"ეკლესიიდან ვაჭრები არიან გასაყრელი" - კვირის პალიტრა

"ეკლესიიდან ვაჭრები არიან გასაყრელი"

"ეკლესიაში ერთობა უნდა გადარჩეს, მაგრამ გაჯანსაღება უნდა დაიწყოს, ვფიქრობ, ეს დასაწყისია", - ასე აფასებს ეკლესიის განვითარებულ მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ეკლესიაში რეფორმებია საჭირო. იქ ადამიანებს კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის საშუალება უნდა მოესპოთ.

ეკლესიაში ბევრი ღირსეული ადამიანია. ეს დღესაც გამოჩნდა: მეუფე გიორგი, მეუფე შიო, სხვა მეუფეები, ასევე მამა ალექსანდრე გალდავა, მამა გიორგი ზვიადაძე და ა.შ. და

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ არის პატრიარქი, რაც ჩემთვის, როგორც პირჯვრის გადამწერი ერთი კაცისთვის, იმედისმომცემია.

გარდა ამისა, ჩემთვის ქართული ეკლესია ის სამი ულამაზესი გოგოა, ვინც თავის დროზე წავიდა ეკლესიაში და დღეს იწოდებიან დედა ელისაბედად, დედა თეოდორად და დედა მარიამად. ერთი ფოკაშია, მეორე ბოდბეში, მესამე კი დარეჯანის კარის ეკლესიაში... დღეს ისინი არიან ჩემთვის ქართული ეკლესიის სახე.

ვერცხლისმოყვარეობას რაც შეეხება, არ შეიძლება, სასულიერო პირთა მიმართ ჩვენი სურვილები იყოს მაქსიმალისტური, რადგან ანგელოზთა დასი ცაშია და არა მიწაზე, ეკლესიის სამსახურში; მაგრამ უკეთესობის სურვილი, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მრევლსაც და ბერსაც...

სამწუხაროდ, ბარათაშვილის ნათქვამი: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება", ჩვენში ასე გაიგეს: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის ფულის კეთება..."

რატომ აცვეს უფალი ჯვარს? ამის დოსტოევსკისეულ ვერსიას გავიხსენებ. საყოველთაოდ მიჩნეულია, თითქოს ამის საბაბი გახდა ის, რომ ის იყო იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე, მაგრამ როგორც დოსტოევსკის მიაჩნდა, ამის ნამდვილი მიზეზი იყოს ის, რომ ქრისტემ ეკლესიიდან ვაჭრები გამოყარა. მე ვიზიარებ ამ აზრს. ეკლესიიდან სწორედ ვაჭრები არიან გასაყრელი.

ინდულგენცია არ არის ჩვენი ტრადიცია. გავიხსენოთ, იესო ქრისტე ჯორით შევიდა იერუსალიმში და არა ეტლით, არც ოქროს მიტრა ედგა თავზე და არც ბრილიანტისთვლიანი ჯვარი ეკიდა. ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე - ეს უნდა გვახსოვდეს!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში"  ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები