"თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში" - რას ჰყვება ბაჩო ახალაია "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში? - კვირის პალიტრა

"თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში" - რას ჰყვება ბაჩო ახალაია "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია პენიტენციური დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკური ლიდერი არ დაუბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაჩო ახალაია აცხადებს, მას პარტიული გეგმები არ აქვს, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და ამომრჩევლად რჩება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ პრიორიტეტები და შეხედულებები არ შეცვლია, თუმცა "თუ მანამდე რუსულ ტანკს მიიჩნევდა საკუთარ გამოწვევად, ახლა ეს "ქართული ოცნების" ციხემ ჩაანაცვლა".

ბაჩო ახალაიას თქმით, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მას ცხოვრების დაწყება არა ნულიდან, არამედ, მინუსებიდან მოუწევს...

- ბატონო ბაჩო, ალბათ, გიფიქრიათ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ რას გააკეთებთ. დაუბრუნდებით თუ არა ისევ პოლიტიკურ ცხოვრებას? თუ კი, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა", თუ რამე ახალს გეგმავთ?

- სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით საკუთარ სამომავლო გეგმებზე. არა იმიტომ, რომ შეიძლება რამეს ვმალავდე, არამედ იმ ბანალური მიზეზით, რომ გულწრფელად არ ვიცი. ჯერჯერობით, დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ როგორც ჩანს, თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში. შემდეგ კი, ერთდროულად მომიწევს უამრავ სამართლებრივ, პოლიტიკურ, თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება. რეალურად ვუყურებ ვითარებას და ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს. ხოლო იმას თუ რას, როგორ, როდის, ან საერთოდ გადავლახავ თუ არა, ამას მხოლოდ მომავალში თუ ვნახავ.

- ანუ, პენიტენციური დაწესებულების შემდეგ, პარტიაში არ გიხილავთ?

- ვფიქრობ, მშვენივრად მესმის თქვენი კითხვის ძირითადი არსი, ანუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მაქვს თუ არა, პარტიული პოლიტიკური გეგმები? შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - არა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის პრიორიტეტები და შეხედულებები შემეცვალა. ამ თვალსაზრისით სინამდვილეში ყველაფერი ყოველთვის ასეც იყო და შევეცდები განვმარტო რას ვგულისხმობ. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი ვიყავი ისე, რომ არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი ფორმალურადაც კი, რომ არაფერი ვთქვა რაიმე პარტიულ თანამდებობაზე. მიზეზი ყოველთვის მარტივი იყო - არასდროს მქონდა ინტერესი უშუალოდ პარტიული საქმიანობისადმი და ვფიქრობ, არც არასდროს მქონია შესაბამისი უნარები. შესაბამისად, პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ. ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება - "ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის". სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში "ამისთვის არ ვზივარ". ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: მეუფე პეტრე ახალაიებზე: "ეს არის ოჯახი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა და დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად"

ეკა ლემონჯავა

"ინტერპრესნიუსი"