"დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში იგდოს ქონება" - კვირის პალიტრა

"დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში იგდოს ქონება"

დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, მან 2009 წელს დაიწყო წყალტუბოს განვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა.

"2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ჩვენ ავუშენეთ დავნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ დავიწყეთ სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მაშინ მარაკესში, მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს, "მამუნიასი. ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმის, ყოფილი "შახტიორის“ ადგილზე და ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს "ინტერკონტინენტალი“, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების ზუსტ ასლს, კარაკალასი, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს. ჩვენ გვქონდა პროექტი კიდევ პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ამ ყველაფერის ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კი 2 წელიწადში. . ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები იყო, რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი. წყალტუბო არის პარლამენტის კომპლექსის გაგრძელება, და საერთოდ, ყველაფერი ერთადაა: აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, შემდეგ გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა. ეს არის ერთი დიდი კომპლექსი და ამის მთავარი აქცენტი წყალტუბოა. ივანიშვილმა ყველაფერი გააჩერა და გაანადგურა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს მინიმუმ 700 მილიონ დოლარს ახლის ჯიბიდან და ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ მისი მმართველობა დასასრულს უახლოვდება".

"დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში იგდოს ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ 700 მილიონი დოლარი, საწყისი ფასი. 700 მილიონ დოლარს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში არც ერთი დამპყრობლის მიერ. კარგი ამბავია მხოლოდ ის, რომ ივანიშვილის მმართველობა უახლოვდება დასასრულს, ეს კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია ჩვენთვის, რომ უნდა დავირაზმოთ, ერთად დავდგეთ. რა თქმა უნდა, როგორც ვვარაუდობდი, წყალტუბო უკვე დიდი ხანია, დამთავრებული იქნებოდა. 2013 წლის ბოლოს ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი იქნებოდა, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომელიც გარანტიას მისცემს, რომ მის ქონებას არ შეეხებიან. იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები. თურმე, ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით, საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან, მათ ექნებათ საქართველოში შემოსავლის წყარო, დასაქმების წყარო და მომავალი", - განაცხადა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"