"საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ" - საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი სენატში სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ" - საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი სენატში სიტყვით გამოვიდა

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა. დეგნანმა განაცხადა, რომ შეეცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ პროდუქტიულ ურთიერთობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"მე ჯერჯერობით საქართველოს რესპუბლიკაში ყოფნის შანსი არ მომეცა, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მე თურქეთში ვმუშაობდი. ერთი წლის შემდეგ გახლდით ნატოს შტაბ-ბინაში, როდესაც საქართველო აღიარებული იყო და დღემდე რჩება, როგორც ნატო-ს ღირსეული პარტნიორი. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

ნატოში მუშაობის 3 წლის განმავლობაში მე საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ინსტიტუტების გაძლიერების შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჩვენ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალების ერთ-ერთი უმთავრესი კონტრიბუტორია. დღესდღეობით 900-მდე ქართველი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს მისიებში", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

კელი დაგნანმა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო აშშ-ისთვის უმთავრესი პარტნიორია, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში მასშტაბური წვრთნები ჩატარდა 14 ქვეყნის მონაწილოებით, რომელთა შორის აშშ-ც იყო.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა საქართველომ გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა და დემოკრატიული საზოგადების შექმნა. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან ამ და სხვა საკითხებზე მუშაობის დაწყებას", - განაცხადა დაგნანმა.

კელი დაგნანმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა. მისი თქმით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

"ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მკაცრად ვგმობთ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ვალდებულებები", - განაცხადა დაგნანმა.

დეგნანმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება. მისი თქმით, ის შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაში.

"ინტერპრესნიუსი"