"რაც ხდება, ეს დესტრუქციული რევანშია" - კვირის პალიტრა

"რაც ხდება, ეს დესტრუქციული რევანშია"

"თუ ეკლესიაში გაჯანსაღება დაიწყო, მაშინ საზოგადოების გაჯანსაღებაც დაიწყება"

იორდანიის სამეფოს დედაქალაქ ამანში იორდანიაში საქართველოს საელჩოს, იორდანიის ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციისა და საქართველოს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით გამართული ქართულ-ჩერქეზული ფორუმის ფარგლებში დავით მაღრაძის წიგნის ჩერქეზული, აფხაზური და ოსური თარგმანების წარდგენა ხმაურიანი გამოდგა. იორდანიაში რუსეთის საელჩოს მიერ წაქეზებულ ადამიანთა ჯგუფმა პრეზენტაციის ჩაშლა სცადა, თუმცა საბოლოოდ, როგორც დათო მაღრაძე ამბობს, პოეტისა და იმპერიის დაპირისპირება პოეტის გამარჯვებით დასრულდა. ეს ადამიანები რომ სწორედ რუსეთის საელჩოს წაქეზებული იყვნენ, იმ გამოხმაურებითაც შეიძლება დავასკვნათ, რაც მომხდარს რუსულ პრესაში მოჰყვა. ამასთანავე, როგორც იორდანიის ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციის ვებგვერდი იუწყება, ღონისძიებაზე დაუპატიჟებლად გამოცხადდა რუსი კონსული, რომელიც დარბაზში არ შეუშვეს. ალბათ, სწორედ ეს იქნებოდა დათო მაღრაძესთან საუბრის მთავარი თემა, რომ არა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ირგვლივ განვითარებული სკანდალური პროცესები, რომელთა შეფასებაც ვთხოვეთ პოეტს.

- გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას და წარმატებულ წარდგენას ჩერქეზულ-ქართულ ფორუმზე, სადაც საინტერესო მოვლენები განვითარდა...

- გმადლობთ. ვფიქრობ, მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც თანამედროვე პოეტი აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა. რაც შეეხება იორდანიაში გამართულ ფორუმს, მასში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი იორდანიაში ზაზა კანდელაკი და თავიდანვე ვიტყვი, რომ საქართველოს მისი სახით ძალიან ღირსეული დიპლომატი ჰყავს. ასევე ესწრებოდნენ ჩემი წიგნის, "ჯაკომო პონტის" აფხაზურ ენაზე მთარგმნელი ირმა ოსია, რომელიც გუდაუთიდან გახლავთ და ჩერქეზულ ენაზე მთარგმნელი ლარისა ტურწაყვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი მკვლევრები, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები. ღონისძიება მხედველობიდან არ გამორჩა იორდანიაში რუსეთის საელჩოს და მის სპეცსამსახურებს, ვის ინტერესებშიც არ შედის თანამედროვე ქართველი პოეტის, ქართული წიგნის აფხაზურად და ოსურად თარგმნა და გამოცემა. დიდი გამოცნობა ამას არ სჭირდება.

ღონისძიებამდეც იყო ინფორმაცია, რომ რაღაცას აპირებდნენ, ბოლოს კი პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს. პროტესტანტები მოვიდნენ ე.წ. აფხაზური დროშებით, რუსულწარწერებიანი ტრანსპარანტებით. ჯერ სასახლის წინ გამართეს აქცია, შემდეგ შემოვიდნენ შეძახილებით, ხმაურით. უნდოდათ ჩვენი ღონისძიების ჩაშლა, რომელსაც ესწრებოდნენ იორდანიის პარლამენტის წევრები, იორდანიაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და ა.შ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი გამოდიოდა სიტყვით - ამ მომენტს განზრახ დაუცადეს. ჩვენმა შეგნებამ, კულტურამ და საქმისადმი ერთგულებამ გამოიწვია ის, რომ ჩაიშალა არა პრეზენტაცია, არამედ საპროტესტო აქცია - ჩაუვარდათ მცდელობა, რომ წიგნის წარდგენა ჩაშლილიყო. მათ არავინ მიაქცია ყურადღება, ელჩმა მშვიდად გააგრძელა გამოსვლა, მათი ხმაური კი ნელ-ნელა იკლებდა და როდესაც მიკროფონთან მივიდა ირმა ოსია და აფხაზურად დაიწყო ლექსის კითხვა, ეს ხალხი მიხვდა, რომ აფხაზეთის ხმა იმწუთას სცენაზე იყო, სწორედ ირმა ოსიას წაკითხულ ქართველი პოეტის ლექსში ისმოდა და არა - მათ ხმაურში. ბოლოს უხმოდ დატოვეს დარბაზი.

