"ამერიკის მიერ ჩინეთის მტრად განხილვა საქართველოზე რიკოშეტივით იმოქმედებს" - კვირის პალიტრა

"ამერიკის მიერ ჩინეთის მტრად განხილვა საქართველოზე რიკოშეტივით იმოქმედებს"

"ამერიკული დროშა უჩვეულოდ გაშინაურდა შავ ზღვაში"

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა რუსეთის აგრესიასა და ჩინური გავლენის საფრთხეზე საგანგებოდ ისაუბრა: "ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მკაცრად ვგმობთ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ვალდებულებები", - განაცხადა დაგნანმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება. საქართველოში ჩინური გავლენის გაძლიერების საფრთხეზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა: "ანაკლიის პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არა აქვთ კეთილი სურვილები".

ნიშანდობლივია, რომ ბოლო დროს ამერიკელი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ამერიკის საგარეო პოლიტიკის მეთაურმა მაიკ პომპეომ ისიც კი განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი აშშ-ისთვის რუსეთზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამჟამად ჩინეთსა და აშშ-ს შორის პრაქტიკულად დაწყებულია სავაჭრო ომი, მხარეები ერთმანეთს იმპორტის დამატებით გადასახადებს უწესებენ. რას ნიშნავს, როდესაც ამერიკა ჩინური გავლენის გაძლიერების შესახებ გვაფრთხილებს? საფრთხე საქართველოსთვისაც რეალურია, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთთან გაჩაღებულ ეკონომიკურ ომში მხარდაჭერას გვთხოვს? - ამ კითხვით მივმართეთ პოლიტოლოგს, პროფესორ სოსო ცინცაძეს.

- ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს ვერ ვხედავ. ნახეთ, რა ხდება - ამერიკამ უკვე კონკრეტულად იცის, ვინ არის მისი მტერი. თუ "ცივი ომის" შემდეგ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა გამოკვეთილად ჩამოყალიბებული არ იყო, ახლა ცხადი გახდა, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის მტრობაა ჩამოვარდნილი. პომპეო ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის ერთადერთი არ არის, ვინც ჩინეთსა და რუსეთს თავიანთი ქვეყნის მთავარ მტრებად მიიჩნევს. ამაზე უკვე სისტემატურად ლაპარაკობენ პენტაგონისა და სადაზვერვო უწყებათა თანამშრომლები.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინელები ამერიკასთან ვაჭრობით მათზე მეტ სარგებელს იღებენ და ტარიფების გაზრდა დაიწყო. ამას მოჰყვა ნამდვილი "ტარიფების ომი". ორი კვირის წინ ამერიკა-ჩინეთს შორის მოლაპარაკება კი გაიმართა და "ტარიფების ომის" შეჩერებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ეს დროებითია. ერთი სიტყვით, ეს არის ამერიკა-ჩინეთის ომი. ჩვენ საფრთხე მხოლოდ "მინდობილობით" გვემუქრება. მხოლოდ არაადეკვატური ადამიანი თუ იტყვის, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო სფეროში შეიძლება დაპირისპირება დაიწყოს. ეს გამორიცხულია. თუმცა იმის მოლოდინი ნამდვილად უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მიერ ჩინეთის მტრად განხილვა საქართველოზე რიკოშეტივით იმოქმედებს. ჩვენ არც პოლიტიკური ნება გვაქვს და არც ძალა შეგვწევს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკას ვუთხრათ, ეს შენი ომია და ჩვენ ძალიანაც გვაწყობს, თუ აქ ჩინური ინვესტიციები შემოვა-თქო. ამიტომ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ომში ნასროლი ისრები ჩვენც მოგვხვდება, მით უფრო, რომ ჩვენ არ გვყავს ანალიტიკურად მოაზროვნე დიპლომატები, რომლებსაც პრევენციული ზომების მიღება შეუძლიათ. ჩვენი დიპლომატები საფრთხეზე ფიქრს მანამდე არ იწყებენ, სანამ რეალურად არ დავდგებით პრობლემის წინაშე. სამწუხაროდ, ვერც საფრთხესთან პირისპირ შეჩეხების დროს გამოირჩევიან გონიერებით. ერთადერთი შვების მომგვრელი მთელ ამ ამბავში ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ლავროვმა განაცხადა, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენო. რატომ არის ეს კარგი ამბავი? იმიტომ, რომ ჩინეთისგან სამხედრო თვალსაზრისით არასდროს არაფერი დაგვემუქრება.

- სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ჩინეთის დახმარების გარეშეც დიდი საფრთხეა ჩვენთვის. რაც შეეხება ჩინურ ინვესტიციებს, ინვესტიცია უკვე გარკვეულწილად გავლენაა, ჩინეთი კი საშიში პარტნიორია, რომელსაც შეუძლია ინვესტიციებით, მშვიდობიანად დაგვიპყროს. - ჩინეთი ნამდვილად არის საშიში პარტნიორი, თუმცა მის ინტერესებში, საბედნიეროდ, საქართველო არ შედის.

