"უწმინდესის სურვილები და გზავნილები გადავეცი ბიძინა ივანიშვილს... დადგება დრო და ყველაფერს ვიტყვი" - კვირის პალიტრა

"უწმინდესის სურვილები და გზავნილები გადავეცი ბიძინა ივანიშვილს... დადგება დრო და ყველაფერს ვიტყვი"

საპატრიარქოს გარშემო ვითარება კვლავაც დაძაბულია. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში  ამ საკითხზე საუბრისას, პოლიტიკოსმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა,  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მას ივანიშვილთან გარკვეული გზავნილები დააბარა. ვინაიდან ქალბატონი ნესტანი წლების განმავლობაში მიიჩნეოდა საპატრიარქოსთან დაახლოებულ პირად, მისი მოსაზრებებით დავინტერესდით. 

ნესტან კირთაძე: - ვითარება უაღრესად რთულია, ემოციური თვალსაზრით, ასევე განწყობის თვალსაზრისით. ეს ეტყობა სინოდის წევრებს, მრევლს, ჟურნალისტებს... დასმულია ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს. ივნისის თვეში, როდესაც ხელისუფლებამ გაუბედა საქართველოს მოსახლეობას მართლმადიდებლური კონგრესის სახელით გავრილოვი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარ შენობაში, დიდი პატივით, ღირსებით შეეყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაესვა, აღარ უნდა უკვირდეს, რომ არ ვენდობით. დიახ, მე, პოლიტიკოსი ნესტან კირთაძე ხელისუფლებას პირადად ვეუბნები, რომ ის საქართველოში, კრემლის ინტერესების გამტარებელია. რუსეთი დიდ ცვლილებებს ელოდება საქართველოდან. ჩემი აზრით, ახლა, კრემლის ფილიალი საქართველოში, ანუ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ილია მეორეს თავიდან მოსაშორებლად.

- აღსანიშნავია, რომ მეუფე იაკობის მონათხრობში ლაპარაკია 2014 წელზე... საინტერესოა, რატომ უნდა უნდოდეს მოსკოვს საქართველოს საპატრიარქოდან ილია მეორის მოშორება? მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ უწმინდესის მიმართ რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის გამოხატავდა პატივისცემას.

- დიახ, გეთანხმებით, მე პირადად იმის მომსწრეც კი ვარ, რუსმა პატრიარქმა ალექსი მეორემ ილია მეორეს რუსეთში ჩასვლას უწოდა აღდგომის ტოლფასი დღესასწაული. თუმცა, პატივისცემა ეს ემოციური განცდაა, ჩვენ კი ახლა ემოციებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, ჩვენ ვსაუბრობთ იმ რუსეთზე, რომელსაც განზრახული აქვს და მსოფლიოს წინაშეც გაცხადებული აქვს, რომ უნდა აღადგინოს ძალაუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის გამოკვეთილად საქართველოზე. რადგან, თუ კრემლი გავლენას განამტკიცებს საქართველოზე, მაშინ გავლენა ექნება მთელს რეგიონზეც. რუსეთი ემზადება საქართველოში და კავკასიაში მესამედ შემოსვლისათვის. ასეთ ვითარებაში მას მეტად საიმედო ადამიანები სჭირდება საყრდენად, როგორც საერო, ისე საეკელესიო ხელისუფლებაში. ილია მეორე კი ასეთ ვითარებაში მხოლოდ დაბროკლებაა.

საკითხი ასე დგას, შედგა თუ არა შეხვედრა კვირიკაშვილის კაბინეტში, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს. ნახეთ, ტელესტუდიებში მიწვეულმა მღვდელმთავრებმა არც დაადასტურეს და უარყვეს ეს ფაქტი. როდესაც მღვდელმთავრები ასეთი დიპლომატიური მეთოდით გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას, ამ შეთქმულებასთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, ასეთი ფაქტი მოხდა. თუმცა კატეგორიულად არ მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ხელს მოაწერდა ასეთი ტიპის შეთქმულებას. პრემიერ კვირიკაშვილის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ მან მეტი სიმტკიცე და სიხისტე ვერ გამოიჩინა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა. არ ვიცი, რა პოზიცია ჰქონდა ვახტანგ გომელაურს და ვენდობი მეუფე იაკობის ნათქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის დავალების ერთ-ერთი უზადო შემსრულებელი. ამის საფუძველს მე მაძლევს არა ჩემი ანალიზი, ან თეორიული გათვლები, არამედ ოცი ივნისის საღამო, როდესაც მან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრაქტიკულად უკვე დასრულებული ანტისაოკუპაციო მიტინგი დასაჯა სამაგალითოდ და ის იქცა ჩვენი დროის როდიონოვად.

მაქვს მეორე, ჩემთვის დადასტურებული არგუმენტი იმისა, რომ მეუფე იაკობის ნათქვამი სიმართლეა, ნახეთ, ის პირველ დღეს აფექტის მდგომარეობაში აკეთებს განცხადებას ტელესტუდიიდან, თუმცა მეორე დღეს ის არ უარყოფს თავის ნათქვამს. ამ ამბავში ნიშანდობლივია ერთი რამ, მცირე ფსიქოლოგიური დაკვირვებითაც კი ადვილი შესამჩნევი იყო, თავისი აღიარების შემდეგ როგორი სიხარულით მიიჩქაროდა მეუფე იაკობი პატრიარქთან და როგორი სიხარულით ამცნო საზოგადოებას ქორეპისკოპოსობის პოზიციიდან მისი გადადგომა. ის აშკარად ჰგავდა ადამიანს, რომელმაც ბოლოსდაბოლოს ძალიან მძიმე ტვირთი მოიშორა.

რაც შეეხება ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ხშირად იყო ამის ცდელობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, სპეცსამსახურების შექმნილი "ციანიდის" ტრაგიკული სცენარი არ იყო ამის მცდელობა? "ციანიდის" საქმე პირდაპირ კავშირიშია ამ შეთქმულებასთან, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული რგოლი. ეს ამბავი ისე მზაკვრულად დაგეგმეს და განახორციელეს, რომ ქართულ ეკლესიას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო მასშტაბით შეულახეს სახელი.

- ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში თქვენ თქვით, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, უწმინდესმა თქვენი საშუალებით მას გზავნილი გაუგზავნა, რომელზე საუბარიც ჯერ არ გინდათ. იქნებ მინიშნებით მაინც გვითხრათ, რას ეხებოდა საქმე? - დადგება დრო და მე ამას აუცილებლად ვიტყვი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ილია მეორეს გონება და გრძნობა დასტრიალებს მხოლოდ საქართველოს, მის ინტერესებს და მომავალს. ამ ფარგლებში იყო ყველაფერი ნათქვამი იმ ლიდერის მიმართ, რომელიც ემზადებოდა საქართველოში, ხელისუფლების შესაცვლელად.

- რატომ გთხოვათ ამ გზავნილის მიტანა თქვენ, როდესაც პატრიარქს არც თავად ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის პრობლემა?

- დიახ, რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა ივანიშვილთან შეხვედრის პრობლემა, თუმცა ჩემი მეშვეობით გადასცა დანაბარები, რომ ის უახლოეს მომავალში ელოდებოდა ივანიშვილს საპატრიარქოში. მართლაც ძალიან მალე პატრიარქს ივანიშვილი საპატრიარქოში ეწვია.

- ე.ი. თქვენ მხოლოდ ამ შეხვედრის ორგანიზება გთხოვათ თუ რაიმე შინაარსის დანაბარებიც გაგატანათ?

- უწმინდესის სურვილები და გზავნილები გადავეცი ბიძინა ივანიშვილს. რაც უკვე ვთქვი, ამის მეტს ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

- გასაგებია. ივანიშვილის ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებდათ? - არა, არანაირი მეგობრული ურთიერთობები არ მქონია მასთან და მის ოჯახთან. ჩვენ ერთმანეთს მისივე თხოვნით, მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო და დამთავრდა ძალიან მალე, იმის გათვალისწინებით, რომ  2011 წლის ბოლოს დავტოვე პარტიული პოლიტიკა და გავემგზავრე ბრიუსელში. იქ ვარ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. ბრიუსელი და ნიუ იორკი იქცა ჩემს მეორე სახლად და ჩემი საქმიანობის სარბიელად. საქართველოში 2016 წელს უწმინდესის თხოვნით დავბრუნდი. ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ქართველთა საუკუნის წიგნის "ნათელი ქრისტესის" მესამე ტომი. ღვთის წყალობით დავასრულეთ ეს ტრილოგია, რომელიც ყველაზე გამორჩეული მონუმენტური ძეგლია საქართველოს ისტორიისა, დღევანდელობისა და მომავლისა.

- ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ?

- არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმით არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. მე უნდა გავაგრძელო ჩემი სამოქალაქო დიპლომატია საერთაშორისო არენაზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოსთვის უფრო დიდ საქმეს ვაკეთებ მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ დედაქალაქებში, ვიდრე ამას შევძლებდი საქართველოში ან შევძლებ ხვალ და ზეგ.

იხილეთ ასევე: "მეუფე იაკობს ჰყავდა ლობი "ოცნების" ერთ-ერთ შტოში. მოსაყდრეობას ჰპირდებოდნენ, ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს შური იძიოს"

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)