გამართლდა ჩემი სიტყვები, რომ პოეზიას ვერ დააკავებს ვერც მავთულხლართი და ვერც მესაზღვრე. ამბავი ამ წარდგენისა მოედო მთელ საერთაშორისო სოციალურ ქსელებს. დაიხატა სურათი - იმპერია პოეტის წინააღმდეგ, რაც პოეტის გამარჯვებით დასრულდა. იქ ითქვა და შემდგომ დაიწერა კიდეც, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის იცნეს რუსეთის საელჩოს ოფიციალური თანამშრომლები. მათი განზრახვა არ იყო სასიკეთო, მაგრამ გამოუვიდათ ისე, რომ წარდგენას საერთაშორისო რეზონანსი შესძინეს. მძიმე დღეში ჩაცვივდნენ. ტრანსპარანტზე ეწერათ, ქართველებმა გენოციდი მოგვიწყვესო და ამ დროს სწორედ ქართველების წყალობით დარბაზში აფხაზური ენა ისმოდა.

ეს გენიალური წუთები იყო. რუსულმა საიტებმა სცადეს გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს პრეზენტაცია ჩაიშალა, ანუ სცადეს სურვილი რეალობად წარმოეჩინათ...

- სამშობლოში დაბრუნებულს რთული პროცესები დაგხვდათ. ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარება მართლაც შემაშფოთებელია. სკანდალური გამოდგა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრობიდან გადააყენეს მეუფე პეტრე... როგორ აისახება ეს ვითარება ჩვენს საზოგადოებაზე, რომელიც გაოგნებულია? - 31 ოქტომბერი ნამდვილად ვერ ჩაიწერება საამაყო დღეების რიცხვში. ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა ეკლესიის ერთიანობის გადარჩენა და შენარჩუნება, ოღონდ - კულტურულ სივრცეში. რაც ჩვენ ვიხილეთ, არ არის კულტურული სივრცის ნაწილი. ვნახეთ დიდი უხამსობა.

მომხდარის მიზეზის ასახსნელად ცოტა შორიდან მომიწევს მოვლა. მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის უდიდესი პრობლემა საზოგადოების პოლარიზებაა.

თუ დააკვირდებით, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებს თუ შეხედავთ, ამ ქართულ პოლარიზებულ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, ცივი ომია გამოცხადებული, მუდმივად დაუნდობლობა, შეუწყნარებლობა იგრძნობა. სამწუხაროდ, იგივე ვნახეთ 31 ოქტომბერს...

ამ პოლარიზაციის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ვინც დაკარგა ხელისუფლება 2012 წელს, ის ცდილობს რევანშს. მეტიც, მათი ფორმულაა: "რევანში ყველაფრის ფასად!" თუ რევანში არ გამოსდით პოლიტიკაში, ინაცვლებენ სამოქალაქო საზოგადოებაში; ასევე ცდილობენ გადაიტანონ ეს დესტრუქციული რევანში საეკლესიო სარბიელზე; ამავე დროს, მიდიან და უცხოეთში ცდილობენ მოკავშირეების ძებნას...

ამ ყველაფერში ხელისუფლების ბრალიც დიდია. მათ სურდათ ამ რევანშისტული ძალების დამარცხება ისე, რომ გამარჯვებული არავინ ყოფილიყო. საზოგადოებრივი კონსოლიდაცია არ სცადეს, არადა, სწორედ საზოგადოებამ მოიყვანა "ოცნება" ხელისუფლებაში. საქმე ის არის, რომ თუ საზოგადოება თავს გამარჯვების თანამონაწილედ მიიჩნევს, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს მისი აზრი გაითვალისწინოს, ეს კი ხელისუფალთ აღარ მოსწონთ. ამ ხელისუფლებამ ბუნებრივად დაწყებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელოვნურად შეაჩერა კონსოლიდირებული საზოგადოების დასაბალანსებლად.

ეს ვითარება საზოგადოებას მუდმივ საფრთხეში ამყოფებს, რაც მკაფიოდ გამოჩნდა 20-21 ივნისს მოვლენებისას, როდესაც პირდაპირ პოლიციის კორდონს შეუტიეს და პარლამენტში შეჭრა სცადეს, არადა, დღეს ეს თემა გამქრალია განხილვის სივრციდან. ესეც ხელისუფლების უნიათობაზე მეტყველებს. მათი პრობლემაა, რომ ვერაფერს არქმევენ თავის სახელს.

მიმაჩნია, რომ ეკლესიის წიაღში განვითარებული მოვლენებიც ამ დესტრუქციული რევანშის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ეს არ უნდა მომხდარიყო ეკლესიაში, ვერ უნდა გაებედათ ამის კადრება, მაგრამ ხელოვნურად რომ შეაკავეს სიმართლის გამარჯვება, ეს ამის შედეგია. პრობლემები და პათოლოგიური მოვლენები ეკლესიაშიც არის და ერშიც. მე პათოლოგიად მიმაჩნია, როცა სააკაშვილი და ქრისტე ვერ განგისხვავებია ერთმანეთისგან - არა აქვს მნიშვნელობა, ეკლესიის წიაღს ეკუთვნი თუ სამოქალაქო საზოგადოებას...

- სინოდის სკანდალურ სხდომამდე მეუფე იაკობმა ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრები პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა... - ვინ ცდილობს პატრიარქობას და ვის რა ეკუთვნის, არ არის ჩემი საქმე. ამაში ხელისუფლებაც არ უნდა ერეოდეს. ჩემი აზრით, პეტრესა და იაკობის განცხადებები არ იყო ერთი და იმავე ვნებით ნაკარნახევი. ერთი იყო დესტრუქციული რევანშის ნაწილი, მეორის შემთხვევაში კი ეს, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ვერცხლის, ძალაუფლების, ან სულაც ნუნუას (ალკოჰოლი) მოყვარულობით. შეიძლება ყველაფერი ერთადაც ყოფილიყო.

ეკლესია, ისევე როგორც საზოგადოება, პოლიტკონიუნქტურისგან უნდა გათავისუფლდეს. ჩემი ხედვით, ამისგან გათავისუფლება 31 ოქტომბერს დაიწყო. ჩვენში ეკეკლუცებიან ხოლმე ტრენდებს. ეს არის პერიფერიული პროვინციალიზმის ნიშანი. მაგალითად, უტრირებულად რომ ვთქვა, კონსტიტუციაში ჩაწერეს, გვიყვარს ნატო, ვგიჟდებით ევროკავშირზე და ავაშენებთ ჩვენს საყვარელ ანაკლიასო... უკაცრავად და, ეს კონსტიტუციაა თუ ინტიმური დღიური?!

ეკლესიაში ერთობა უნდა გადარჩეს, მაგრამ გაჯანსაღება უნდა დაიწყოს.

ვფიქრობ, ეს დასაწყისია. ეკლესიაში რეფორმებია საჭირო. იქ ადამიანებს კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის საშუალება უნდა მოესპოთ.

ეკლესიაში ბევრი ღირსეული ადამიანია. ეს დღესაც გამოჩნდა: მეუფე გიორგი, მეუფე შიო, სხვა მეუფეები, ასევე მამა ალექსანდრე გალდავა, მამა გიორგი ზვიადაძე და ა.შ. და

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ არის პატრიარქი, რაც ჩემთვის, როგორც პირჯვრის გადამწერი ერთი კაცისთვის, იმედისმომცემია.