ჩინეთის მშვიდობიანი დაპყრობის არეალი ციმბირია. რუსეთი დღეს ორ ცეცხლს შუაა - ერთი მხრივ, არ უნდა აღმოსავლეთ ციმბირში ჩინელების დასახლება, მეორე მხრივ, თავად ვერაფერს უხერხებს ჩამკვდარ სოფლებს და იქ მცხოვრებ გალოთებულ რუსებს. ჩინელები თავაუღებელი შრომით ნელ-ნელა ითვისებენ მთელ რეგიონს. მათი ჩასახლება საზღვრისპირა რეგიონში ისეთი უსაფრთხო არ არის, როგორიც შუა ნიუ-იორკში ჩაინათაუნია.

სამი წლის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსებს უთხრა, თქვენ გაქვთ ტერიტორიები ხალხის გარეშე, ჩვენ კი გვყავს ხალხი ტერიტორიების გარეშეო. დღეს მთელ აღმოსავლეთ ციმბირს ჩინური კაპიტალი ცოცხალი ძალით ითვისებს. ეს უკვე სტრატეგიული საფრთხეა.

- ეს სტრატეგიული საფრთხე ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობაზე როგორ აისახება? - დღეს რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა ამერიკასთან დაპირისპირებით არის განპირობებული. როგორც კი ვითარება შეიცვლება, მათი ურთიერთდამოკიდებულებაც სხვა სახეს მიიღებს. სწორედ ამის დასტურია ლავროვის განცხადება, ჩინეთთან სამხედრო კავშირი არ გვჭირდებაო. ჯერჯერობით სურათYი ასეთია - ამერიკასა და რუსეთს შორის სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირებაა, რომელიც დღითი დღე ძლიერდება. ეკონომიკური წინააღმდეგობა პოლიტიკური შემადგენლობისაა. ამერიკის, როგორც ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ქვეყნის, დღეები დათვლილია, კუდზე ჰყავს ჩაბღაუჭებული ჩინეთი. ამ ომში რუსეთი ჩინეთის მოკავშირეა, მაგრამ არ არის მეგობარი. არ არის გამორიცხული, ეს რეალობა ცოტა ხანში შეიცვალოს. მაგალითისთვის ერთ გაუხმაურებელ ამბავს გიამბობთ: 1972 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ჩინეთი საბჭოთა კავშირის სამხედრო თავდასხმას გადაარჩინა. ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ დაემუქრა საბჭოთა კავშირს, ჩინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონი ნეიტრალურ პოზიციას არ დაიჭერდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სულ რაღაც ასი წლის წინ რუსები და ჩინელები ერთმანეთს ხოცავდნენ დამანსკის გამო. ასი წელი ისტორიისთვის ძალიან მცირე დროა. ასე რომ, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. თუმცა ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა დღეს არსებული რეალობის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, დღევანდელი რეალობის მიხედვით კი ჩინეთისგან ჩვენ საფრთხე არ გველის. უბრალოდ, ვინაიდან ეს ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა, ჩინელებთან მაინცდამაინც ჩახუტებული ვერ ვიქნებით. დღეს ჩვენი მთავარი საფრთხე შავი ზღვის რეგიონში მოსალოდნელი დაპირისპირებაა. რამდენიმე დღის წინ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ჟურნალში Foreign Defense დაიბეჭდა ანალიტიკური სტატია, რომელშიც განხილული იყო, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაშინგტონი ორი მიმართულებით - ერთი მხრივ ბალტიისპირეთით და მეორე მხრივ, ყირიმის მიმართულებით. ყირიმის მიმართულებით გააქტიურება თავისთავად გულისხმობს შავ ზღვაზე გავლენის გაძლიერების მცდელობას. ასეთ ინიციატივებს ხშირად ახმოვანებენ პოლიტიკოსებიც. უკვე აშკარად თვალში საცემია ამერიკელების მზარდი აქტიურობა შავ ზღვაში, რის გამოც რუსეთი ძალიან ნერვიულობს. ის შავ ზღვას საკუთრებად განიხილავს, ისევე როგორც ბაიკალს, მით უფრო მას შემდეგ, რაც უკრაინას სევასტოპოლი წაართვა. ამიტომ ნუ გვექნება ილუზია, რომ კრემლი ამერიკის ამ მცდელობა რეაგირების გარეშე დატოვებს.

იმის გათვალისწინებით, რომ შტატებს ბოლო დროს თურქეთთან კრიტიკული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, შავი ზღვის აკვატორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო საქართველოა. ეს უკვე დამატებითი პრობლემის წინაშე გვაყენებს.

