"მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება - საუბარი, თითქოს ეს არაფხიზელ მდგომარეობაშია გაკეთებული, სისულელეა" - კვირის პალიტრა

"მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება - საუბარი, თითქოს ეს არაფხიზელ მდგომარეობაშია გაკეთებული, სისულელეა"

"მჯერა და არ მჯერა, ეს არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა, ეს არის გამოძიების საკითხი", - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხელისუფლების მაღალჩინოსნების სურვილის შესახებ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით. რომან გოცირიძე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

"დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი პირები, გამოძიების არდაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება თითქოსდა ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა ან გააკეთა ეს განცხადება. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწყობდა ვითომ სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით, რომ დაამონტაჟეს საუბარი ის ყველა საუბარი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს 8 წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით - 2 ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი ?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

ზოგი ამბობს რომ ამის სჯერა, ზოგი ამბობს, რომ არ სჯერა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სისულელა. მჯერა და არ მჯერა, ეს არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა - ეს არის გამოძიების საკითხი, ამიტომაა საჭირო გამოძიების დაწყება და იქ გაირკვევა სიმართლე იყო თუ არა", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.