"ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე" - კვირის პალიტრა

"ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე"

ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან დეზინფორმაციაზე ისაუბრა და დეზინფორმაციისა და ცილისწამების მაგალითად საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერებზე ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმა დაასახელა.

"სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა გასულ კვირას საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მსგავს საფრთხეებს გავუმკლავდეთ.

"საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვეთანაც კიბერუსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერშეტევა. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის,"-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"