ამიტომ ქართველმა დიპლომატებმა დღე და ღამე უნდა გაასწორონ მუშაობაში და პრევენციული პოლიტიკა შეიმუშაონ. ახლახან წავიკითხე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოსაჩოვის სტატია, რომელიც პუტინისა და ლავროვის განცხადებების გამხმოვანებელია. "ცივი ომის" დროინდელი პოლიტიკური განცხადებების სტილი და კილო კარგად მახსოვს და კოსაჩოვის ინტერვიუმ სწორედ ის განცხადებები გამახსენა - იგივე ტერმინოლოგია, არადიპლომატიური, ხისტი ენა. კოსაჩოვი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტმა და უკრაინის მხარდასაჭერმა განცხადებებმა გააღიზიანა. მან პირდაპირ განაცხადა, ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უკრაინელების ალიანსში გაწევრებას უჭერს მხარსო. როგორც ჩანს, ამ განცხადებამ რუსი პოლიტიკოსები წონასწორობიდან გამოიყვანა. კოსაჩოვის მუქარა იმის შესახებ, რომ რუსეთს ახალი ტიპის რაკეტა "სარმატი" აქვს, რომელიც მომავალში საბრძოლო საგუშაგოზე დადგება, მისი მილიტარისტული კილო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი სამხედრო ხარჯებს გაზრდის. ერთი მხრივ, პუტინს კარგად ესმის, რა დღეშიც ჩააგდო საბჭოთა კავშირი სამხედრო ხარჯების გაზრდამ და თითქოს ფრთხილობს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც იცის, როდესაც ამერიკა ზრდის სამხედრო ხარჯებს, მან პარიტეტის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ისტებლიშმენტი არ დაინდობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის. ქართულმა დიპლომატიამ მიზნად უნდა დაისახოს, მიიღოს უფრო ქმედითი გარანტიები, ვიდრე სიტყვიერი დაპირებებია, მხარს გიჭერთო.

- რა შეიძლება იყოს უფრო ქმედითი? - თუ რა შეიძლება იყოს უფრო მტკიცე და ქმედითი, ამაზე ჩვენმა დიპლომატებმა დღედაღამ უნდა იფიქრონ.

- ამერიკას შავ ზღვაში თავისი ინტერესების გასატარებლად აქ სამხედრო-საზღვაო სისტემის გაძლიერება სჭირდება, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არა აქვს. ასეთ ვითარებაში, ან ამერიკელი პოლიტიკოსების ინიციატივები რას ემყარება, ან რუსეთის შფოთის საგანი რა არის? - ინფრასტრუქტურა არა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არც მომავალში ექნება.

შეიძლება ითქვას, დღეს ვაშინგტონს ანაკლია უფრო აინტერესებს, ვიდრე თბილისი. შეგახსენებთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის აშენება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშია.

თქვენ მაიკ პომპეო ზალკაLლიანი ხომ არ გგონიათ, დილით ერთს რომ ამბობს და საღამოს მეორეს? საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით მდგომმა პომპეომ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა ანაკლიის პორტის შესახებ.

ახლახან გავეცანი საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილი კელი დაგნანის სტატიებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას საქართველო კარგად აქვს შესწავლილი. ის საფუძვლიანად არის ინფორმირებული ქართული პოლიტიკის შესახებ. ისიც ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის აშენებაზე მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს.

- თუ ეს პროექტი ვაშინგტონისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ ამბობენ ამერიკული კომპანიები, მაგალითად, "კონტი ჯგუფი" მონაწილეობაზე უარს? - ასე მარტივადაც არ არის საქმე. ამერიკა თავისი ისტორიის განმავლობაში, ლინკოლნის პრეზიდენტობის დროს მომხდარი სამოქალაქო ომის შემდგომ, პირველად გაიხლიჩა. ახლაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრამპის პოლიტიკამ ბევრი დააბნია. ერთი მხრივ, ტრამპი აცხადებს, ამერიკას აღარ სჭირდება იყოს მსოფლიოს პოლიციელი, ამერიკული ჯარი აღარ იქნება სირიაში, ევროპაში, ნატო დრომოჭმული ორგანიზაციაა, ევროპამ თავად გადაიხადოს საკუთარი სიმშვიდის ფასიო... ამ განცხადებების პარალელურად კი ობამამ რომ ტანკები გაიყვანა ევროპიდან, ტრამპმა დააბრუნა, პოლონეთში გააორმაგა ამერიკელ ჯარისკაცთა კონტინგენტი, რუმინეთში დადგა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, ბალტიისპირეთს უფრო მეტი გარანტიები მისცა, აგრძელებს ფულის გადახდას ნატოს სამხედრო გაძლიერებისთვის, შავ ზღვაში ცდილობს გავლენის გაძლიერებას...

თვე არ გავა, შავ ზღვაში ორი-სამი ამერიკული გემი არ შემოვიდეს. არ ვამბობ, რომ ეს გემები ატომმზიდები ან ბირთვული რაკეტებით არიან დატვირთული, მაგრამ ეს აშკარად ამერიკული დროშის დემონსტრირებაა. Aამერიკული დროშა უჩვეულოდ გაშინაურდა შავ ზღვაში. გარწმუნებთ, ანაკლიის პროექტი ამერიკის სტრატეგიული ინტერესია და როგორც პატარძალს პირველი ღამე, ისე ჩვენს ხელისუფლებას ანაკლიის პორტის აშენება არ ასცდება.

ხათუნა ბახტურიძე