"უნდათ დაშალონ ქართული ეკლესია და საქართველო"
08-11-2019
"უნდათ დაშალონ ქართული ეკლესია და საქართველო"
"ისეთ ნაბიჯებს დგამს უწმინდესი, გაკვირვებას იწვევს. ის ღვთისნიერი ადამიანია. ეს ანერვიულებთ და ჩასაფრებული არიან, ელიან, აღარ იყოს პატრიარქი და დაიწყონ ეკლესიაზე შეტევა, რათა საქართველო დაიშალოს"

ბოლო ხანს საპატრიარქოსა და სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს "კვირის პალიტრასთან" კინოცენტრის პრეზიდენტი ბუბა ხოტივარი შეაფასებს.

- იწყება განწმენდა ჩანერგილი აფერისტებისგან, პროვოკატორებისგან. ზოგი კარგად იმალება, მაგრამ იგრძნობა მათი ღალატის პოტენცია. პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვხედავ, ვინ თამაშობს აღშფოთებას. აღშფოთებას თამაშობს ჟურნალისტების ის ნაწილიც, რომელიც ხელფასს იღებს იმაში,
რომ განგაში ატეხოს, არიქა, ვიღუპებითო! არადა, ვიწმინდებით!

უწმინდესი და უნეტარესი მხოლოდ ტიტული კი არ არის, ეს არის შინაგანი ბუნება ილია მეორისა. ის მართლაც უწმინდესია და უნეტარესი და კეთილი ვინებოთ, დავემორჩილოთ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სულიერი ლიდერი. ჩვენ არა ვართ არც ფანატიკოსები, არც მოსყიდულები. მოსყიდულები ისინი
არიან, ვინც მას ებრძვის.

არსებობს წითელი ხაზები, რომელთაც არ უნდა გადააბიჯო, ამ ხალხისთვის კი, რომელთაც დავალებული აქვთ ეკლესიის შიგნიდან აფეთქება, წითელი ხაზები არ არსებობს. ისინი ყველაფერს იკადრებენ.
ბევრ ადამიანთან მაქვს საქმე და ყველა აღშფოთებულია - ქართველიც, არაქართველიც, მორწმუნეც, ურწმუნოც, იმიტომ, რომ ყველამ იცის - არის რაღაც, რასაც არ უნდა შეეხო. ვიტყვი უხეშად: ღორმა სუფრაზე დინგი არ უნდა ჩაყოს.
მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის ღორების ორგანიზებული­, რომელთაც არ ესმით, რა არის ეკლესია. როცა სულში არაფერი წმინდა არ გაქვს, მაშინ იქცევი ისე, როგორც იქცევიან ეს ჩვენი მეამბოხეები და ჟურნალისტები, რომლებიც ვითომ ობიექტურები არიან, სინამდვილეში კი ემსახურებიან მამონას და არა - ღმერთს.

- რა არის მათი მიზანი?
- ეს ყველაფერი კეთდება მრევლის გულის გასატეხად - ნახეთ, რა უზნეოები არიანო... ის, რაც ქართველებმა ორი ათასი წელი გულით ვატარეთ და რისთვისაც ვიბრძოდით, თურმე ზედმეტი ტვირთი­ ყოფ­ილა. ღვთის, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის იდეა, მისდამი ერთგულება უნდათ წაგვართვან და ამით დაშალონ ქართული ეკლესია, საქართველო.

როცა გაქვს რწმენა, ხვდები უდიდეს საიდუმლოს. საიდუმლო იმის საიდუმლოა, რომ ვერ გამოთქვამ, მაგრამ იგრძნობ... ყველაფერი ხდება ადამიანის სულის გასაძლიერებლად, გამოცდისთვის, გამოსყიდვისთვის იმ ცოდვისგან, რომელიც ჩაიდინეს ადამმა და ევამ და როცა შენთვის ეს ყოველივე ზღაპარია, როცა ბიბლია ზღაპარია, მაშინ ადვილად ემორჩილები მატერი­ალისტების ლოგიკას. ათეისტი ვერ ხედავს იმ სასწაულს, ორი ადამიანისგან მესამე რომ იბადება - მექანიკური პროცესი ჰგონია. გაქვს უფლება, არ ირწმუნო, ეკლესიაში ძალით არავინ მიგათრევს, მაგრამ არ გაქვს უფლება, შებილწო ჩემი ეკლესია.

- ეს პროცესები მართულია?
- აშკარად. მიაჩნიათ, რომ ქართული ეკლესია უნდა მოისპოს. ამას ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტის შებღალვით. საბოლოოდ, ჭორი ქრება, იმიტომ, რომ ისეთ ნაბიჯებს დგამს უწმინდესი, გაკვირვებას იწვევს. ის ღვთისნიერი ადამიანია. ეს ანერვიულებთ და ჩასაფრებული არიან, ელიან, აღარ იყოს პატრიარქი და დაიწყონ ეკლესიაზე შეტევა, რათა საქართველო დაიშალოს.
ერის მართვისას რელიგიურ და პოლი­ტიკურ საზოგადოებრივ ძალებს შორის დაპირისპირება თავს იჩენდა ყველა ერსა და ეპოქაში. პოლიტიკოსები ცდილობდნენ, დაემორჩილებინათ მღვდე­ლმთავრები, ქურუმები, სანამ ქრისტიანობა­ იქნებოდა, იმიტომ, რომ სულიერ წინამძ­ღოლებს ყოველთვის მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ, ვიდრე პოლიტიკოსებს. დღესაც ასეა. პოლიტიკოსებს უნდათ ეკლესიის დამორჩილება, მაგრამ თუ მთავრობა და ეკლესია გაერთიანდა, მაშინ ძლიერდება ერი. ამიტომ უნდათ განხეთქილება ჩამოაგდონ არა მარტო ეკლესიაში, არამედ ეკლესიასა და მთავრობას შორისაც.

მეუფე იაკობის განცხადება იყო ძალ­იან სიმპტომატური, მოჩმახული. ეტყობოდა, რომ თვითონ არ სჯეროდა საკუთარი ნაუბარის. ეს ბოდვაა, მაგრამ გამიზნული. თუმცა მოინანია. გულწრფელად თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. პეტრეს ამბავი ქალური ისტერიკა იყო - სისულელეს როშავდა, მაგრამ მეუფე იაკობის ამბავი იყო მართლაც ბომბი, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ. საბედნიეროდ, ჩვენს მთავრობას ჰყოფნის შეგნება, რომ არ დაუპირისპირდეს ეკლესიას.

- ფიქრობთ, რომ მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე დავალებას ასრულებდნენ?
- მე ვერავის დავუმტკიცებ, მაგრამ ვგრძნობ და მჯერა, რომ იაკობი ასრულებდა დავალებას. ეს არ იყო შემთხვევითი ნათქვამი და ითქვა იმიტომ, რომ ჰარმონია დაირღვეს ეკლესიასა და მთავრობას შორის. ჩვენი მტრები ვერ იტანენ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ნელ-ნელა, რთულად, მაგრამ მაინც მიდის აღმშენებლობა.
მეამბოხეებმა დიდი მარცხი განიცადეს. ქართველი ხალხი შეიკრა, იმიტომ, რომ დაინახა აშკარა ჩარევა გარედან, მაგრამ ჩვენშიც არის ავის მოსურნე ხალხი. ბოლო ბღავილი მამა პეტრესი, უფრო სწორად, პაატა ცაავასი, სასაცილო იყო. ამან უკანასკნელი ლურსმანი ჩაასო ამბოხის ამ ეტაპს.

- ანუ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია და შეიძლება პროცესი გაგრძელდეს?
- სატანა ხომ არ კვდება... სულ რომ კუბოში ჩააწვინო, რაღაცნაირად მაინც შეგახსენებს თავის არსებობას. ადამიანი სძულს, მაგრამ თითოეული პირჯვრის გადაწერა ასუსტებს და განგვაშორებს მას.

- მიმდინარე პროცესების პარალელურად თუ საპასუხოდ, ყველა ამბობს ან წერს, რომ უყვარს პატრიარქი.
- მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. მიყვარს არა ბრმად, არამედ შეგნებით. თავი შემაყვარა თავისი კეთილშობილებით, საქმით, რომლითაც ემსახურება საქართველოს. ჩვენი პატრიარქი და ეკლესია ღვთის მისიას ასრულებენ - როგორც ცალკეული ადამიანის, ისე მთელი ერის გადარჩენის მისიას. შიგადაშიგ ღმერთი გვასაჩუქრებს ასეთი ადამიანებით, რადგან რაც უნდა ვილაპარაკოთ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე, დიდი სულიერი ლიდერების გარეშე ერი ვერ ვითარდება.
თამრიკო
09 ნოემბერი 2019 01:21
სრულიად ვეთანხმები ბატონ ბუბას. ზუსტად გადმოსცა ჩვენი სათქმელი და სატკივარი!!!
ეთო
08 ნოემბერი 2019 23:47
ბატონ ბუბას ვეთანხმები მაგრამ ამ კომენტარებში რას ნიშნავს საბჭოთა ფსევდო ღირებულებები, საქართველო საბჭოთა კავშირმა გადაარცინა.
ბუბა ხოტივარს
08 ნოემბერი 2019 22:56
ბრავო ბ-ნო ბუბა, ზუსტად და ლაკონურად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი, თითქოს ჩემს გულში იჯექით, დიდი მადლობა.იხარეთ და იჯანმრთელეთ, წარმატებები

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?