"რაც დრო გადის, მით უფრო რთულია მის გარეშე ყოფნა" - რა ისტორიებს იხსენებს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"რაც დრო გადის, მით უფრო რთულია მის გარეშე ყოფნა" - რა ისტორიებს იხსენებს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი

არის გარდაცვალება ისეთი, როგორსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვუძებნით ახსნას და არის გარდაცვალება ისეთიც, როცა მიდიხარ და თან რჩები, რჩები უამრავი ადამიანის გულში და შენზე მოყოლილი მოგონებებით ყოველ ჯერზე თავიდან იბადები... სწორედ ასეთი განცდა დამეუფლა, როცა ჩემს რესპონდენტს, საქვეყნოდ ცნობილ, ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტზე, გივი ბერიკაშვილზე ვთხოვე საუბარი.

გივი ბერიკაშვილის უფროსი შვილიშვილი ანო მაისურაძე:

- რაც უფრო გადის დრო, მეტად ვხვდები, რამდენად რთულია მის გარეშე ყოფნა. თუკი შეეძლო, სადმე მასთან ერთად ვყოფილიყავი, სულ ერთად

ვიყავით. ზოგჯერ ძალიან ძნელია იმის გააზრება, რომ შენი ოჯახის წევრი უნდა გააიგივო დიდ ადამიანთან, ისეთ სახალხო ვარსკვლავთან, როგორიც გივი იყო. ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. დილით ადრე იღვიძებდა, სახლში ყველას ეძინა და ჩვენ ერთად ვსაუზმობდით, შვრიის ფაფას მივირთმევდით, მერე სკოლის ავტობუსამდე მიმაცილებდა, ან თვითონ მივყავდი.

სულ ჩვენთან იყო და ამიტომაც მიჭირს ცალკეული ფრაგმენტების გამორჩევა ჩვენი ურთიერთობიდან, თანაცხოვრებიდან. მის გარდაცვალებამდე ბოლო 2-3 წელი არ ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ. მანამდე რაც თავი მახსოვს, ჩემი დაბადებიდან მოყოლებული, ყველანი ერთად ვიყავით. ჩემი შვილი ელისაბედი რომ გაჩნდა, მოდიოდნენ პაპა და ბებო, მთელ დღეს ჩვენთან ატარებდნენ, დასაძინებლად მიდიოდნენ უკან.

მიუხედავად იმისა, რომ გივისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი, მეც და ჩემს ბიძაშვილებს - გივიკოს და ელენეს, არასდროს გამოგვარჩევდა ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, მე და გიო ყოველთვის ერთად დავყავდით გასართობად, სანამ ელენე დაიბადებოდა.

- როგორ შეხვდა ბატონი გივი შვილთაშვილის, თქვენი შვილის ელისაბედის დაბადებას?

- ჩვენ ახლა ვცხოვრობთ საბურთალოს ქუჩაზე. თამარაშვილზე იყო ჩვენი სახლი, სადაც ბოლოს გივი ცხოვრობდა. იპოდრომს გადმოჭრიდა ფეხით და მოდიოდა ელისაბედის სანახავად, თვითონ კი არ გვთხოვდა, მომიყვანეთ ბავშვი, მანახეთო. ისე ერთობოდა ელისაბედთან, არავის გვაწუხებდა. ინტერვიუებშიც აქვს ნათქვამი: "უკვე აღარ მეშინია არაფრის, ბედნიერი კაცი ვარ, შვილიშვილებს ხომ მოვესწარი, შვილთაშვილებსაც მოვესწარიო". მეორე შვილთაშვილსაც, გივიკოს შვილ მაშოსაც მოესწრო, ოღონდ ძალიან პატარას.

- როგორი განცდა იყო თქვენთვის დიდი მსახიობის დიდ სცენაზე ხილვა?

- მე რომ პატარა ვიყავი, თეატრში როლებზე აქტიურად აღარ იყო დაკავებული. უფრო მეტად საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობდა. "იუმორინას" კულისებში ვარ გაზრდილი. "პიგმალიონის" პრემიერაზე შოკირებული დავრჩი, გივის სცენაზე გამოჩენისას იმდენად დიდი ამბავი ატყდა... მეორე მოქმედების ბოლოს ჩნდებოდა, ჯერ ზურგით იჯდა, მერე ბრუნდებოდა წინ მაყურებლისკენ და ამ შემობრუნებისას გასაოცარი იყო მაყურებლის ოვაციების ხილვა, ჩერდებოდა ყველა და ყველაფერი, ხალხი ფეხზე დგებოდა და 15-წუთიანი ტაშის მერე, ისევ გრძელდებოდა სპექტაკლი. საერთოდ, როცა მას სცენაზე ვხედავდი, გული მიჩუყდებოდა.

პაპა 83 წლის გარდაიცვალა... 85 წლის იუბილე რომ გადავუხადეთ, იუბილესთვის ჩავწერე მისი მეგობარი მეწაღეები, გამყიდველები, ყასბები, მოკლედ ყველა ის ადამიანი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ. იხილეთ სრულად-+ფოტო-ვიდეო