"რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?" - რა უპასუხა თურქეთის ელჩმა კითხვას: თურქეთმა ჩატაევი გამოატარა? - კვირის პალიტრა

"რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?" - რა უპასუხა თურქეთის ელჩმა კითხვას: თურქეთმა ჩატაევი გამოატარა?

23 ნოემბერს ორი წელი სრულდება თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციიდან, რომელსაც ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოჰყვა. როგორც გაირკვა, ჩატაევი საქართველოში ჩამოსვლამდე 6 თვე იზმითში ცხოვრობდა. როგორ "გამოეპარათ" თურქეთიდან საქართველოში მსოფლიოს საშიშ ტერორისტთა სიაში მყოფი ახმედ ჩატაევი? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თურქეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჯერ ერთი, არა მაქვს ინფორმაცია, რომ ჩატაევი იზმითში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, მას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჰქონდა დოკუმენტები მიღებული. მეორე - თურქეთი ერთდროულად ებრძვის რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციას: გულენისტებს (FETO), PKK-ს და PYD-ს. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე? რა გავაკეთოთ, ყველა უცხოელს თითო კაცი მივუჩინოთ?

- მაგრამ ჩატაევს თურქეთის სპეცსამსახურებიც დაეძებდნენ. ის სტამბოლში კლუბში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, ჩატაევი მსოფლიოს საშიშ ტერორისტთა სიაშიც შეიყვანეს.

- ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი კავშირში იყო რომელიმე ტერაქტთან, მაგრამ შეიძლება მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. კლუბში ტერაქტის ჩამდენი პირი დავადგინეთ - ის ჯერ ავღანეთიდან ჩამოვიდა ირანში და იქიდან არალეგალურად მოხვდა თურქეთში. ამ ადამიანზე ინფორმაცია იყო დსთ-ის რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზაში. ჩვენ ის აქ მხოლოდ ტერაქტის შემდეგ აღმოვაჩინეთ, მანამდე მასზე არაფერი ვიცოდი.

მინდა გითხრათ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თურქეთს მეზობელი მეგობარი ქვეყნებისთვის არასოდეს დაუმალავს ინფორმაცია ამა თუ იმ პირების შესახებ და არასდროს უმოქმედია მათი ინტერესების საზიანოდ, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე მიიღებს და გადასცემს თურქეთს, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამაში მინდა დარწმუნებული იყოთ!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად