გიორგი გახარია რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხები განიხილა ორი ქვეყნის პირველმა პირმა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა საკითხები განიხილა ორი ქვეყნის პირველმა პირმა

საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება. საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, ასევე გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე, ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

საუბრისას განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე - ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანკარაში ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ახალ დინამიკას შესძენს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, სამუშაო სადილზე გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ", - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"