"თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ომში ჩემებს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ" - ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან - კვირის პალიტრა

"თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ომში ჩემებს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ" - ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

რა ბედი ეწევათ თურქეთის ციხეებში გამომწყვდეულ "დაეშის" მხარდამჭერებს და რატომ მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირეებმა თურქეთი მარტო დატოვეს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ქალბატონო ფატმა, მიღწეულია შეთანხმება ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 9 ოქტომბრიდან ატარებს. ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ქვეყნის უარყოფითი შეფასება, მეტიც, საფრანგეთის "ნაციონალური ერთობის" ლიდერმა მარი ლეპენმა პირდაპირ მოუწოდა ნატოს, შეუჩეროს თურქეთს ნატოს წევრობის მანდატი. ასევე მკაცრი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებაც - მან თურქეთის ოპერაციას სირიაში ნატოს შეცდომა უწოდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ომი გახდეს მშვიდობის წყარო სირიაში?..

- ომს არავინ განიხილავს როგორც სასურველ საშუალებას, რადგან იქ იბრძვიან ჩვენი შვილები, ძმები, მამები და საკუთარი სურვილით მათი ომში გაშვება არავის უნდა, მაგრამ თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემებს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ. მე ვარ დიპლომატი და სწორედ ამ გადმოსახედიდან გეტყვით - რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!

წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭე-ბდით უპირატესობას, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ველაპარაკებით მოკავშირეებს, მაგრამ თუ მათ არა აქვთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ. მე თუ მკითხავთ, ლეპენისა და მაკრონის პოზიციების თანხვედრა ბევრ რამეზე მეტყველებს. ნატოს თემაზე საუბრისას მინდა შევახსენო მათ - რამდენიმე წლის წინ საფრანგეთი გამოვიდა ნატოს სამხედრო დანაყოფიდან და უკან თურქეთის ძალისხმევით მიიღეს... ჩვენ ნატოს მივიჩნევთ როგორც სამხედრო-პოლიტიკურ არეალს, რომელიც მოკავშირეებს აერთიანებს. 2012 წელს სირიამ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარდა ამისა, თურქეთი მიზანში ამოიღო ორმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) და "დაეშმა" ("ისლამური ხალიფატი"). ნატოს უნდა დაეცვა თურქეთი, მაგრამ...

თურქეთმა როგორც ნატოს, ისე საერთაშორისო კოალიციის წევრმა, დიდი წვლილი შეიტანა "დაეშთან" ბრძოლაში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად