"სიდედრი ოჯახის წევრი არ არის" - როგორ უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დასმულ შეკითხვას - კვირის პალიტრა

"სიდედრი ოჯახის წევრი არ არის" - როგორ უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დასმულ შეკითხვას

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას შეკითხვას იმის შესახებ, რომ კანდიდატის ოჯახის წევრს, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული და ისიც ხომ არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას.

ქოჩიაშვილის განცხადებით, შემოწირულობა მისი ოჯახის წევრს არ აქვს გაკეთებული.

"სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს", - განაცხადა ქოჩიაშვილმა.

ბოკუჩავას კითხვაზე, ხომ არ იზიარებს ქოჩიაშვილი მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ გემოვნებას, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის 21-ე და 27-ე მუხლები უკრძალავს მას ამგვარ გამოსვლებს რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ, რათა საზოგადოებამ არ ჩათვალოს მიკერძოებად.

"ინტერპრესნიუსი"