EMC-ი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის გომელაურის და გოგაშვილის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

EMC-ი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის გომელაურის და გოგაშვილის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს

"ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს.

სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული და მასში გომელაური რამდენიმე შეკითხვას პასუხობს:

"ვახტანგ გომელაური აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ {სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე} მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დასაკავებული პირების ა. ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი, რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპარტამენტის უფროსს დეტალური ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა. ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა", - ორგანიზაციის ინფორმაციით, ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

ამასთან, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შეკითხვაზე: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდ-ი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი, გომელაური აღნიშნავს: "ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება". რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის, სუსი-ის ყოფილი უფროსის თქმით, "რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა".

"როგორც ვიცი, თანამშრომლებს ზეპირად გააცნეს საქმის ვითარება", - აღნიშნავს გამოკითხვისას გომელაური.

გომელაურს შეკითხვას უსვამენ იმაზეც, თუ რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია და რატომ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რაზეც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასე პასუხობს: "პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან , დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის".

გარდა ამისა, კითხვაზე: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე, გომელაურის თქმით, "შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა".

გამოკითხვის ოქმის თანახმად, გომელაურის მიმართ მეტი კითხვა არ დასმულა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.

ამასთან, გოგაშვილი აღწერს, რომ 20015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი. გოგაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სუს-ის მაღალჩინოსნის, ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ,ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი კი დათარიღებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოთი და ის ასეთი შინაარსისაა: "ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები.

21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა. ამ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლია იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრების უზრუნველყოფდნენ. ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული", - ნათქვამია ჩიმაკაძის დაკითხვის ოქმში.

რაც შეეხება სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმს, ის თარიღდება მიმდინარე წლის 16 აგვისტოთი.

"პ. ჯაჭვაძე არის კტც-ს უფროსის მოადგილე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა დუისში მყოფ კტც-ს საგამოძიებო ჯგუფს 2017 წლის 26 დეკემბერს. ჯაჭვაძე უთითებს, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი იყო, რომ დუისში ჩასვლისთანავე დასაკავებელი პირების საცხოვრებელ სახლებში შევიდოდა სოდ-ი, რათა შეექმნათ უსაფრთხო გარემო და ამის შემდგომ შევიდოდა საგამოძიებო ჯგუფი. გეგმისამებრ დუისში ჩასვლისთანავე საგამოძიებოჯგუფი პ. ჯაჭვაძის ხელმძღვანელობით განთავსდა დუისის შესასვლელთან და დაელოდა სოდ-ის შემდგომ მითითებებს. პ. ჯაჭვაძის განმარტებით, სპეცოპერაცია დაიწყო დაახლოებით 03:30 საათიდან, დაახლოებით 15-20 წუთში მას რაციით სპეცრაზმელმა (არ იცის ვინ) შეატყობინა, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო დაჭრილი და სჭირდებოდათ დახმარება. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სოდ-ის უფროსმა უთხრა (არ უთითებს რაციით გადასცა თუ ტელეფონით), რომ დაჭრილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც არ დაემორჩილა სპეცრაზმელის ბრძანებას და შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას. სოდ-ის უფროსმა აგრეთვე მიუთითა, რომ დაჭრილს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენს სპეცრაზმის სამედიცინო რაზმის წევრები და სასწრაფო დახმარებაც გამოძახებული იყო.

საგამოძიებო ჯგუფის წევრებს დაჭრილის სახლში შესვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ მას შემდეგ, რაც გამნაღმელების მიერ დათვალიერდებოდა ობიექტი (ხელყუმბარა) და შეიქმნებოდა უსაფრთხო გარემო. პ.ჯაჭვაძის განმარტებით, ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ მან და მისმა ჯგუფმა დუისის შესასვლელიდან გადაინაცვლა თ. მაჩალიკაშვილის სახლთან და იქ ელოდებოდნენ სოდ-ის ნებართვას სახლში შესვლისა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე. მისი განმარტებით, 04:30 საათზე სოდ-ის უფროსმა მათ უთხრა, რომ თ. მაჩალიკაშვილი რეანომიბილით გაიყვანეს სახლიდან, უსაფრთხო გარემო იყო შემქნილი და საგამოძიებო ჯგუფს შეეძლო ჩხრეკის ჩატარება. პ. ჯაჭვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, პირდაპირ სატელეფონო კავშირზე იყო ი. ჩიმაკაძესთან და მას შემდეგ, რაც მან და მისმა ჯგუფმა ი.ჩიმაკაძესთან და ზედამხედველ პროკურორთან გაიარეს კონსულტაცია, მიიღეს გადაწყვეტილება შესულიყვნენ თ. მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და ჩაეტარებინათ ჩხრეკა. საქმის გამომძიებელმა ი. კოკაიამ ოჯახის წევრებს განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ოჯახის წევრები თავდაპირველად აპროტესტებდნენ, მაგრამ შემდგომ დათანხმდნენ და მ. მაჩალიკაშვილი დაესწრო ჩხრეკას. ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობის მიღების შემდგომ გამომძიებელმა გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები და დაიწყეს ჩხრეკა. თავად პ. ჯაჭვაძე არ მონაწილეობდა ჩხრეკაში, თუმცა რამდენადაც იყო ხელმძღვანელი პირი, შევიდა ოთახში, სადაც სროლა განხორციელდა, ნახა, რომ ხელყუმბარა განაღმულ მდგომარეობაში იდო შესასვლელი კარის ხელმარცხნივ პატარა ნოხზე, ხელყუმბარას ის არ შეხებია და არ იცის, იყო თუ არა მასზე სისხლის კვალი. პ. ჯაჭვაძის მიმართ სხვა კითხვები არ დასმულა", - ნათქვამია ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმში.

იხილეთ ასევე: "თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია"

"ინტერპრესნიუსი"