"ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს რეგიონებია და როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, ვსაუბრობთ მთლიან ტერიტორიაზე" - კვირის პალიტრა

"ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს რეგიონებია და როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, ვსაუბრობთ მთლიან ტერიტორიაზე"

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას" მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმაც. მან უპასუხა კითხვას რუსეთის ფედერაციის პოზიციის შესახებ, რომ საქართველოში ნატოს მეტად ყოფნას არ შეეგუება.

"საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მას უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა აირჩიოს. ეს პრინციპია, რომელიც შედის ჰელსინკის საბოლოო აქტში, დოკუმენტში, რომელსაც რუსეთმა თავად მოაწერა ხელი. ნატო-ში ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ "კლუბებს" ეკუთვნიან ისინი და რომლისგან ამჯობინებენ შორს ყოფნას. ეს რა თქმა უნდა, ვრცელდება საქართველოზე", - განაცხადა პუგლისმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა MAP-ი მართლაც აუცილებელი საქართველოსთვის, რათა ქვეყანა ნატო-ს შეუერთდეს, როზარია პუგლისმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია.

"თუ გადახედავთ თუნდაც უკანასკნელ განცხადებებს, ნატო-ს დოკუმენტებს, ნახავთ, რომ MAP ინტეგრაციის პროცესის არსებითი ნაწილია. საქართველოში ნატო ბევრი წელია, რაც მუშაობს, შესაბამისად ბევრ სამუშაოს ვახორციელებთ, რომ გავზარდოთ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად და ეფექტურად მივიწევთ წინ", - განაცხადა პუგლისმა.

ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი 'საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე'

მანვე კომენტარი გააკეთა ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს ისე, რომ ალიანსის წესდების მე-5 პუნქტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე" არ გავრცელდეს.

"რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამართლიანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან და სხვების მხრიდან, რომ იმ გზებზე იფიქრონ, თუ როგორ დაჩქარდეს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. რაც შეეხება ნატო-ს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვუყურებთ იმ ვარიანტებს, რომელიც შეაჩერებს მეხუთე მუხლს აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" მიმართებაში. ჩვენ ვაფასებთ, პატივს ვცემთ საქართველოს პოლიტიკურ ინტეგრაციას, სრულ სუვერენიტეტს და საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლს. ეს ნიშნავს, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს რეგიონებია და როდესაც ვსაუბრობთ წევრობაზე საქართველოსთვის, ვსაუბრობთ მთლიან ტერიტორიაზე. მეხუთე მუხლი ნატო-ს მთავარი ელემენტია, სწორედ კოლექტიურ თავდაცვაზე დგას ალიანსი, შესაბამისად, ჩვენ ვაღიარებთ მის მნიშვნელობას.

ეს არ არის საკითხი, რასაც ნატო განიხილავს. ეს ნატოს დღის წესრიგში არ დგას. ვფიქრობ, კარგია ექსპერტების მხრიდან სხვადასხვა გზაზე ფიქრი, მაგრამ ნატო-ს გადმოსახედიდან ეს არ არის ერთ-ერთი არჩევანი", - განუცხადა პუგლისმა "ინტერპრესნიუსს".

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მისი შეფასებით, დღესდღეობით რა მთავარი გამოწვევები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, როზარია პუგლისმა უპასუხა, რომ მთავარი გამოწვევა ორი რეგიონის კონტროლია გარე ძალების მიერ და ასევე, ბორდერიზაციის პროცესი. მისი თქმით, ეს მხოლოდ დიპლომატიურად შეიძლება გადაწყდეს.

"ამას ძალიან მძიმე გავლენა აქვს იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის არეალში ცხოვრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ყველას ესმის, რომ ეს სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ დიპლომატიურად, დიალოგით და საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყდეს. საქართველომ ბევრი იმუშავა იმ სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელიც მოერგებოდა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ყველა უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელსაც ის სტრატეგიით ახორციელებს უკეთესი მომავლისთვის. ამავდროულად, ჩვენ, ნატო ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო ძლიერი და უნარიანი, დაიცვას თავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პუგლისმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით