რა წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში შალვა თადუმაძის დიპლომზე? - კვირის პალიტრა

რა წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში შალვა თადუმაძის დიპლომზე?

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის წარმომადგენლის, ქეთი ესებუას განცხადებით, თადუმაძის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ მას 1998 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და იმდროინდელი კანონით, სასწავლო კურსის ექსტერნატის ფორმით დასრულება შესაძლებელი იყო. ამის შესახებ ქეთი ესებუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ესებუამ, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან თადუმაძის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოითხოვა, "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დასტურდება აღნიშნული დოკუმენტით.

"წინა კვირას გამოვითხოვე ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან. აღნიშნული ინფორმაციით დასტურდება, რომ ცენტრის საარქივო მასალებში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, შალვა თადუმაძეს 1998 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, არის კვალიფიკაციის მინიჭების ოქმი არქივში დაცული ინსტიტუტიდან. ეს ოქმიც ასლის სახით იყო დართული. ასევე, დასტურდება, რომ შალვა თადუმაძეს გავლილი აქვს 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამას გარდა, უმაღლესი განათლების შესახებ სახალხო კანონის თანახმად, 2005 წლამდე 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამები გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და იმ დროს მოქმედი, ანუ 1997 წლის განათლების შესახებ კანონის თანახმად, სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა სასწავლო კურსი. ამ ინფორმაციის შესახებ არის აღნიშნული პასუხი მიღებული ცენტრისაგან, ადასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას", - აღნიშნა თადუმაძის წარმომადგენელმა.

მანვე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის დიპლომიც აქვს შალვა თადუმაძეს, 1994 წელს დაარსდა, მაშინ როდესაც პროკურორს იქ სწავლის დაწყების თარიღად მითითებული აქვს 1993 წელი.

"ეს უკვე წესი იყო, რომელიც მაშინ მოქმედებდა - 5-წლიანი პროგრამა აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო დიპლომში, 1998 წელს რადგანაც დაასრულა სწავლა, 1999 წელს ვერ მიუთითებდნენ, ვინაიდან დიპლომის გაცემის თარიღი 1998 წელი იყო. შესაბამისად, რადგან სასწავლო პროგრამა 5-წლიანი იყო, მითითებული იქნა 1993 წელი", - განაცხადა ესებუამ.

"ინტერპრესნიუსი"