი და სარგებელიც ნახონ. მათ არაფერი ადარდებთ...

- არსებული ინფორმაციით, სათამაშო­ ბიზნესი ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შენატანით ავსებს. რამდენად ახლოს არის ეს სიმართლესთან?
- ეს არასწორი ინფორმაციაა. მაგალითად, თუ 2016 წლის შედეგებით ვიმსჯელებთ, აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ - 363 მილიონი ლარი, ბიუჯეტში კი მხოლოდ 109 მლნ ლარი შევიდა... სხვა წლების მონაცემები ჯერ არ არსებობს, თუმცა არა მგონია, დიდი ცვლილება გვქონდეს. ვმუშაობ ამ მიმართულებით და როცა ზუსტი ციფრები მექნება, ვაპირებ საპატრიარქოს მივმართო. მისი ჩართულობა ვითარების შესაცვლელად, ჩემი და გაუბედურებული მოქალაქეების ბოლო იმედია.

სუიციდზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანას უზარმაზარი დანაკარგი აქვს როგორც ადამიანური, ასევე მორალური - ათასობით ადამიანს მომავალი არა აქვს, რადგან წლებია ლუდომანიაში იხრჩობიან. პარალელურად, იზრდება კრიმინალი, რეკლამების ფონზე კი - თამაშით დაინტერესება. ჩვენ გვაიძულებენ ვიდგეთ და ვუყუროთ, როგორ ვიძირებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები