ისტორიკოსის თვალით დანახული რეალობა - კვირის პალიტრა

ისტორიკოსის თვალით დანახული რეალობა

"თუ ვინმეს უკვირს, რატომ აქვს პატრიარქს ამხელა ავტორიტეტი, მის წარსულს გადახედოს"

ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი: - ძალიან რთულია თვალი ადევნო ამ პროცესს. ეს არ არის დავა სერიოზულ საეკლესიო პრობლემაზე, ეს არის ვიწრო ჯგუფის მიერ ემოციებით გაჯერებული უარგუმენტო ბრალდებები, მთელი პროცესი კი შოუს უფრო ჰგავს, ვიდრე საგნობრივ დავას.

- ეს შოუ რას შეიძლება ემსახურებოდეს? - იმდენად ცუდი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა. ნახეთ, რაზე და ვისზეა საუბარი - 86 წლის მხცოვან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ადამიანზე, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი უახლესი ისტორია შექმნა. თუ ვინმეს აინტერესებს, რა გაკეთდა მისი მმართველობის დროს, უმარტივეს სტატისტიკას შევახსენებ - 1977 წელს, როდესაც მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია მოხდა, საქართველოში მხოლოდ 14 ეპარქია და 6 მღვდელმთავარი იყო. მხოლოდ 60 ტაძარი მოქმედებდა. ახლა შეადარეთ დღეს არსებული რეალობა და ისიც არ დაივიწყოთ, რა ურთულესი დროება გამოიარა ქართველმა საზოგადოებამ. თუ ვინმეს უკვირს, რატომ აქვს პატრიარქს ამხელა ავტორიტეტი, მის წარსულს გადახედოს. აღმაშფოთებელია, რომ ადამიანები, რომლებმაც უწმინდესსა და უნეტარესს ასეთი საშინელი ცილი დასწამეს, მის ხელში არიან გაზრდილი.

საზოგადოების პასუხიც ადეკვატური იყო - როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში ეპისკოპოსობის გადაბარების საკითხი დადგა, წინააღმდეგობის სურვილი არავის გასჩენია, რამდენიმე ადგილობრივი სასულიერო პირის გარდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის ამ ბრალდებების აბსურდულობა.

საქართველოს ისტორიამ ჩვენ ეს გვასწავლა. თავის დროზე, როდესაც სამცხე-საათაბაგოს მთავრისგან წაქეზებულმა რამდენიმე მღვდელმთავარმა სამხრეთ საქართველოს დედაეკლესიისგან მოწყვეტა გადაწყვიტა, კათოლიკოს-პატრიარქი დავითი პირადად ჩავიდა აწყურში და ყველა შფოთის წამომწყები დაწყევლა და საეკლესიო სასჯელი განუწესა. შედეგად, ეპისკოპოსები თავად ეახლნენ შენდობის წერილებით პატრიარქს. ისტორიის სამსჯავროზე თავად ყვარყვარე ჯაყელიც წარდგა და ის ისტორიაში "უკუღმართი ყვარყვარეს" სახელით შევიდა. ისტორიული წყაროს მიხედვით, ყვარყვარე ჯაყელმა მონეტა მოაჭრევინა, რომელზეც წარწერა უკუღმა იყო გაკეთებული. ივანე ჯავახიშვილი წერდა, როგორი უკუღმართიც თავად იყო, მონეტაც ისეთი მოაჭრევინაო...

ისტორიაში ისეთი ფაქტიც ყოფილა, რომ სხვადასხვა ცოდვაში მყოფი ერისკაცი ეკლესიას წმინდანად შეურაცხავს. თავის დროზე, მათაც ჰქონდათ პრობლემები ეკლესიასთან. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატს დაუპირისპირდა, აშოტ კურაპალატი კი წმინდანია. გავიხსენოთ დემეტრე თავდადებულის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა პროტესტის ნიშნად ტახტი დატოვა, რადგან დემეტრე მეფე იძულებული იყო, ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყოლოდა. თავად ეკლესიაშიც იყო შიდადაპირისპირება, მაგრამ ყველაფერი დასძლია ჩვენმა ეკლესიამ.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ დიდ სჯულისკანონზე. იცით, ცოდვა და სჯულისკანონის დარღვევა რა არის? სასულიერო პირის მიერ ასეთ ბრალდებებზე საჯაროდ, დაუსაბუთებლად საუბარი. საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს რომ ვაკვირდებოდი, ვიფიქრე, რომ მავანი ამპარტავნობას ჰყავს შეპყრობილი. ამპარტავნობა ძალიან მძიმე ცოდვაა, რომელმაც ანგელოზი ეშმაკად აქცია.

- რას გულისხმობთ, ვინ შეიპყრო ამპარტავნობამ? - ამპარტავნობა ბოლო დროს მთელი ერის პრობლემად იქცა. თუმცა ამ შემთხვევაში ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი მყავს მხედველობაში. ამპარტავნობაა, როდესაც შენი მოსაზრება ყველაზე უპირატესად მიგაჩნია, უაპელაციოდ სთავაზობ საზოგადოებას და ეუბნები, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც უარგუმენტოდ უნდა მიიღო.

- არის თუ არა ეს, რაც დღეს ხდება, ჯერ კიდევ კა-გე-ბეს დროს დაწყებული მუშაობის გაგრძელება? - საბჭოთა კავშირის დროს უშიშროებაში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც მიზანმიმართულად ეკლესიისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციაზე მუშაობდა. ზოგიერთ სასულიერო პირს გაუვრცელეს ჭორი, მაგრამ ილია II-ს მიმართ ასეთი რამ არასდროს მომხდარა."კა-გე-ბე თავად უქმნიდა საფუძველს ამა თუ იმ პირს, რომ პროვოკაციაში გაეხვია და მერე მასზე ჭორი გაევრცელებინა. ასეთი საფუძვლის შექმნა უწმინდესისთვის შეუძლებელი იყო. ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე სამოცდაათიან წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში რაღაც ბინძური ინციდენტი მომხდარა. სემინარიის რექტორი მაშინ უწმინდესი იყო და მან ამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინაო. რა გამოდის, 45 წლის წინანდელ კა-გე-ბეს მიერ აგორებულ უსაფუძვლო, უაზრო ჭორზე აგებენ ამ ბრალდებებს? უწმინდესს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეკლესიის შიგნითაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები. რამდენიმე ეპისკოპოსი განყენებულიც კი არის, მაგრამ დღემდე არავის მოსვლია აზრად მსგავსი ჭორის მოგონება.

- მრევლში კითხვები იმის მიმართაც ისმება, ზოგიერთი მღვდელმთავრის ფუფუნება არის თუ არა ქრისტიანული რელიგიის შესაბამისი... - მართლაც, ბევრისთვის მიუღებელია ბოლო მოდელის "პრადოს" ჯიპების საჭეებთან მეუფეების ხილვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი მშიერი ადამიანია. აი, ასეთ საკითხებზე მსჯელობა უფრო ლოგიკურია, ეს უნდა იყოს განსჯის საგანი. Bბოლო დროს ძალიან ხშირად ახსენებენ რუის-ურბნისის კრებას. რა იყო რუის-ურბნისის კრების მიზანი? ორი ასპექტი: რეგლამენტირება მთელი საეკლესიო დასისა, რომ არ მომხდარიყო ახალგაზრდა, საეკლესიო ცხოვრებაში გამოუცდელი კაცის მღვდლად და ეპისკოპოსად კურთხევა. მეორე მხრივ, რეგლამენტირება, რომ მიზნობრივად გამოყენებულიყო საეკლესიო ქონება. დიდი სჯულისკანონი გვეუბნება, რომ არავის აქვს უფლება, პირადი კეთილდღეობით მოიხმაროს საეკლესიო ქონება. აი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, ასეთი რეფორმა დასაწყებია ეკლესიაში.

- მეუფე პეტრეს ბრალდებებსა და მეუფე იაკობის მიერ შეთქმულებაზე ნაამბობს შორის კავშირს თუ ხედავთ? - მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, რაც შეეხება შეთქმულებას, თითიდან გამოწოვილი ამბავი მგონია.

ასეთ შეთქმულებას რომ გეგმავ, მიზეზი ხომ უნდა გქონდეს? ვის რაში უნდა აინტერესებდეს პატრიარქის შეცვლა? ისედაც უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და კიდევ ახლის დამატება უპირველესად ხელისუფლებას არ აძლევს ხელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ხელისუფლებას თურმე რუსული ინტერესების გატარება უნდა და პატრიარქი უშლით ხელს. იგივე ადამიანები, რომელთაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, გუშინ ამბობდნენ და გვიმტკიცებდნენ, რუსულ ინტერესებს ყველაზე მეტად ქართული ეკლესია ატარებსო. სად არის ლოგიკა?

და საერთოდ, მგონი, დროა, გაიმიჯნოს სახელმწიფო და ეკლესია. ვინმე იტყვის, ეს ასეა კონსტიტუციურადო, მაგრამ გამიჯვნა რეალური უნდა იყოს. პოლიტიკოსებმა ცოტა უნდა მოზომონ თავიანთი განცხადებები, როდესაც ეკლესიაზე ლაპარაკობენ.

ხათუნა ბახტურიძე