გარდა ამისა, ჩემთვის ქართული ეკლესია ის სამი ულამაზესი გოგოა, ვინც თავის დროზე წავიდა ეკლესიაში და დღეს იწოდებიან დედა ელისაბედად, დედა თეოდორად და დედა მარიამად. ერთი ფოკაშია, მეორე ბოდბეში, მესამე კი დარეჯანის კარის ეკლესიაში... დღეს ისინი არიან ჩემთვის ქართული ეკლესიის სახე.

ვერცხლისმოყვარეობას რაც შეეხება, არ შეიძლება, სასულიერო პირთა მიმართ ჩვენი სურვილები იყოს მაქსიმალისტური, რადგან ანგელოზთა დასი ცაშია და არა მიწაზე, ეკლესიის სამსახურში; მაგრამ უკეთესობის სურვილი, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მრევლსაც და ბერსაც...

სამწუხაროდ, ბარათაშვილის ნათქვამი: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება", ჩვენში ასე გაიგეს: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის ფულის კეთება..."

რატომ აცვეს უფალი ჯვარს? ამის დოსტოევსკისეულ ვერსიას გავიხსენებ. საყოველთაოდ მიჩნეულია, თითქოს ამის საბაბი გახდა ის, რომ ის იყო იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე, მაგრამ როგორც დოსტოევსკის მიაჩნდა, ამის ნამდვილი მიზეზი იყოს ის, რომ ქრისტემ ეკლესიიდან ვაჭრები გამოყარა. მე ვიზიარებ ამ აზრს. ეკლესიიდან სწორედ ვაჭრები არიან გასაყრელი.

ინდულგენცია არ არის ჩვენი ტრადიცია. გავიხსენოთ, იესო ქრისტე ჯორით შევიდა იერუსალიმში და არა ეტლით, არც ოქროს მიტრა ედგა თავზე და არც ბრილიანტისთვლიანი ჯვარი ეკიდა. ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე - ეს უნდა გვახსოვდეს! ეკლესიაში უამრავი კეთილშობილი მღვდელმსახურია, იქ არის მისი უწმინდესობა, რომლის გადაწყვეტილება მივიჩნიე სწორედ პოლიტკონიუნქტურისგან გათავისუფლების პროცესის დასაწყისად.

- თქვენი აზრით, როგორ აირეკლება ეს პროცესები საზოგადოებაზე? - ეს ყველაფერი, ცხადია, მტკივნეულია, მაგრამ თუ ეკლესიაში გაჯანსაღება დაიწყო, მაშინ საზოგადოების გაჯანსაღებაც დაიწყება. ჩვენ შეიძლება ერთმანეთთან აზრთა ჭიდილში ვიყოთ, მაგრამ თანაცხოვრების კულტურას უნდა მივეჩვიოთ. დესტრუქციული რევანში, რომელიც დამყარებულია დანაშაულზე და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მისი დაშლისა და დამსხვრევისკენ, არ შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყოს.

- არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ქვეყნის გარედანაც იყოს წახალისებული... - როდესაც რუსეთი ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ცდილობს ჩარევას, როგორ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ამას ეკლესიის წიაღშიც შეეცდება?! ვგულისხმობ პატრიარქის წინააღმდეგ გამოსვლას.

ვიკითხოთ, ვის აძლევს ხელს ქართული ეკლესიის დაშლა, იქ განხეთქილება, რაც აუცილებლად აირეკლება საერო ცხოვრებაზე. ეს ხელს აძლევს იმას, ვისაც არ უხარია საქართველოს ერთიანობა და განვითარება, ასეთი კი რუსეთია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ და საკუთარ შეცდომებსა და დანაშაულებზე არ დავფიქრდეთ.

აქვე ვიტყვი, რომ არ უნდა ვიყოთ ხელისუფლების კეთილი ნების მოლოდინში. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ჩვენს დასაბალანსებლად კრიმინალები პოლიტიკურ მხარედ არ წარმოაჩინოს.