"საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ"

"სამყაროში ჰაერის, ხმელეთისა და წყლის გარდა, გაჩნდა კიდევ ერთი საბრძოლო სივრცე - ინტერნეტი..."

გასული კვირა ქართველი საზოგადოებისთვის მძიმე იყო. ჯერ იყო და, ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერები პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, შემდეგ კი გაიმართა წმინდა სინოდის კრება, რომელზე განვითარებული მოვლენები და წარმოთქმული ბრალდებები შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი გიორგი გობრონიძე:

გიორგი გობრონიძე

- ის, რაც ვნახეთ 31 ოქტომბერს, ვფიქრობ, იყო გარეგნული გამოხატულება იმ კრიზისისა, რაც არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოში. კრიზისი გამოჩნდა ჯერ კიდევ ე.წ. მამალაძის საქმის დროს, თუმცა ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, უფრო ადრე იღებს სათავეს. ვგულისხმობ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რითიც ეკლესიამ მიიღო პრივილეგიები, ამან კი გააჩინა იმგვარი ცდუნებები, რაც აღარ არის დაკავშირებული რელიგიასთან და გულისხმობს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიკეთეების მოპოვებას. არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გამოყენების მცდელობა. ძალიან რთულია, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში დაიცვა რეალური სეკულარული ბალანსი. მოდი, ვაღიაროთ - ამ ბალანსის დაცვა ჩვენში არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია; არ უცდია, არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში და პირიქით, არ დაეშვა პოლიტიკაში სამღვდელო პირთა ჩართვა. ამიტომაც მივიღეთ ძალიან მანკიერი ურთიერთობის სისტემა.

შესაძლოა ამ პროცესებში ვეძებოთ გარე ძალების კვალიც, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ქართულმა სახელმწიფომ და საპატრიარქომ ვერ დაიცვეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ სააშკარაოზე ვიხილეთ, მიჩენს აზრს, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა საპატრიარქოს შიგნით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია ეკლესიის ავტორიტეტის შემცირება... იქნებ ამას მოჰყვეს ის პოზიტიური შედეგი, რომ მომავალ ხელისუფლებებს საკუთარი სისულელის ფონზე პოზიციების გასამყარებლად ღვთაებრივი ლეგიტიმაციის მოპოვების ცდუნება აღარ გაუჩნდეთ.

საქართველოში პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობდნენ, ეკლესია ან პარტნიორად გაეხადათ, ან მასზე გავლენა მოეპოვებინათ. მაშინ, როცა საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობ რეალურ გამოსავლად, სასუფევლის დაპირება იოლია. ასეთ პოპულიზმთან გვქონდა საქმე წლების განმავლობაში. პრობლემა ისიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები კი ცდილობდნენ ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან თავის შორს დაჭერას არც ეკლესია ცდილობდა. არაერთი მღვდელმსახურისგან გვსმენია ამბიონებიდან ქადაგება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც ნაწილი აშკარად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს, ნაწილი - ბიძინა ივანიშვილს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ყველას ეკლესიის წიაღში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე.

დიდი პრობლემაა მრევლშიც. ვამბობთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 99% მართლმადიდებელია, მაგრამ საინტერესოა, რა არის მათთვის რელიგია და სარწმუნოება; აქვს კი მათ უმრავლესობას გააზრებული რწმენისა და ქრისტიანული იდეის აზრი, ან იციან, რას ნიშნავს, იყო ქრისტიანული კულტურის ნაწილი?! ვეჭვობ, რომ არა. მათთვის სარწმუნოება უფრო ტრადიციაა. სამწუხაროდ, არც ქრისტიანული საზოგადოება გვყავს და სასულიერო პირების ნაწილიც ვერ გამოხატავს ქრისტიანულ მრწამსს. ის, რაც მოხდა და რაც აუცილებლად დაარტყამს ეკლესიის ავტორიტეტს, უპირველესად მაინც ჩვენი შეცდომების შედეგია. ადვილია, გარეთ დავაბრალოთ ვიღაცას რაღაცა, მაგრამ ჩვენ კი გვქონდა დალაგებული საქმე ისე, რომ იქ უცხო ძალას თავისი ინტერესებით ვერ შეეღწია? მეტი ერთგულება რომ ჰქონოდათ ადამიანებს ღვთისა, პირად ამბიციებსა და ინტერესებზე რომ არ ეფიქრათ, ამ შედეგს არ მივიღებდით...

- კიდევ ერთი სკანდალი, რაც გასულ კვირას მოხდა, იყო კიბერთავდასხმა, რომლის შედეგადაც 2000-მდე ქართული ვებპორტალი გაითიშა, მათ შორის - პრეზიდენტის, ზოგი სახელისუფლებო სტრუქტურისა და მედიასაშუალების... კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა თქმით, ეს იყო შედარებით უხარისხო და ნაკლებად დამაზიანებელი შეტევა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ჩვენი კიბერუსაფრთხოების ხარისხის მოსინჯვაც ყოფილიყო, რასაც შეიძლება უფრო მასშტაბური თავდასხმა მოჰყვეს... ექსპერტთა ნაწილის თქმით, ხელისუფლებას გაცილებით მწვავე რეაქცია უნდა ჰქონოდა მომხდარზე, მაგალითად, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მომხდარიდან მალევე უნდა შეკრებილიყო უსაფრთხოების საბჭო... - უპირველესად ჩნდება კითხვა: ამ საკითხის გამოძიების პროცესში რა გაარკვიეს საგამოძიებო უწყებებმა? ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და დროული რეაგირება სჭირდება. ამის პასუხად ჯერჯერობით მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ თურმე შეტევა განხორციელდა დედამიწიდან. კარგია, რომ ამაში უცხოპლანეტელები არ მონაწილეობდნენ, ეს გვამშვიდებს, მაგრამ ხუმრობის გარეშე რომ შევხედოთ ვითარებას, ეს არის გლობალური პრობლემა. დღეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ამუშავებენ ახალი ტიპის სამხედრო დოქტრინებს - ბრძოლის ველზე ქცევის წესებს, რადგან სამყაროში ჰაერის, ხმელეთისა და წყლის გარდა, გაჩნდა კიდევ ერთი საბრძოლო სივრცე - ინტერნეტი...

ამ ცოტა ხნის წინ მომიხდა ჩაAსვლა რუსეთში და შეხვედრა იქაურ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად განიხილავდნენ საშუალებებს, თუ როგორ შეიძლება კიბერმექანიზმების გამოყენებით ქვეყნის ფაქტობრივი პარალიზება.

მტრულად განწყობილ ძალებს აუცილებლად ექნებათ სურვილი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას შეუტიონ იმგვარად, რომ ქვეყანა პარალიზებული აღმოჩნდეს.

თეორიულად დავუშვათ და წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ რომელიღაც ჰაკერმა შეაღწია შსს-ს ან რომელიმე შესაბამისი სამსახურის სისტემაში და თბილისში გათიშა შუქნიშნები... ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება! ან დაარტყან საქავიანავიგაციის სისტემას! ღმერთმა დაიფაროს და, ალბათ, ისეთ შედეგს მივიღებთ, რაც, შესაძლოა, დაბომბვისას მიგვეღო...

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრუქტურები დაცულია, მაგრამ არ არსებობს აბსოლუტური დაცვის საშუალებები, ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა, განახლება...

რაც მოხდა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, არ იყო მაღალი ხარისხის კიბერშეტევა, მაგრამ ამანაც საკმარისი რყევა და ზიანი გამოიწვია. ბუნებრივია, პირველად ჩნდება ვარაუდი, რომ ამის უკან რუსეთი დგას. შესაძლოა, ეს ყოფილიყო გაფრთხილება, ჩვენი ძალების მოსინჯვა... არ ვიცი, უნდა მოეწვიათ თუ არა უსაფრთხოების საბჭო; მთავარი სხვაა - სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მომზადებული კიბერ და ნებისმიერი უსაფრთხოების სტრატეგია და ამასთანვე, ამ სტრატეგიას პრაქტიკაში უნდა იყენებდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვჭირდება პოსტფაქტუმ მოქმედება და გავუმკლავდებით ასეთ შემოტევებს...

მეორე ნაწილი ამ საკითხის ის არის, რომ კიბერსაფრთხეები უკვე მთელი მსოფლიოსთვის სამხედრო ხასიათის საფრთხედ იქცა. შემთხვევითი არც ის არის, რომ 2016 წელს, როდესაც ითქვა, რომ კიბერსაშუალებებით დაესხნენ თავს აშშ-ის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას - ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას - მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს არ დადასტურდა, 2017 წელს ამერიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, აშშ კიბერთავდასხმას განიხილავს სამხედრო აგრესიის აქტად და იტოვებს თავდაცვის უფლებას, მოწინააღმდეგეზე ბირთვული დარტყმის ჩათვლით... ესეც კარგად აჩვენებს, რა მასშტაბისაა კიბერუსაფრთხოების თემა...

ზოგისთვის, შესაძლოა, ღიმილის მომგვრელია, რომ ვიღაცამ შეაღწია სისტემაში და ზოგ საიტზე მიშა სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა, მაგრამ დამერწმუნეთ, ამისთვის სათანადო ყურადღების მიუქცევლობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნას. თუ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ზედმიწევნით კარგად დაცული არ იქნება და არ გვექნება კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, მოსალოდნელია ქვეყნის პარალიზება. ეს შედეგი იქნება იმაზე მძიმე, ვიდრე შეიძლებოდა სამხედრო ოპერაციების დროს ყოფილიყო.

გავიხსენებ, აშშ-მა 2010 წელს როგორ იმუშავა ირანის ბირთვული პროგრამის დროში შესაჩერებლად. გამოიყენეს ვირუსი, შესაბამისად, წაიშალა ბაზები, სადაც იყო გაწერილი მთელი ბირთვული ტექნოლოგია. მერე ისრაელის დაზვერვამ რამდენიმე მეცნიერი მოიშორა და ამ წერტილოვანი დარტყმებით მიაღწიეს შედეგს, რაც შეიძლება ამ ობიექტების საჰაერო დაბომბვით ვერ დამდგარიყო.

ამ საკითხზე გვჭირდება პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე - ქვეყნის შიგნით კიბერშესაძლებლობების გაძლიერება. ამ თვალსაზრისით მძიმე ვითარება გვაქვს - სახელმწიფო უწყებებმა, მგონი, მოაგვარეს, მაგრამ კერძო სტრუქტურების ნაწილში, როგორც ვიცი, ჯერ ლიცენზირებული პროგრამირებაც კი არ აქვთ. აუცილებელია კადრების მომზადება. სამწუხაროდ, მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით კვალიფიციური პერსონალით და მაღალტექნოლოგიური კომპანიებით. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მით უფრო - ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის.

- აღსანიშნავია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას; ცალკეა გამოყოფილი კიბერუსაფრთხოების თემა... - ეს დოკუმენტი უმნიშვნელოვანესია რამდენიმე თვალსაზრისით. შინაარსთან ერთად აღსანიშნავია, რომ ის მხარდაჭერილია აშშ-ის ორივე პარტიის მიერ, რაც ნიშნავს, რომ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" ამერიკული პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი კონსენსუსი, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი, ფაქტობრივად, მიუღწეველი რჩება და ხშირად ვიწროპარტიულ ინტერესებს ეწირება მნიშვნელოვანი საკითხები. მოკლედ, ამ დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება თეთრი სახლის ადმინისტრაცია, საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება... ეს არის მკაფიო გზავნილი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ნეგატიური განწყობა აქვთ საქართველოს მიმართ, მათ შორის - რუსეთის ფედერაციისთვის.

ეს აქტი ასევე გახლავთ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი ჩვენთვისაც, რომ შეგვიძლია ვენდოთ აშშ-ს, როგორც ჩვენს მოკავშირეს.

სასურველია, ჩვენთანაც ანალოგიურად, კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდეს საგარეო პოლიტიკური ხედვა. ჩვენც გვჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პოზიცია, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, მიუხედავად იმისა, ვინ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში.

- საინტერესოა, რომ კარგა ხნის შემდეგ აშშ სწორედ ამ პერიოდში გზავნის ელჩს საქართველოში. კანდიდატიც შერჩეულია - კელი დაგნანი, რომელიც სიტყვით უკვე წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე. მან გამოსვლისას აღნიშნა აშშ-სა და საქართველოს ნაყოფიერი პარტნიორობა და თქვა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად. ის შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემასაც. "მზად ვარ, ვითანამშრომლო საქართველოში ყველა პარტიასთან, რათა მომავალ წელს ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა მან. ასევე ახსენა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პლურალისტური საკანონმდებლო ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალფეროვანი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება... - საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ ახერხებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩობის კანდიდატებზე ჩამოყალიბებას. კარგია, რომ გადაწყვიტეს, ამ საკითხს მიხედონ.

ძალიან ინფანტილურია ხოლმე ჩვენში მსჯელობა, რომ თითქოს ვიღაც ვიღაცის მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგეა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ასე პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით ირჩეოდეს კადრი. როგორც წესი, ირჩევენ დიპლომატს იმ შესაძლებლობის მიხედვით, თუ რა როლის თამაში შეუძლია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ქალბატონი კელი დაგნანი კვალიფიციური და მაღალი რანგის დიპლომატია, აშკარად კარგად არის ინფორმირებული საქართველოს როგორც შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ისე საგარეო საფრთხეებზე. მან კარგად იცის აქაური პრობლემატიკა და, როგორც ჩანს, უკვე აქვს კარგად ჩამოყალიბებული საკუთარი დღის წესრიგიც.

თავისუფალი არჩევნები, მედიაპლურალიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო - ეს არის კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობები და ელჩობის კანდიდატმაც ამაზე მიანიშნა...

- როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატით გასამართ შეხვედრებში რუსულ მხარეს ისევ კარასინი წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა... რას ფიქრობთ ამ ფორმატზე და რას შეიძლება ველოდოთ მომავალი მოლაპარაკებებისგან? - ამ მოლაპარაკებებში კარასინი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არც აქამდე მონაწილეობდა. ის მონაწილეობდა, როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი... ვფიქრობ, კარასინი-აბაშიძის ფორმატი დარჩება ისეთივე, როგორიც იყო. ეს უფრო კარასინი-აბაშიძის საავტორო გადაცემას დაემსგავსა...

რუსეთის ფედერაციასთან გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, რაც ყურადსაღებია. მიუხედავად იმისა, დღეს რა ხდება საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ ვუყურებთ რუსულ სამხედრო აღმშენებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ეს გახლავთ მთავარი პრობლემა, კიბერუსაფრთხოებასთან ერთად... როგორც ვთქვი, სავარაუდოა, რომ ამ შეტევის უკან რუსეთის ფედერაცია იდგეს; არ არის გამორიცხული, ამას მოჰყვეს სხვა, უფრო მძლავრი და დამანგრეველი კიბერთავდასხმები.

გარდა ამისა, საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ. ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, სირიაში რუსეთის ყოფნას ემატება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აღმშენებლობის პროცესი.

ეს არის პირველი თემა და საფრთხე საქართველოსთვის. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ომის დაწყების ალბათობა დაბალია, თუ რუსეთმა დაინახა ომის დაწყების საჭიროება, ამას ადვილად შეძლებს ჩვენივე ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო კონტინგენტის გამოყენებით...

ამბობენ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი ჰუმანიტარულია, მაგრამ მათი შეხვედრების მიუხედავად, ის ქართველები, რომლებიც დარჩენილი არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ცხოვრებენ აპარტეიდის რეჟიმში - დევნის, შევიწროების პირობებში. აფხაზეთში შეცვალეს ამ კვაზიწარმონაქმნის კვაზიკანონმდებლობა და ეთნიკურ ქართველებს ჩამოართვეს არა მხოლოდ სამოქალაქო, სოციალური უფლებებიც. მათ ეზღუდებათ გადაადგილება, განათლების უფლება; ახალგორში ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში ცხოვრობს; აშკარაა, რომ მიმდინარეობს ქართველების ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროება. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ამ ორ კვაზიწარმონაქმნში ფაშისტურ რეჟიმებს აყალიბებს? საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხორციელდება პატარა ეთნოკრატიებით, რომლებიც მათ შექმნეს. ამ ვითარებაში რა ჰუმანიტარულ თემებზე ვაპირებთ კარასინთან ლაპარაკს? იქცევა ეს საკითხები განხილვის თემად ან გვაქვს რაიმე პოზიტიური ცვლილების იმედი?!